8.01.2019 მოვლენები, სიახლეები

5 მიზეზი, რატომ უნდა ვნახოთ გდანსკი

გდანსკი (Gdańsk) პოლონეთის ერთერთი ყველაზე საინტერესო ქალაქია, თუმცა ტურისტებში ჯერჯერობით ისევ ნაკლებად პოპულარულია, რადგანაც პოლონეთში ვიზიტისას უმრავლესობა თავის მარშრუტში დედაქალაქს, კრაკოვს და ვროცლავს სვამენ.

აქ მოგიყვებით რამდენიმე მიზეზს, რატომ არ უნდა გაუშვათ ამ ქალაქის ნახვის შანსი პოლონეთში ვიზიტისას:

მდიდარი ისტორია

გდანსკს ვრცელი და ჩახლართული ისტორია აქვს. ის პირველად 997 წელს გვხდება ისტორიულ წყაროებში, როგორც ქალაქი. შემდეგ ის იყო პოლონური სამეფოს ნაწილი, ევტონური ორდენის ტერიტორია; გდანსკი ერთერთი სადავო მიწა იყო ცამეტწლიანი ომის დროს. შემდეგ ისევ პოლონური სამეფოს შემდაგენლობაში დაბრუნდა. მოგვიანებით ჟეჩ პოსპოლიტას შემადგენლობაშიც შევიდა, შემდეგ პრუსიის სამეფოში, ცოტა ხანს თავისუფალი ქალაქის სტატუსი ჰქონდა, თუმცა მოგვიანებით კვლავ პრუსიის შემადგენლობაში დაბრუნდა და შემდეგ უკვე გერმანიის იმპერიაში. მცირე ხნით ვეიმარის რესპუბლიკაში იყო; ქალაქი 1945 წელს კვლავ დაუბრუნდა პოლონეთს.

არქიტექტურა

გდანსკი (მაშინ დანციგი) XII – XVII საუკუნეებში ევროპის სავაჭრო ქალაქების კავშირის (ჰანზა) ნაწილი იყო ისეთ ქალაქებთან ერთად, როგორიცაა კიოლნი, ლიუბეკი, რიგა და ტარტუ. ჯერ კიდევ შესაძლებელია, გდანსკში ჰანზის არქიტექტურის მაგალითების ნახვა, თუმცაღა შენობების უმეტესობა ორიგინალი არ არის, ვინაიდან 1945 წლის დაბომბვის შედეგად ქალაქის ცენტრი თითქმის მთლიანად განადგურდა.

ომის შემდეგ შენობები აღადგინეს და დღეს ძალიან რთულია, მიხვდეთ, რომ პატარა სახლები სამკუთხა სახურავებით დლუგი ტარგის (Długi Targ) ქუჩაზე მე-20 საუკუნეშია აშენებული, თუკი, რა თქმა უნდა, გდანსკის ისტორია კარგად არ იცით. ზოგიერთ ეკლესიასთან შესაძლებელია, ნახოთ ფოტოები, როგორ გამოიყურებოდა ესა თუ ის შენობა დაბომბვის შემდეგ და მიხვდეთ, რამხელა ძალისხმევა დაიხარჯა იმისთვის, რომ გდანკის მშვენიერი სახე აღედგინათ.

ზღვა, მდინარე და ზღვის პროდუქტები

დლუგა (Długa) ქუჩა, გდანსკის მთავარი ქუჩა მოტლავა მდინარეს მიუყვება. აუცილებლად გაისეირნეთ ფეხით ამ ქუჩაზე, წაიხემსეთ ერთერთ ღია ტერასიან რესტორანში და დატკბით არაჩვეულებრივი ხედით, ან საერთოდაც ნავით გაისეირნეთ ვესტერპლატისკენ. თუ ზღვა უფრო გხიბლავთ, ბჟეზნოსკენ (Brzeźno) მიმავალ ნებისმიერ ტრამვაის გაყევით წლის ნებისმიერ დროს ან ზაფხულში სტოგიმდე (Stogi) მიმავალ ტრამვაის, რადგანაც ეს ყველაზე პოპულარული პლაჟია. თუ გდანსკში მოხვდით, არ გამოტოვოთ უგემრიელესი ზღვის პროდუქტებისგან დამზადებული კერძების დაგემოვნების შანსი. ბევრ კაფეში ახლადდაჭერილ თევზს თქვენს თვალწინ დაბრაწავენ.

საინტერესო გარეუბნები

თუ დრო ამის საშუალებას გაძლევთ, გდანსკის ისტორიული ნაწილის დათვალიერების შემდეგ შეგიძლიათ, სხვა კიდევ უფრო ნაკლებად ტურისტული ადგილებიც ნახოთ, როგორიცაა ოლივა, საუცხოო პარკით და XII საუკუნეში დაარსებული ცისტერციანების ორდენის ეკლესიით სადაც განთავსებულია უზარმაზარი 7,876 მილისგან შემდგარი ორღანი. მისი მოსმენა მესის დროს არის შესაძლებელი ან კიდევ ნახევარსაათიან კონცერტზე, რომელიც ზაფხულში იმართება.

იელიტკოვოში (Jelitkowo) ნახავთ მეთევზეთა ძველებურ ფიცრულ სახლებს. ვჟეშჩში (Wrzeszcz) შეგიძლიათ, ისეირნოთ და მეცხრამეტე საუკუნის ქვის სახლები დაათვალიეროთ.

ვესტერპლატე, ნახევარკუნძული ბალტიის ზღვაში, არის ადგილი, სადაც მეორე მსოფლიო ომის დროს პირველი თავდასხმა მოხდა. აქ შეგიძლიათ, ეწვიოთ ძეგლს, რომელიც ომის დროს დაღუპული მეომრების ხსოვნას მიუძღვნეს და ნახოთ ექსპოზიცია, რომელიც ამ ისტორიულ ფაქტს აღწერს. აქ შეგიძლიათ, მოხვდეთ ავტობუსით ან სულაც პატარა გემით, ოღონდ ზაფხულში.

მუზეუმები

კულტურის მოყვარულთათვის გდანსკი ნამდვილი აღმოჩენაა. აქ არის ნაციონალური მუზეუმი, სადაც ჰანს მემლინგის „საშინელი სამსჯავრო“ ინახება. ასევე შეგიძლიათ, ეწვიოთ ქარვის მუზეუმს, ზღვის მუზეუმს ან ისტორიულ მუზეუმს. არ გამოგრჩეთ დლუგა ქუჩაზე თავისუფალი ქალაქი დანციგის მუზეუმი, სადაც წარმოდგენილია ამ ეპოქის ყოფა და ინტერიერული დიზაინები.

რვაწლიანი მშენებლობის შედეგად 2017 წლის იანვარში, როგორც იქნა, გაიხსნა მეორე მსოფლიო ომის მუზეუმი. ძალიან საინტერესოა გდანსკის გემთსაშენი ნაწილით, სადაც ასევე მდებარეობს ევროპული სოლიდარობის ცენტრი. მუდმივმოქმედი გამოფენა ეძღვნება ოპოზიციურ მოძრაობათა ისტორიას ევროპაში.

არ დაგავიწყდეთ, რომ გდანსკში მოხვედრა უკვე ქუთაისიდან WizzAir-ით არის შესაძლებელი, საკმაოდ მისაღებ ფასად ზაფხულში.

Gdańsk / Gdansk
Scheduled მოვლენები სიახლეები