ევროპის ბევრი ქვეყნის მსგავსად, პოლონეთში საშობაო პერიოდი ყველაზე ტკბილი დროა. მთავარ მოედნებზე ბაზრობები ეწყობა, სადაც დახლებზე უამრავი მადისაღმძვრელი ნუგბარია გამოტანილი. სახლებში სხვადასხვა ტკბილეული სადღესასწაულო სუფრას ამშვენებს. რა ტრადიციულ დესერტებს ამზადებენ პოლონელები საახალწოდ?
მაკოვიეცი (makowiec) — ყაყაჩოს თესლით გაკეთებული რულეტია. ზოგადად პოლონეთში ყაყაჩოს თესლი ძალიან უყვართ და ამ რულეტს არა მხოლოდ საშობაოდ, არამედ წელიწადის ნებისმიერ დროს მიირთმევენ, თუმცა სადღესასწაულო განწობას განსაკუთრებით უხდება მაკოვიეცის ნაჭერი ჭიქა ცხელ ღვინოსთან, გჟანიეცთან (grzaniec), ერთად.
პიერნიკი (piernik) — აი, ეს კი ნამდვილად საშობაო სუფრისთვის დამახასიათებელი ნამცხვარია. თაფლაკვერების ტრადიცია ევროპაში ჯვაროსნების ლაშქრობას უკავშირდება, რომლის ერთერთი შედეგი სანელებლების გავრცელებაა. ამ სანელებლებს ნამცხვრის ცომში უკრეს თავი, დაატკბეს და ასე მიიღეს ყველასათვის საყვარელი საშობაო თაფლაკვერი. პოლონეთში საუკეთესო პერნიკს ქალაქ ტორუნში აცხობენ, სადაც ამ ტკბილეულის მუზეუმიც კი არსებობს.
სერნიკი (sernik) პოლონური ხაჭოს ნამცხვარია. მისი უამრავი სახეობა არსებობს, ტრადიციულით დაწყებული, ნიუ-იორკულით დამთავრებული, მაგრამ სტრუქტურა ყოველთვის ერთნაირი აქვს — თხელი ტკბილი ცომის ძირი და ჰაეროვანი მსუყე ზედა ფენა, ზემოდან კი — მოსართავი. ყველაზე ცნობილ კრაკოვურ სერნიკის ქიშმიშს უმატებენ და ზემოდან უჯრედებიანი ორნამენტით რთავენ.
კუტია (kutia) პოლონეთის აღმოსავლეთში, ასევე უკრაინასა და ბელორუსიაში გავრცელებული მარცვლეულის პუდინგია. პოლონეთში მას შობის ღამის სუფრაზე პირველს დებენ. ამ ჯანსაღ დესერტში შერეულია ხორბლის მარცვალი, ქერი, კაკალი, ყაყაჩოს თესლი და სხვადასხვა ჩირი, დამტკბარია თაფლით. ამ კერძის მომზადებას 3 საათამდე სჭირდება, რადგან მარცვლეული კარგად უნდა გაზავდეს ერთმანეთში, მაგრამ კუტია იმდენად განსაკუთრებული და ჯანსაღია, რომ მასზე ნამდვილად ღირს დროის დახარჯვა.