Interview with the translator Katja Wolters on contemporary Polish literature.
თანამედროვე პოლონური ლიტერატურა
ზ.კ. კატია, ვიცი, რომ, როგორც პოლონური ლიტერატურის მთარგმნელი არა მარტო თვალს ადევნებთ მასში მიმდინარე პროცესებს, არამედ ხშირად ესწრებით პოლონეთსა და მის საზღვრებს გარეთ გამართულ პოლონური ლიტერატურის მთარგმნელთა კონფერენციებსა და მთარგმნელთა დახელოვნების კურსებს. გამომცემლობა „ინტელექტიც“ დიდი ინტერესით ადევნებს თვალს და გამოსცემს თანამედროვე პოლონურ ლიტერატურას, ამიტომაც, გადავწყვიტე, თქვენთან სწორედ მასზე მესაუბრა. ვიცი, რომ ეს ძალიან ვრცელი თემაა, ამიტომ, თუნდაც ზედაპირულად, იქნებ მისი ბოლო სამი დეკადისთვის მაინც გადაგვევლო თვალი.
კ.ვ. კეთილი. მოდით, ჩვენი მიმოხილვა გასული საუკუნის 80-იანი წლებიდან დავიწყოთ. 1980 წელს ემიგრაციაში მცხოვრები პოლონელი პოეტი და პროზაიკოსი ჩესლავ მილოში ნობელის პრემიის ლაურეატი ხდება. მის მშობლიურ ქვეყანაში კი, რომელსაც იმ დროისთვის პოლონეთის სახალხო რესპუბლიკა ჰქვია, კი ჯერ კიდევ ეწ. პრევენციული ცენზურა მოქმედებს. არსებობას განაგრძობს 1976 წელს დაარსებული ლიტერატურის ალტერნატიური გამოცემისა და გავრცელების, მარტივად რომ ვთქვათ იატაკქვეშა გამომცემლობათა ქსელი, რომელიც აქტიურად ვითარდება და განვითარების ამ პროცესს 1981 წლის 13 დეკემბერს გამოცხადებული საომარი მდგომარეობაც კი ვერ აფერხებს. პოლონური ლიტერატურა ჯერ კიდევ არ მოიაზრება ემიგრანტული ლიტერატურის გარეშე, რომლის საწყისი მე-19 საუკუნის ნოემბერში დაწყებული და მეფის რუსეთის წინააღმდეგ მიმართული ეროვნულ-განმათავისუფლებელი აჯანყების დამარცხებით თარიღდება. აჯანყების დამარცხების შემდეგ თავისუფალმა პოლონეთმა და მისმა კულტურულმა, უპირველეს ყოვლისა კი ლიტერატურულმა ცხოვრებამ ემიგრაციის დიდ ტალღასთან ერთად მეტაფორულად პარიზში გადაინაცვლა. განსაკუთრებით მეორე მსოფლიო ომის შემდეგ სწორედ პარიზსა და ლონდონში (შეერთებულ შტატებშიც, თუმც უფრო დიდი მნიშვნელობა მაინც პარიზულსა და ლონდონურ გამოცემებს ენიჭებოდა) გამოიცემოდა ცენზურისგან თავისუფალი პოლონური ლიტერტურა. ემიგრაციაში ბევრი საუკეთესო მწერალი, პოეტი, დრამატურგი და პუბლიცისტი წერდა. გავიხსენოთ თუნდაც ვიტოლდ გომბროვიჩი, ჩესლავ მილოში, იუზეფ ჩაპსკი, იუზეფ მაცკევიჩი, მარეკ ჰლასკო, სტანისლავ ლემი, სლავომირ მროჟეკი.
