პოლონეთის ხსენებისას ტატრები შეიძლება, არც გაგახსენდეს, სინამდვილეში კი ეს ქვეყნის ერთერთი უდიდესი ტურისტული ლოკაციაა. კრაკოვისგან მხოლოდ ორი საათის გზაზე, სლოვაკეთისა და პოლონეთის საზღვარზე, გადაჭიმულია კარპატების ყველაზე მაღალი მთის მასივი. ტატრების ერთერთი მთავარი პიკი, რისი (Rysy), პოლონეთის უმაღლესი წერტილია და 2499 მეტრს აღწევს. მაგრამ ტატრებში მოგზაურობით დასატკბობად არაა აუცილებელი, გამოცდილი ალპინისტი იყო. აქ საკუთარ ბილიკს ყველა მოგზაური მიაგნებს.
ტატრების ეროვნული პარკი მთელი წლის განმავლობაში მნახველს მრავალფეროვნებით ახარებს. ზამთრის სპორტის მოყვარულებს მთის მასივისგან ნახევარი საათით დაშორებული ქალაქი ზაკოპანე (Zakopane) მასპინძლობს. აქვე მდებარე კასპროვი ვიერხიდან (Kasprowy Wierch), დასავლეთ ტატრების ყველაზე გრძელი ფერდობიდან, ჩამოსრიალებისას შეგიძლია, ორ ქვეყანაში, პოლონეთსა და სლოვაკეთში, გაიარო.
სათხილამურო ტრასების სიმრავლის გარდა, ზაკოპანე ადგილობრივი კულტურითაც მოგხიბლავს, რადგან აქ მრავლადაა ხის სახლები, რომლებსაც არქიტექტორები ცალკეულ, „ზაკოპანეს სტილს“ მიაკუთვნებენ. ზოგიერთი მათგანი მუზეუმადაა გადაქცეული და მყუდრო გარემოში გეპატიჟება, მაგალითად, ვილა კოლიბა, სტილის მუზეუმი. ზაკოპანეში ყოფნისას აუცილებლად უნდა ისადილო კარჩმაში (karczma), დუქანში, სადაც ოჯახურად გაკეთებული მჟავე კომბოსტოს წვნიანით გაგიმასპინძლდებიან.
ზაფხულში ტატრები ლაშქრობის მოყვარულებს იზიდავს. სხვადასხვა სირთულის ბილიკს მთებში ჩაკარგულ ბუნებრივ საოცრებებთან მიყავხარ. ხოხოლოვსკა ხეობის (Dolina Chochołowska) მარშრუტი კარგი არჩევანია, რადგან 26 კილომეტრიან მონაკვეთზე კარგად ჩანს ტატრების ღირსებები. გზა ყვავილებიან მინდვრებს კვეთს, ნაკადულის გვერდით გადის და შემდეგ მთის კიდეზე მიგიძღვება.
ეს მარშრუტი კარგია დამწყებებისთვის, რადგან, რამდენიც არ უნდა გაიარო, აუცილებლად შთაბეჭდილებებით დატვირთული გამობრუნდები. უფრო გამოცდილ მოლაშქრეებს პიკებისკენ მიმავალი გზა, მეტსახელად „არწივების ბილიკი“ ტატრების თვალწარმტაც პანორამას გადაუშლის. ამ ბილიკზე კლდეზე ძრომიალი მოგიწევს, მაგრამ ხედი ნამდვილად ღირს გარჯად. არწივების ბილიკიდან კარგად ჩანს მწვანე ტბებიც.
სხვათაშორის, თუ მთების დაპყრობას ტბების აღმოჩენა გირჩევნია, შეგიძლია, ტატრების ყველაზე ცნობილ სალაშქრო მარშრუტს, ჰალა გონშენიცოვა (Hala Gąsienicowa) — ზავრატი (Zawrat), დაადგე და ოთხი სხვადასხვა ფერის ულამაზესი ტბა ნახო, რომელთა შორის ყველაზე დიდი ჩარნი სტავ გონშენიცოვი (Czarny Staw Gąsienicowy) კაშკაშა მწვანე ფერის ტბაა.