7.01.2020 სიახლეები

ვიელიჩკის მარილის შახტა

Kopalnia Soli Wieliczka / Wieliczka Salt Mine

 

ვიელიჩკის მარილის შახტა მეცამეტე საუკუნეში აღმოაჩინეს და შვიდი საუკუნის განმავლობაში მუშავდებოდა. ვიელიჩკის შახტა ამავე სახელწოდების ქალაქში პოლონეთის სამხრეთ ნაწილში მდებარეობს. 1978 წლიდან ის იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების სიაშია. დღესდღეობით შახტაში მარილის მოპოვება არ ხდება. მისი მუშაობა 1996 წელს შეწყდა და დღეს პოლონეთის ერთერთ უმნიშვნელოვანეს ისტორიულ ძეგლს წარმოადგენს. მის ღირსშესანიშნაობებს შორის არის შახტები, ლაბირინთული ბილიკები, მარილის მოპოვების უძველესი ტექნოლოგიები, მიწისქვეშა ტბა, ოთხი სამლოცველო და უამრავი ძეგლი, რომელიც მეშახტეებმა მარილის ქვებისგან გამოთალეს.

ვიელიჩკის შახტა უამრავ ტურისტს იზიდავს. შახტა ბევრ დერეფანსა და გალერეებს მოიცავს. მისი ფართობი 970 ჰექტარია, სიღრმე კი 327 მეტრს აღწევს. შახტის ინტერიერი უამრავ ხელოვანს იზიდავს. აქ ხშირად ეწყობა გამოფენები, კონცერტები, სალონური შეხვედრები და სხვა ღონისძიებები. აქვე შესაძლებელია თანამედროვე ხელოვნების მიერ შექმნილი ძეგლების ნახვაც.

შახტაში ტურისტებისთვის სხვადასხვა ბილიკის არჩევანია. მათ შორის ყველაზე პოპულარული — ზოგადი ტურისტული ბილიკია, რომელიც მრავალფეროვან სანახაობას მოიცავს, მათ შორის, სამლოცველოებს და ტბებს. ასევე შესაძლებელია მეშახტეების ბილიკის არჩევა, სადაც დაუვიწყარი თავგადასავალი გელით: აღმოაჩენთ უამრავ ისტორიულ ტრადიციას, რიტუალს, ნახავთ ლაბირინთებს, სხვადასხვა ტექნოლოგიას. ამ ბილიკზე მსვლელობის წინ თქვენ ჩაგაცმევენ სამუშაობ ფორმებს და მოგცემენ მეშახტეების აღჭურვილობას. ამ დროს თავს ტურისტად აღარ იგრძნობთ და უძველესი მარილის შახტის ნაწილი გახდებით. ეს ბილიკი მთავარი ტურისტული ბილიკისგან მოშორებით არის განთავსებული და შახტის რეალურ, პირვანდელ, სახეს გაჩვენებთ. თქვენ შეძლებთ მეთანის კოცენტრაციის გაზომვას, მარილის მოპოვებას და ტრანსპორტირებას და აღმოაჩენთ უამრავ საინტერესო დეტალს.

ბილეთების შეძენა ადგილზე, ასევე ონლაინ არის შესაძლებელი.

Kopalnia Soli Wieliczka / Wieliczka Salt Mine
Scheduled სიახლეები