რაც შეეხება პოლონეთში მცხოვრებ ლიტერატორთა შემოქმედებას, მიუხედავად ისტორიული და პოლიტიკური კონტექსტის უნიკალურობისა, მასში ტრადიციების გაგრძელების მცდელობა გაცილებით სჭარბობდა რადიკალურად ახალი მიმართულებების ჩასახვას. ეს ყველაზე ნათლად ჩანს მაშინდელ პოეზიაში, რომელშიც დომინირებდნენ უკვე აღიარებული პოეტები. ეს გახლდათ ვისლავა შიმბორსკა, იაროსლავ ივაშკევიჩი, ზბიგნე ჰერბერტი, მირონ ბიალოშევსკი, თადეუშ რუჟევიჩი.
მაგრამ დგება 1989 წელი, რომელიც, მოგეხსენებათ, როგორც სოცბანაკის ნებისმიერ სხვა ქვეყნის, ასევე პოლონეთის საზოგადოებრივსა და ეკონომიკურ ცხოვრებაშიც დიდი გარდატეხის წელიწადი გახლდათ. მომხდარი ცვლილებები დაუყოვნებლივ აირეკლა პოლონურ ლიტერატურაზეც. უპირველეს ყოვლისა, უქმდება ცენზურა. 1990 წელს ოფიციალურად იხურება პრესის, საგამომცემლო საქმისა და სანახაობათა კონტროლის სამმართველო, რომელიც 1946 წლიდან მოქმედებდა პოლონეთის სახალხო რესპუბლიკაში და მის მოქალაქეებს ართმევდა ადამიანის უფლებათაგან ერთ-ერთ უმთავრესს – სიტყვის თავისუფლებას. ცენზურის გაუქმების გამო არსებობას წყვეტს იატაკქვეშა საგამომცემლო ქსელი, რომელიც მანამდე სახელმწიფო დაწესებულებების ანუ ცენზურის გვერდის ავლით გამოსცემდა და ავრცელებდა ათასობით (იგულისხმება დასახელება და არა ტირაჟი) წიგნსა და ჟურნალს. რაც შეეხება ემიგრანტულ ლიტერატურას – 1989 წლის შემდეგ არც ემიგრანტი მწერლები დაბრუნებულან მასობრივად პოლონეთში და არც პარიზსა და ლონდონში არსებულ გამომცემლობებს შეუწყვეტიათ მუშაობა, მაგრამ ამ სფეროშიც მოხდა ერთი მნიშვნელოვანი ცვლილება, კერძოდ კი ის, რომ ამ გამომცემლობებს მოსცილდათ ძველებური შარავანდი, რომელსაც მანამდე ატარებდნენ; მოსცილდათ სტიგმა მისიისა და ამ მისიის ტრაგიზმისა.
ზ.კ. ანუ, თქვენ ამბობთ, რომ ემიგრანტული მწერლობა არსად გამქრალა. მან უბრალოდ დაკარგა ძველებური რომანტიკულობა.
კ.ვ. დიახ. აქამდე ადამიანის თავისუფლებისა და ღირსების მცველებად აღიარებული ლიტერატორები კი 1989 წლიდან უბრალოდ საზღვარგარეთ მცხოვრებ მწერლებად იქცნენ.
