„დეკალოგი“ ცნობილი პოლონელი რეჟისორის, ქშიშტოფ კიეშლოვსკის (Krzysztof Kieślowski), ერთერთი ყველაზე პოპულარული ნამუშევარია. „დეკალოგი“ ათი სატელევიზიო ერთსაათიანი ფილმის კრებულია. სერიის ინსპირაცია ათი მცნებაა, თუმცა ის ზუსტად არ მიყვება თითოეულ ბიბლიურ მცნებას. მიუხედავად ამისა, ფილმებში ვხვდებით ისეთ თემებს, როგორიცაა სიხარბე, მკვლელობა, სასჯელი, ოჯახი, იდენტობა ეჭვიანობა, სექსი, სიყვარული და ვნება.
თითოეულ ფილმში გმირები ერთ ან რამდენიმე მორალური ან ეთიკური დილემის წინაშე დგებიან და რთული გადაწყვეტილებების მიღება უხდებათ.
ისტორიები განსხვავდება, თუმცა მათ რამდენიმე რამ აერთიანებს: მოქმედების დრო და ადგილი; ხშირად კი ფილმებში სხვადასხვა სერიიდან პერსონაჟები იკვეთებიან, ხანდახან შეუმჩნევლადაც კი; კიდევ ერთი რამ — ყველა ფილმში უცნაური ფიგურა ჩნდება, რომელიც კინოკრიტიკოსებმა ახსნეს, როგორც „ანგელოზის გამოჩენა“.
როგორც კიეშლოვსკი თავის წიგნში წერდა, „დეკალოგი“ ეს არის მცდელობა ათი ისტორიის მოყოლისა, ისტორიისა, რომელიც ნებისმიერს შეიძლება, გადახდეს.
„ეს არის ისტორიები ადამიანებზე, რომლებიც ცხოვრების ტყვეობაში აღმოჩნდნენ, თუმცა უეცარი უცნაური გარემოებების შედეგად ისინი აღმოაჩენენ, რომ ერთსა და იმავე ადგილს ტკეპნიან და მნიშვნელოვანი მიზნების შესახებ აღარაფერი ახსოვთ“, — წერს ის და ამატებს, რომ ადამიანები ზედმეტად ეგოისტები გახდნენ, მხოლოდ საკუთარ თავზე კონცენტრირდებიან, საკუთარ საჭიროებებზე.
„თითქოს საკმაოდ ბევრს ვაკეთებთ ახლობლებისთვის, თუმცა, როდესაც საღამო დგება, აღმოჩნდება, რომ ძალა და დრო აღარ გვაქვს, ჩავეხუტოთ, მოვეფეროთ მათ და რაიმე თბილი ვუთხრათ. ამისთვის ცხოვრებისეული ენერგია არ გვყოფნის. ჩვენ აღარ გვაქვს უნარი, გამოვხატოთ ნამდვილი გრძნობები, ცხოვრება კი გადის ამასობაში“.
სერიის გადაღებას 11 თვე დასჭირდა. 8 ფილმზე სხვადასხვა ოპერატორი მუშაობდა, დანარჩენ ორზე კი — კიდევ ერთი. მუსიკაზე, რა თქმა უნდა, ზბიგნევ პრაისნერმა (Zbigniew Preisner), კიეშლოვსკის საყვარელმა კომპოზიტორმა, იმუშავა.
„დეკალოგი“ 1989 წელს გამოვიდა და რამდენიმე ჯილდო მიიღო, მათ შორის ვენეციის კინოს ფესტივალის ჯილდოები. ის დადებითად შეაფასეს ისეთმა ადამიანებმა, როგორიც რეჟისორი სტენლი კუბრიკია, ასევე ფილმის კრიტიკოსებმა როჯერ ებერტმა და რობერტ ფულფორდმა.