ჯერ ერთი, გამოგადგება:
პოლონურ ენაზე მსოფლიოში დაახლოებით 45 მილიონი ადამიანი საუბრობს. ამავე დროს, საქართველოში ის ჯერ კიდევ სათანადოდ პოპულარული არ არის. ეს კი პოლონური ენის მცოდნე პროფესიონალებზე საბაზრო მოთხოვნას ზრდის.
მეორეც ერთი, პოლონურის სწავლა მარტივია:
თუმცა, გააჩნია, ვისთვის. მაგალითად, ინგლისურენოვანი ადამიანისთვის, რომელსაც სლავური ოჯახის არცერთ წევრ-ენასთან შეხება არ ჰქონია, პოლონური ერთერთი ყველაზე რთული სასწავლი ენაა. ქართველს მისი ათვისება შედარებით გაუმარტივდება: ცხადია, ამისთვის საჭირო არ არის, რუსულს სხლავდე, უბრალოდ, ენათა ნათესაური სიახლოვე თავის საქმეს შვება; მაგალითად, სახელის ბრუნება არც ისე უცხო დასასწავლი იქნება.
თუმცა, რიგ შემთხვევებში, შეიძლება, მოგეჩვენოთ, რომ უშუალოდ რუსული სიტყვების ცოდნა მხოლოდ შეგაფერხებთ, რადგან ფონეტიკურად მსგავსი სიტყვები რუსულში ერთს ნიშნავს, პოლონურში კი — სულ სხვა რამეს. მაგალითად, nagły პოლონურად ნიშნავს „უეცარს“, ხოლო რუსული наглый კი — „თავხედს“. პოლონური zapomnieć ნიშნავს „დავიწყებას“, რუსული запомнить კი — „დამახსოვრებას“. პოლონური woń ნიშნავს „კარგ სუნს“, რუსული вонь კი — „სიმყრალეს“. და პოლონური sutki „ძუძუსთავებია“, რუსული сутки კი — „დღე‐ღამე“. ასე რომ, ფრთხილად!
გარდა ამისა, თანამედროვე პოლონური ლათინური წარმოშობის და ასევე თანამემდროვე საერთაშორისო სიტყვებითაა სავსე, რაც სწავლას გაამარტივებს.
პოლონურის ცოდნა იმაზე მეტად გამოგადგება, ვიდრე ფიქრობ:
პოლონური დასავლურ-სლავურ ენათა ოჯახს განეკუთვნება; ამიტომ მისი ცოდნა გზას გაგიკვალავს, ჩეხური ან სლოვაკური ენა გაცილებით მარტივად აითვისო. მეტიც: ის უკრაინულთანაც შედარებით ახლოს დგას; ამიტომ პოლონურის ცოდნა მომავალი პოლიგლოტისთვის კარგი დასაწყისი შეიძლება, აღმოჩნდეს.
და ბოლოს, პოლონურის სწავლა სასიამოვნოა:
პოლონური ენა უნიკალური ჟღერადობისაა. მისი სპეციფიკური ბგერების ათვისება თავშესაქცევი და აზარტული საქმეა, რომლითაც შემდეგ იამაყებ.
გარდა ამისა, საქართველოში მყოფი პოლონელების, მოგზაურობის თუ სასწავლო-სასტიპენდიო პროგრამების დახმარებით, შესაძლებლობა მოგეცემა, უშუალო კავშირი დაამყარო პოლონელებთან და პოლონური კულტურაც უფრო ახლოს გაიცნო. ეს კი ცალკე ახალი სამყაროა.