ზ.კ. ცხადია, სისტემური ცვლილებები საგამომცემლო საქმესაც დაამჩნევდა კვალს…
კ.ვ. გეთანხმებით. მნიშვნელოვანი ძვრებია საგამომცემლო საქმეშიც: დაარსდა მთელი რიგი ახალი, კერძო გამომცემლობებისა, რომლებიც ამჯერად შეუფერხებლად აქვეყნებენ ლიტერატურას, რომლის გამოქვეყნებაც ცოტა ხნის წინ სრულიად შეუძლებელი იყო. თუმცა აქაც ხდება სრულიად მოულოდნელი რამ. ახლადდაარსებული გამომცემლობები არც მანამდე აკრძალული ემიგრანტული ლიტერატურისა და არც იატაკქვეშა ლიტერატურის საგანძურის გამოცემას არ ეშურებიან. სამაგიეროდ წარმოუდგენელი ინტენსივობით ითარგმნება (ძირითადად ინგლისურიდან) პოპულარული, იოლად საკითხავი, შეიძლება ითქვას, ბულვარული ლიტერატურა და გამოიცემა ისე, როგორც მანამდე არასოდეს გამოცემულა – თხელი, ფერადოვანი, პრიალა გარეკანითა და ზედ ოქროცურვილი ასოებით დაბეჭდილი სახელწოდებებით. დღესდღეობით, მოგეხსენებათ, წიგნის ასეთი გარეკანით გამოცემა დიდ უგემოვნობად ითვლება, მაგრამ მაშინ, 90-იანი წლების დასაწყისში ასეთი გამოცემები დიდი პოპულარობით სარგებლობდა. ამის მიზეზი კი, რაღა თქმა უნდა, ის გახლდათ, რომ პოლონეთის სახალხო რესპუბლიკაში არც ასეთი ჟანრის, არც ასეთ ფორმატში გამოცემული ლიტერატურა ფაქტობრივად არ არსებობდა და ადამიანებსაც სწორედ ამიტომ გაუჩნდათ მისი გაცნობის და შეძენის ცხოველი ინტერესი.
ამ ერთი შეხედვით თითქოს უმნიშვნელო ფაქტმა გადამწყვეტი ზეგავლენა იქონია იმდროინდელ პოლონურ ლიტერატურაზე. თუნდაც იმიტომ, რომ მათი კონკურენტუნარიანობის გამო პოლონელი პროზაიკოსი იძულებული გახდა, ანგარიში გაეწია ინგლისურიდან ნათარგმნი ბულვარული რომანებისთვის. ამის დასტურად მახსენდება ომის შემდგომი პერიოდის ძალიან სერიოზული და აღიარებული მწერლის თადეუშ კონვიცკის მაგალითი, რომელმაც იმ პერიოდში დაწერა და გამოაქვეყნა რომანი სახელწოდებით „Czytadło“, რაც ქართულად იოლ საკითხავს, ბულვარულ რომანს ნიშნავს. კონვიცკის ეს რომანი მართლაც იოლად წასაკითხი დეტექტიური ელემენტების შემცველი სასიყვარულო რომანია, რომელიც გამოსვლისთანავე კრიტიკის ქარცეცხლში გაეხვა.
ზ.კ. იქნებ თადეუშ კონვიცკის ამ რომანის წერისას სულ სხვა მიზანი ამოძრავებდა?
კ.ვ. ინტუიცია არ გღალატობთ! ცნობილმა პოლონელმა კრიტიკოსმა პშემისლავ ჩაპლინსკიმ, რომელსაც მე პირადად დიდ პატივს ვცემ, თადეუშ კონვიცკის მიერ ამ რომანის დაწერას მართლაც სულ სხვა და ალბათ, ყველაზე მართებული ახსნა-განმარტება მოუძებნა. ის ამბობს, რომ ამ ნაწარმოებით მწერალმა სულ სხვა ჩანაფიქრი განახორციელა, კერძოდ კი, იმის მოწმენი გაგვხადა, თუ როგორ ცდილობს აღიარებული, ჩამოყალიბებული ლიტერატორი, ფეხი აუწყოს ახალ დროებას და შეეჭიდოს თავისუფალი ბაზარზე გამეფებულ კონკურენციას.
თავისუფალი ბაზარიც, თავის მხრივ, ოთხმოცდაათიანი წლების კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი მახასიათებელია.
ზ.კ. როგორ აისახა ეს ცვლილებები იმდროინდელ პოლონურ ლიტერატურულ ცხოვრებაზე?
