22.05.2019 მოვლენები, სიახლეები

პოლონეთის გამორჩეული ციხე-სიმაგრეები

Poland, castle in Malbork / Zamek w Malborku

 

მე-13–მე-14 საუკუნეები პოლონეთის ისტორიაში აღზევების პერიოდია. ამ დროს ქვეყანა ეკონომიკურადაც განვითარდა და სხვა ქვეყნებთან კავშირებიც შეამჭირდროვა. წინსვლა არქიტექტურასაც შეეხო – სწორედ ამ პერიოდს ეკუთვნის პოლონეთის ბევრი ღირსშესანიშაობა. მეფეები და გავლენიანი დიდებულები განსაკუთრებულ ყურადღებას ციხესიმაგრეების აშენებას უთმობდნენ, რადგან დამპყრობლებისგან თავდაცვა მათთვის პირველ ადგილზე იდგა. ამ პერიოდის ბევრი ციხესიმაგრე ახლაც ამშვენებს პოლონეთის სხვადასხვა კუთხეს.

პოლონური ჰოგვარტსი, ჩოხას (Czocha) ციხე სამხრეთ-დასავლეთში მდებარეობს. ეს კომპლექსი მეცამეტე საუკუნეში ბოჰემიის მეფემ შეუკვეთა. მას შემდეგ ციხესიმაგრემ რამდენჯერმე გამოიცვალა პატრონი, მეორე მსოფლიო ომის დროს კი არაერთხელ გაიძარცვა, თუმცა აღდგენის შემდეგ ისევ ამაყად იყურება კლდიდან. „ჰოგვარტსად“ კი იმიტომ მოიხსენებენ, რომ ამჟამად live action role playing (LARP) თამაშებს მასპინძლობს, სადაც სტუმრებს შეუძლიათ, ჯადოსნური სამყაროს ნაწილი ისტორიულ ადგილზე გააცოცხლონ.

ოგროჯენიეცი (Ogrodzieniec) ციხესიმაგრეც შთაგონების ადგილია. მიუხედავად იმისა, რომ ეს ციხესიმაგრე ნახევრად დანგრეულია, მხატვრულ ღირებულებას მაინც ინარჩუნებს. მასიური კედლები და კოშკურები ახლაც კარგადაა შემორჩენილი. 1984 წელს Iron Maiden-მა სასახლე Hallowed Be Thy Name მუსიკალურ კლიპში გამოიყენა. გასაკვირიც არაა, რადგან ლეგენდების თანახმად, ციხესიმაგრე ბნელი ძალების შეკრების ადგილია: მაგალითად, ღამღამობით აქ უზარმაზარი შავი ძაღლის აჩრდილი დადის, კისერზე სქელი ჯაჭვით.

აი კვიძინის (Kwidzyn) ციხესიმაგრე კი კარგად ერწყმის თანამედროვეობას. ის ქალაქის შუაგულში დგას და თანამედროვე შენობებითაა გარშემორტყმული. სამაგიეროდ, სტილით მე-14 საუკუნის კლასიკური ნიმუშია – მთლიანად წითელი აგურით ნაგები, წაწვეტებული სახურავებითა და პატარა ხიდით. ამ ციხესიმაგრეს საიდუმლოც აქვს – კატაკომბების სისტემა.

და ბოლოს, თუ გინდა, ნახო როგორ ირეკლება ისტორია წყალში, მოინახულე მე-13 საუკუნის, ტევტონთა რაინდების სასახლე მალბორკში (Malbork). ეს უზარმაზარი, კარგად შემორჩენილი კომპლექსი მდინარე ნოგატის გაყოლებაზეა გადაჭიმული და ჯამში 21 ჰექტარს იკავებს, რაც მას ევროპის ყველაზე დიდ ციხესიმაგრედ აქცევს.

Scheduled მოვლენები სიახლეები