აქაურობას „ათასი ტბის მხარეს“ ეძახიან, მაგრამ სინამდვილეში აქ 2000-ზე მეტი ტბაა, რომელიც ერთმანეთს არხებითა და მდინარეებით უკავშირდება. პოლონეთის გარეთ ნაკლებად ცნობილი მაზურიას (Mazury) ოლქი მსოფლიო ბუნების საოცრებების 28 ფინალისტში მოხვდა. ტურისტებიდან აქ ძირითადად პოლონელები და გერმანელები ჩამოდიან, არადა მაზურიას ოლქი დიდ ქალაქებთან, ვარშავასთან და გდანსკთან საკმაოდ ახლოსაა. სახელწოდება მაზურელების, სუბ-ეთნიკური ჯგუფის, სახელიდან მომდინარეობს. მაზურელები მრავლად ცხოვრობდნენ ტბების ოლქში და საკუთარ დიალექტზე საუბრობდნენ.
მოსანახულებლად საუკეთესო სეზონი ზაფხულია, როცა შეგიძლია, ნავი იქირავო და თავგადასავლების საძიებლად გაეშურო. აქ მარტივია, დაკარგო დროის შეგრძნება, განსაკუთრებით იმ ადგილებში, სადაც მოტორიანი ნავებით მოძრაობა აკრძალულია — მაგალითად, ნიძკიე (Nidzkie) ან ლუკნაინო (Luknajno) ტბებზე. ეს უკანასკნელი მყუდრო ადგილი UNESCO-ს ბიოსფერული ზონაა, სადაც განმარტოვებას მხოლოდ ფრინველები აფრთხობენ. მაზურიას ოლქში ფრინველების 95-მდე სახეობა ბუდობს, მათზე დასაკვირვებლად სპეციალური კოშკურებია მოწყობილი. სწორედ ფრინველებია მაზურიას ოლქის მთავარი სიმბოლო, რომელსაც ადგილობრივი ხალხურ ნაწარმშიც შეხვდები. სამახსოვრო საჩუქრის სახით შეგიძლია მერქნისგან და გირჩებისგან დამზადებული ყანჩას წამოღება.
ტბების ოლქს მდიდარი ისტორია აქვს. მე-15 საუკუნეში პოლონელებმა სწორედ აქ დაამარცხეს ტევტონთა ორდენის რაინდები, თუმცა არ გაუნადგურებიათ მათი ციხესიმაგრე, რომელიც რინსა (Ryn) და ოლოვის (Ołów) ტბებს შორის დგას. ციხესიმაგრე ამჟამად სასტუმროა, თუმცა აქ დასახლებისას გაითვალისწინე, რომ გადმოცემით მასში ჯერ კიდევ სახლობენ ტევნტონთა სულები. კიდევ ერთი ისტორიული ადგილი უკვე მე-20 საუკუნეს ეკუთვნის, „Wolfsschanze“, მგლის ბუნაგი, საიდანაც ადოლფ ჰიტლერი სამხედრო კამპანიებს გეგმავდა და სადაც მასზე წარუმატებელი თავსდასხმა განხორციელდა.
სექტემბერ-ოქტომბერში მაზურიას ოლქის ტყეები ოქროსფრად იმოსება. პიშის (Pisz) ტყე ცხოველთა უამრავი სახეობის სამფლობელოა, თუმცა კეთილგანწყობილ ადამიანსაც მიესალმება, რადგან მდიდარია ნაირ-ნაირი სოკოებითა და კენკრით. მაზურიას ოლქი ტურისტებში სწორედ ბუნებასთან სიახლოვით ფასობს, ამიტომ დასარჩენად საუკეთესო ადგილები ფერმებია, ჰოსტელების მსგავსი კომუნალური სამზარეულობითა და ადგილობრივი ახალი პროდუქტებით.