კ.ვ. უპირველეს ყოვლისა, მოხდა იმ ღირებულებათა ერთობლიობის მკვეთრი გადაფასება, რომელიც პოლონელ ხალხს კომუნისტური რეჟიმის დამხობამდე გააჩნდა. რადგან კომუნისტური რეჟიმის დამხობასთან ერთად, როგორც კარგად გვახსოვს, არსებობა შეწყვიტა ბიპოლარულმა სამყარომ, რომელშიც ლიბერალიზმი და დემოკრატია ტოტალიტარიზმსა და კომუნიზმს უპირისპირდებოდა. ანუ მოულოდნელად გაქრა ის დაპირისპირება, რომელიც რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში ატრიალებდა მსოფლიო ისტორიის ბორბალს. როგორც აღიარებული პოლონელი ჰუმანისტი, პროფესორი მარია იანიონი წერდა, რომანტიკულ-სიმბოლისტური პარადიგმა, რომელიც ძალიან ღრმად იყო ფესვგადგმული მთელი მე-19 და მე-20 საუკუნეების პოლონურ ლიტერატურაში და მის იდენტობას/თავისთვადობას აყალიბებდა, გაქრობის ზღვარს მიუახლოვდა.
თუ 80-იანი წლების იატაკქვეშა ლიტერატურა აღწერდა ადამიანს, ინტელექტუალს, რომელიც ყოველნაირად ცდილობდა ცხოვრების მატერიალური მხრის უარყოფას და აღიარებდა მხოლოდ სულიერ ღირებულებებს, 90-იან წლებში, როდესაც საზოგადოება გარდაქმნას დაექვემდებარა, ეს რომანტიკულ-სიმბოლისტური ყოფაც დამთავრდა და სოლიდარობის იდეა კონკურენციის იდეამ, ერი საზოგადოებამ, ხოლო სულიერი ღირებულებები მატერიალურმა ღირებულებებმა ჩაანაცვლა. თუ ადრე ცხოვრების მატერიალურ მხარეზე ზრუნვა სამარცხვინოდ ითვლებოდა, ახლა ადამიანის ნიჭის, ინტელექტის, გონიერების საწყაული ის გახდა, თუ რამდენად შეუძლია მას თავისი თავის მატერიალურად უზრუნველყოფა. თავი იჩინა საბაზრო ეკონომიკისთვის ალღოს აღების, მასზე მორგების პრობლემამაც. დადგა საკითხი: აქვს თუ არა მწერალს უფლება, იყოს კონკურენტუნარიანი და თავისი ხელოვნება შემოსავლის წყაროდ აქციოს, იბრძოლოს მეტი ცნობადობისთვის, გავლენიანობისთვის. და თუ ირგვლივ მიმოვიხედავთ და ჩვენს ყოფას დავაკვირდებით, მივხვდებით, რომ ეს საკითხი ლიტერატურულ წრეებში დღესაც ძალიან აქტუალურია.
სწრაფად მიმდინარე ცვლილებებმა ბევრი კითხვა წარმოშვა: გახდებოდა თუ რა პოლონელი მწერალი კონკურენტუნარიანი? შეიქმნებოდა თუ არა პოლონური პოპულარული ლიტერატურა, რომელიც იმ რბილ- და ფერადგარეკანიან ბულვარულ რომანებს კონკურენციას გაუწევდა? სად იქნებოდა პოლონური ლიტერატურის გვირგვინოსანი დედოფლის – პოეზიის ადგილი? პოეზია ხომ თავისი ბუნებით არაფრით არ შეიძლება, კომერციული იყოს. ანუ, ის ამ პირობებს ვერც გაუმკლავდება და, საბედნიეროდ, ამას არც ცდილობს.
ზ.კ. როგორ უპასუხა ამ ცვლილებებს პოლონურმა ლიტერატურამ?
