დღეს, როდესაც პოლონეთის უკანასკნელი მეფისა და ლიეტუვას დიდი ჰერცოგის, სტანისლავ ავგუსტ პონიატოვსკის მიერ 3 მაისის კონსტიტუციის მიღების 230-ე წლისთავს ვზეიმობთ, უნდა გვახსოვდეს, რომ სწორედ ამ მოვლენამ განაპირობა ძალაუფლების გადანაწილება და სახელმწიფოს იმჟამინდელი სისტემის ცვლილება პოლონეთის რესპუბლიკის მკვიდრთა ნაწილობრივი თანასწორობის გზით. გარდა ამისა, ეს იყო უდიდესი ნების დემონსტრაცია და ავსტრიის, პრუსიისა და რუსეთის მიერ განხორციელებული პირველი, 1772 წლის დანაწევრების შემდეგ, დამოუკიდებლობის დაცვის საქმეში გადადგმული თამამი ნაბიჯი.
3 მაისის კონსტიტუცია და ორი ერის ურთიერთრწმუნების აქტი, რომლებიც დიდი სეიმის მიერ იყო მიღებული 1791 წლის 20 ოქტომბერს, წარმოადგენდა პოლონელი და ლიეტუველი ერების კავშირის სიმტკიცის მანიფესტაციას. ეს დადგენილება უზრუნველყოფდა, inter alia, პოლონეთისა და ლიეტუვას წარმომადგენელთა თანაბარ ჩართულობა-მონაწილეობას 1:1 პარიტეტის შესაბამისად. ამაყად შეგვიძლია ვთქვათ, რომ როგორც ერების, ისე სახელმწიფოთა ლიდერებმა, მიუხედავად ყველა განსხვავებისა, ეფექტურად მოახერხეს ერთობლივი მუშაობა მათი არსებობის მანძილზე ყველაზე გადამწყვეტ მომენტში. ეს მაგალითი ვარშავასა და ვილნიუსს შორის თანამშრომლობისა და მეგობრობის შთაგონების წყაროა დღემდე.
სამწუხაროდ, ამბიციური რეფორმების გეგმები, რომლებიც კონსტიტუციის საფუძველზე უნდა განხორციელებულიყო, 1792 წელს რუსეთის სამხედრო ინტერვენციის შედეგად ჩაიშალა. როგორც სამართლებრივმა აქტმა, 3 მაისის კონსტიტუციამ ოფიციალურად შეწყვიტა არსებობა 1793 წლის ნოემბერში, როდესაც რუსეთისა და პრუსიის მიერ მოწვეულმა სეიმმა გროდნოში რეზოლუცია მიიღო. იმავე წელს აღნიშნულმა ქვეყნებმა პოლონეთის რესპუბლიკა მეორედ დაანაწევრეს.
პოლონეთ-ლიეტუვას სახელმწიფოს 128-წლიანი გაუჩინარება ევროპის რუკიდან მესამე დანაწევრების შედეგად, 1795 წელს მოხდა, რომელშიც ავსტრია, პრუსია და რუსეთი მონაწილეობდნენ. საერთაშორისო სამართლის ყველა ნორმის უხეში დარღვევის შედეგად მიღებული დადგენილება, მხოლოდ პირველი მსოფლიო ომის შემდეგ გაუქმდა, როდესაც 1918 წელს პოლონეთმა და ლიეტუვამ დამოუკიდებლობა მოიპოვეს, როგორც ორმა სუვერენულმა სახელმწიფომ.
პოლონეთის დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, 3 მაისის კონსტიტუციის მიღების დღე 1919 წლიდან აღინიშნა. პოლონეთის სუვერენულ რესპუბლიკაში 3 მაისის ეროვნულ დღეს 1990 წლიდან ვზეიმობთ.