პოზნანის საერთაშორისო გამოფენა (MTP) ერთ-ერთი ყველაზე ძველი და ხანგრძლივი ისტორიის მქონეა ევროპაში. იგი 1921 წლით თარიღდება. ეს გამოფენა თავიდანვე გახდა ექსკლუზიური ადგილი, სადაც ღირებული სავაჭრო კონტაქტები მყარდებოდა და პოლონეთის ეკონომიკის ზრდას ეწყობოდა ხელი. მისი წყალობით, მეორე მსოფლიო ომამდე პოზნანი ევროპის მეოთხე უდიდესი საგამოფენო ცენტრი გახდა. დღეს, Grupa MTP პოლონეთის საგამოფენო ბიზნესის უდიდესი წარმომადგენელი და უდავო ლიდერია ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში.
დამოუკიდებლობააღდგენილ პოლონეთში პირველი გამოფენა პოზნანში არ უნდა ჩატარებულიყო. მიუხედავად იმისა, რომ ქალაქი აქტიურად ცდილობდა გამოფენის მასპინძლობას, გდანსკი, პოლონეთის უდიდესი სავაჭრო ცენტრი, ბუნებრივი კანდიდატი იყო. იქ 1920 წელს მაინც ჩატარდა ღონისძიება. თუმცა, მალევე გდანსკმა თავისუფალი ქალაქის სტატუსი მოიპოვა და გამოფენა წარმატებით ჩატარდა Wielkopolska-ს დედაქალაქში. ეს არ იყო შემთხვევითი არჩევანი. პრუსიის არსებობისას, პოზნანში ხშირად იმართებოდა სავაჭრო გამოფენები 1850 წლიდან, ყველაზე ცნობილი ღონისძიება კი 1911 წლით თარიღდება – აღმოსავლეთ გერმანიის მრეწველობის, ხელოსნობისა და სოფლის მეურნეობის გამოფენა.
ასე რომ, პოზნანელები ცნობილები იყვნენ თავიანთი ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობით, გამოცდილებითა და რეპუტაციით. მათ იცნობდნენ, როგორც კარგ ორგანიზატორებს. პოზნანელებს ასევე ჰყავდათ ედვარდ მაზურკევიჩი – ადამიანი, რომელიც 1917 წლიდან ცდილობდა მსგავსი გამოფენისთვის საფუძველის ჩაყრას. საბოლოოდ, პოზნანმა გამოფენას 1921 წლის 28 მაისს უმასპინძლა. ეს იყო “ნიმუშების გამოფენა” და პოლონური ინდუსტრიის მიღწევების პრეზენტაცია პოლონეთის მიწების ურთიერთინტეგრაციის მიზნით. ღონისძიებაზე 1200 კომპანიამ წარადგინა საქონელი და გამოფენა 40,000-მდე ვიზიტორი მივიდა. სპეციალურად ამ მოვლენისათვის პირველი ეროვნული ავიაკომპანია Aerotarg შეიქმნა, რომელიც პოზნანს, ვარშავასა და გდანსკს შორის ოპერირებდა. ერთი სოტყვით, პოზნანის პირველი გამოფენა ძალიან წარმატებული გამოდგა და უკვე 1921 წლის შემოდგომაზე პოზნანის გამოფენა დარეგისტრირდა, როგორც მუნიციპალური საწარმო.
1924 წლიდან, გამოფენა საზღვარგარეთაც გახდა ცნობილი და 1928 წელს მინისტრმა ეუგენიუშ კვიატკოვსკიმ იგი დაამტკიცა, როგორც ზოგადი და საერთაშორისო. პოზნანის გამოფენა UFI-ს – საგამოფენო ინდუსტრიის მსოფლიო ასოციაცია (დაფუძნდა 1925 წელს) – ერთ-ერთი დამფუძნებელი წევრიცაა. წლების განმავლობაში, პოზნანის საერთაშორისო გამოფენა იყო ფანჯარა მსოფლიოსთან, განსაკუთრებით კი დასავლეთის ფერად სამყაროსთან. სწორედ აქ, 1957 წელს, პოლონელებმა პირველად დააგემოვნეს კოკა-კოლა, 1929 წელს პირველად იხილეს ტელევიზორი, ხოლო 1956 წელს, ღონისძიებაზე მყოფი უცხოელი ჟურნალისტების წყალობით, მსოფლიომ პოლონელ მშრომელთა დიდი გაფიცვის შესახებ შეიტყო, რომელიც მაშინ სისხლით ჩაახშო ხელისუფლებამ.
პოზნანის გამოფენის 100-წლიანი ისტორიის განმავლობაში მან სხვადასხვა ეტაპები გაიარა. წარსულში, ეკონომიკურმა და პოლიტიკურმა სიტუაციამ მისი ჩატარება გაართულა ან შეუძლებელი გახადა. 2020 წელს მასზე გავლენა მოახდინა პანდემიამ, მაგრამ ასეთი განსხვავებული პირობების მიუხედავად, პოზნანის საერთაშორისო გამოფენა გადარჩა და 2021 წელს ჩვენ მისი 100 წლის იუბილეს აღვნიშნავთ.