კ.ვ. უპირველეს ყოვლისა, იგი გათავისუფლდა იდეოლოგიური და პოლიტიკური ამოცანებისაგან. გარდა ამისა, ცნობილი კრიტიკოსის ეჟი იასტშემბსკის სიტყვებით რომ ვთქვათ, პოლონურ ლიტერატურას „ცვლილებების მადა აღეძრა/გაეღვიძა“. უმთავრესი ცვლილება კი ის გახლდათ, რომ პოლონურმა ლიტერატურამ და საერთოდ ბეჭდვითმა სიტყვამ, მოპოვებული თავისუფლებით სარგებლობა დაიწყო, რაც ერთგვარი შტამპიდან, გავბედავ და ვიტყვი, პოლონური პათოსიდან – ანუ პოლონური გმირული სულისა და გაღებული მსხვერპლის განდიდების გამუდმებული მოთხოვნილებიდან – თავის დაღწევას ნიშნავდა. იმდროინდელი ავტორები თამამად შეუდგნენ იმ ცხოვრებისეული გამოცდილების აღწერას, რომელიც ადრე აღწერის ღირსად არ მიიჩნეოდა. მათ თამამად დაიწყეს წერა ყოველდღიურობაზე, სხეულზე, მუსიკაზე, რომელსაც სინამდვილეში უსმენდნენ და არა მხოლოდ კლასიკურზე, ფილმებზე, რომელსაც ინტერესით ნახულობდნენ და არა მხოლოდ ფელინიზე და ბერგმანზე. მათი შემოქმედება თითქოს/ერთი შეხედვით უმნიშვნელო, ცალკეული ადამიანის, ინდივიდის შინაგან სამყაროში მიმდინარე მოვლენებზე გვიყვება. მწერლები, განსაკუთრებით კი პოეტები თავიანთ შემოქმედებაში ზედმიწევნით დაუახლოვდნენ ცხოვრებას და ამით თვითონაც მათი გარემომცველი რეალობის ნაწილი გახდნენ. ისინი არ ერიდებიან პირადზე, ინტიმურზე წერას, რაც უფროსი თაობის მკითხველის მიერ პროვოკაციად აღიქმება, მაგრამ სინამდვილეში ამ პროვოკაციის მიღმა ისეთი კლასიკური და სიღრმისეული თემები იმალება, როგორიცაა მარტოობა, სასოწარკვეთილება, სიკვდილი, მეორე ადამიანის მიერ უარყოფა და ა.შ.. ამ მწერლებს ვერც უნიჭობას დასწამებ, ვერც თავგამოდებისა და მიზანსწრაფულობის ნაკლებობას. უბრალოდ ლიტერატურასთან სრულიად განსხვავებული დამოკიდებულება აქვთ. მათ ხალხთან სალაპარაკოდ კვარცხლბეკი და მაღალფარდოვანი სიტყვები აღარ სჭირდებათ.
ზ.კ. ანუ გარკვეულწილად ენაც გათავისუფლდა.
კ.ვ. ბუნებრივია. ენაც გათავისუფლდება ლიტერატურულობისა და მაღალფარდოვნების მარწუხებიდან. მწერლები იმ ენით წერენ, რომლითაც საზოგადოება მეტყველებს.
გარდა ამისა, დგება მრავალფეროვანი ლიტერატურული ექსპერიმენტის დროც. მწერლები და პოეტები რისკავენ და ახალი ლიტერატურული ფორმების ან ძველი ფორმების ახალი ფუნქციების აღმოჩენას ცდილობენ.
ზ.კ. იმ დროის უმნიშვნელოვანეს ავტორთა შორის ვის დაასახელებდით?
კ.ვ. 90-იანი წლების დასაწყისში ჟურნალებმა „Brulion“ და „Czas Kultury“ პოლონელ ლიტერატორთა მთელი თაობა შექმნა. მათში იბეჭდებიან ახალგაზრდა ავტორები, რომელთა ნაწილის ლიტერატული დებიუტი იმავე ჟურნალებში ჯერ კიდევ ოთხმოციან წლებში შედგა. წიგნი მხოლოდ რამდენიმე მათგანს ჰქონდა გამოცემული. ეს იყვნენ პოეტები მარჩინ სვეტლიცკი, მარჩინ სენდეცკი, მარჩინ ბარანი, კშიშტოფ კელერი, იაცეკ პოდსიადლო, მაჟენა ბროდა, მაჟანა ბოგუმილა კელარი და კიდევ რამდენიმე საინტერესო და დღესაც ძალიან წარმატებული ავტორი. პროზაიკოსები: ანდჟეი სტაშიუკი, ოლგა ტოკარჩუკი, იზაბელა ფილიპიაკი. ეს ავტორები, მოგეხსენებათ, დღესდღეობით ძალიან ცნობილი, უამრავი ლიტერატურული ჯილდოს მფლობელი პოეტები და მწერლები არიან, რომლებმაც რაღაც ლიტერატურული კანონის მსგავსი შექმნეს – კერძოდ კი თანამედროვე პოლონური ლიტერატურის აუცილებლად წასაკითხი წიგნების სია.
