გდანსკი ის ქალაქია, რომელიც სასიამოვნოდ გაკვირვებულს დაგტოვებს. ერთ დროს ტურისტებისგან მივიწყებული საპორტო ქალაქი დღითი დღე უფრო პოპულარული ხდება. გასაკვირი არაა, რადგან გდანსკში ჩასვლა მარტივია და შაბათ-კვირაც საკმარისია, რომ ყველაფერი კარგად დაათვალიერო. გდანსკის მიმზიდველობას კი რამდენიმე მიზეზი აქვს.
გდანსკი ლამაზიცაა და ისტორიულიც. ქალაქის სავიზიტო ბარათი ფერადი აგურებით აშენებული სახლებია, უმეტესად – მე-17 საუკუნის სტილში აღდგენილი, თუმცა რამდენიმე უფრო ძველიც შეგხვდება. ცენტრალური ქუჩაა Ulica Długa („გრძელი ქუჩა“) მისი საფეხმავლო გაგრძელებით. „გრძელი ქუჩის“ ორივე ბოლო თაღოვანი კარიბჭეებითაა შემკული, რომლებშიც ოდესღაც პოლონეთის მეფეების პროცესია გადიოდა, ამიტომ ამ გზას ზოგჯერ „სამეფოსაც“ უწოდებენ.
ძველი ქალაქი მდინარიდან განსაკუთრებით ლამაზია, ამიტომ გირჩევ, მზიან დღეს მოლტავას (Mołtawa) მდინარეზე ნავით გაისეირნო და ბალტიისპირეთის ნიავიც ჩაისუნთქო. თუმცა გდანსკის სილამაზე მხოლოდ ძველ უბნებში არაა. ზასპას (Zaspa) უბანში შენობებზე ქუჩის ხელოვნებას დაათვალიერებ, სოლიდარობის მუზეუმში კი თანამედროვე არქიტექტურით დატკბები. სხვათაშორის, ამ მუზეუმში არა მხოლოდ არქიტექტურაა საინტერესო: აქ კომუნისტური რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლის ისტორიაა შეგროვებული.
კულტურული ღირშესანიშნაობების მოყვარულებს გდანსკის თეატრიც გაახარებს. ეს შექპირის Globe Theatre-ის ზუსტი ასლია და მთელი მსოფლიოს დასებს მაპსინძლობს. გარდა ამისა, გდანსკი ოდითგანვე ცნობილი მუსიკოსების ერთერთი საყვარელი სცენაა. 2008 წელს აქ დევიდ გილმორმა ლეგენდარული Live in Gdańsk ჩაწერა; ქალაქი ევროპულ ტურნეებში თითქმის ყოველ წელს მონაწილეობს. გდანსკიდან მეზობლად კი, გდინიაში, ყოველ წელს იმართება Open’er ფესტივალი სადაც უამრავი არტისტი უკრავს.
გდანსკის საუკეთესო ხედს ქალაქის მთავარი ბორცვიდან, გურა გრადოვადან (Góra Gradowa), დაინახავ. აქედანვე კარგად ჩანს ძველი სამხედრო ბუნკერები, რომლებიც ახლა ჰობიტების დასახლებას უფრო ჰგვანან. საღამოს კი არხების პირას გაისეირნე და, თუ შეგცივდება, პატარა კაფეს ან ბარს შეაფარე თავი. გდანსკში საჭმელიც და ლუდიც ვარშავაზე დაახლოებით ერთი მეოთხედით იაფია.
რაც მთავარია, ჩრდილოეთ პოლონეთის ამ გამორჩეულ ქალაქში მოხვედრა ძალიან მარტივია: Wizzair-ის ქუთაისი-გდანსკის პირდაპირი რეისის ფასები სულ რაღაც 19 ევროდან იწყება.