გაყვითლებული, მძიმედ გაცრეცილი ბიბლია გადაშლილი იგავზე კეთილი სამარიტელის შესახებ და წითლად ხაზგასმული წარწერა: დიახ! – სწორედ ეს ექსპონატი მიდგება თვალწინ, როდესაც მეორე მსოფლიოს ომის დროს ებრაელთა გადამრჩენელი პოლონელების მუზეუმი მახსენდება, ანუ სამხრეთ პოლონეთში, სოფელ მარკოვაში მცხოვრები ულმების ოჯახი.
წმინდა ბიბლიის ზემოაღნიშნული ეგზემპლარი იუზეფ და ვიკტორია ულმების წყვილს ეკუთვნოდა. ისინი პოლონელი ფერმერები იყვნენ, რომლებმაც ებრაული წარმოშობის რვა თანამოქალაქე შეიფარეს საკუთარ სახლში: საულ გოლდმანი (ოთხი ვაჟით), გოლდა გრუნფელდი და ლეა დიდნერი (პატარა ქალიშვილთან ერთად). 1944 წლის 24 მარტის გამთენიისას, გერმანული გესტაპო ფერმაში შეიჭრა. ადგილზე დახვრიტეს იქ დამალული ებრაელები და მათი მასპინძლები. დაიღუპნენ არა მხოლოდ იუზეფი და მისი ორსული მეუღლე ვიკტორია, არამედ მათი ექვსი შვილიც.
ნაცისტური ოკუპაცია, ჰოლოკოსტი და პოლონელების წინააღმდეგ მასობრივი დანაშაულები უაღრესად მნიშვნელოვანია და ჯერ კიდევ მოუშუშებელი იარაა ჩემი სამშობლოს ისტორიაში. ბევრმა ჩემმა თანამემამულემ ულმების ოჯახის ბედი გაიზიარა. ყოველი წლის 24 მარტს ჩვენ სახელმწიფო მნიშვნელობის თარიღს, იმ პოლონელების ხსოვნის ეროვნულ დღეს აღვნიშნავთ, რომლებმაც ებრაელები იხსნეს გერმანიის ოკუპაციისას.
მეორე მსოფლიო ომის დაწყებამდე, პოლონეთში წარმომადგენლობითი ებრაული საზოგადოება ცხოვრობდა – ერთ-ერთი უდიდესი ამ ერის ისტორიაში. საუკუნეების განმავლობაში ებრაელები ნებით დასახლდნენ ჩვენს ქვეყანაში, რომლებმაც თავად უწოდეს პოლონეთს ყოვლისმომცველი სიტყვა “Polin”, (ითარგმნება როგორც “აქ დაისვენებ”). ისინი პოლონეთში მშვიდობისა და განვითარების შესაძლებლობებით ტკბებოდნენ, ხოლო ჩვენი დედაქალაქი ვარშავა 1930-იანი წლების ბოლოს ებრაელთა მეორე ყველაზე დიდი საცხოვრებელი ადგილი იყო მსოფლიოში, ნიუ-იორკის შემდეგ.
ებრაელთა ტოტალური განადგურების გერმანულ გეგმას, რომელიც გასაოცარი იყო თავისი არაადამიანური, მექანიკური, თითქმის ინდუსტრიული ხასიათით, უნდა გაეთვალისწინებინა აღნიშნული ფაქტები. სწორედ ამიტომ, ოკუპირებულ პოლონეთში ნაცისტებმა სიკვდილის ქარხნები შექმნეს: მასობრივი განადგურების ბანაკები, სადაც მესამე რაიხის მიერ ოკუპირებული ქვეყნებიდან ებრაელები გადაჰყავდათ. პოლონეთი საუკუნეების მანძილზე იყო განთქმული, როგორც ტოლერანტული ქვეყანა – სახელმწიფო, სადაც კულტურა და სოციალური ურთიერთობები ქრისტიანული ღირებულებებით ყალიბდებოდა. ამიტომაც, გერმანიის საოკუპაციო ხელისუფლება სერიოზულ წინააღმდეგობას ელოდა. შესაბამისად, ისინი სიკვდილით ემუქრებოდნენ ყველას, ვინც ჩვენს მიწაზე ებრაელს დაეხმარებოდა. მიუხედავად ასეთი მკაცრი სასჯელისა, ათასობით პოლონელმა ებრაელმა მიიღო დახმარება. მათ დაეხმარნენ გეტოდან გაქცევაში, გამოუყეს ფარული საცხოვრებელი ადგილები, მიაწოდეს საკვები, ფული და ყალბი დოკუმენტები.
ისტორიკოსები დღემდე აღადგენენ იმ წლების დრამატული მოვლენების მიმდინარეობას. ჯერჯერობით, 7000 პოლონელს, მათ შორის ვიკტორია და იუზეფ ულმებს, მიენიჭა ერთა შორის სამართლიანის წოდება იერუსალიმის იად ვაშემის ინსტიტუტის მიერ. პოლონელები ყველაზე დიდი ეროვნული ჯგუფია ამ ნუსხაში. პოლონეთის ხელისუფლება და სახელმწიფო ინსტიტუტები არ წყვეტენ ძალისხმევას იმ უცნობი, ხშირად ანონიმური გმირების უკვდავსაყოფად – განსაკუთრებით მათ, ვინც უდიდესი საფასური გადაიხადა თავგანწირვისა და გამბედაობისთვის.
ჩვენ, როგორც პოლონელები, ვამაყობთ იმით, რომ 2023 წლის 10 სექტემბრიდან ჩვენს თანამემამულეებს, ულმების ოჯახს კათოლიკური ეკლესია ნეტართა შორის მოიხსენიებს. ამ მოვლენის მნიშვნელობა სცილდება რელიგიურ განზომილებას. ეს ასევე იქნება ერთგვარი ხარკი იმ გმირებისთვის, რომლებიც კაცობრიობის უმაღლეს იდეალებს განასახიერებენ. მათი ამბავი მოწამეობის შესახებ შემაძრწუნებელი და ამავდროულად ამაღელვებელია, როგორც მოყვასის სიყვარულის გასაოცარი დემონსტრაცია. ეს ისტორია მთელმა მსუფლიო უნდა შეიტყოს. დაე, მან გარდაქმნას ადამიანთა გულები და გახდეს კაცთა შრის სოლიდარობის საყოველთაო მაგალითი.
ანდჟეი დუდა
პოლონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი
ტექსტი გამოქვეყნებულია პოლონური ყოველთვიური გაზეთის „Wszystko co Najważniejsze“, ეროვნული მეხსიერების ინსტიტუტისა და პოლონეთის ეროვნული ფონდის ერთობლივი პროექტის ფარგლებში.