ზ.კ. ოლგა ტოკარჩუკმა, რომლის უკვე ოთხი წიგნი გამოსცა გამომცემლობა „ინტელექტმა“ და რომლის უახლესი რომანის („ემპუსების ნადიმი“) თქვენეულ თარგმანს სულ მალე გამოსცემს 2018 წელს ნობელის პრემიაც კი აიღო.
კ.ვ. ძალიან კარგად მახსოვს მისი შემოქმედებითი გზის დასაწყისი. მისი პირველი ორი რომანის ( „წიგნის მაძიებელთა მოგზაურობა“, „ე.ე.“) გამოსვლის შემდეგ უკვე ყველასთვის ცხადი იყო, რომ ის პოლონურ პროზაში გამორჩეულ ადგილს დაიმკვიდრებდა. ოლგა პირველი იყო, ვინც ნათლად დაგვანახა, რომ ჩვენს ირგვლივ იმაზე გაცილებით მეტი ხდება, ვიდრე ჩვენი გონება შეიძლება გასწვდეს. და რომ ჩვენს ყოფას არა მხოლოდ ნათელი და რაციონალური სძენს არსს, არამედ ისიც, რაც ჯერ კიდევ ბუნდოვანი და ამოუხსნელია.
დროის სიმცირის გამო ოლგა ტოკარჩუკის შემოქმედებაზე შეგნებულად არ ვისაუბრებ. გარდა ამისა, სულ მალე პოლონური ინსტიტუტისა და თქვენი, ანუ გამომცემლობა „ინტელექტის“ მოწვევით საქართველოში ჩამოვალ. სადაც საშუალება მექნება, მკითხველს წარვუდგინო ოლგა ტოკარჩუკის ქართულად ნათარგმნი წიგნები და ამომწაურავად გავაცნო მისი შემოქმედება.
ზ.კ. გელით! პანდემიის და რიგ სხვა მიზეზთა გამო, მართლაც ვერ შევძელით ამ წიგნების ჯეროვანი წარდგინება. ანდჟეი სტაშიუკზე ხომ გვეტყვით რამდენიმე სიტყვას?
კ.ვ. რა თქმა უნდა! ანდჟეი სტაშიუკი პოლონეთში მისი ნაწარმოებების დაბეჭდვამდე იქცა ლეგენდად. როგორც მახსოვს, სამხედრო სამსახურზე უარის თქმის გამო, ის ჯერ ციხეში მოხვდა. ციხიდან გამოსულმა მშობლიური ვარშავა მიატოვა და საცხოვრებლად ღრმა პროვინციაში გადასახლდა. მხოლოდ ამის შემდეგ გამოქვეყნდა მისი სადებიუტო რომანი, „ჰებრონის კედლები“, რომელიც ციხეში მიღებულ გამოცდილებებზე გვიყვება და რომელშიც უკვე ძალიან ცხადად გამოავლინა მკითხველთა და კრიტიკოსთა მიერ ერთხმად აღიარებული უდიდესი სამწერლო ნიჭი.
პროზაში გარდა ანდჟეი სტაშიუკისა და ოლგა ტოკარჩუკისა თავი წარმოიჩინეს ეჟი პილხმა, სტეფან ხვინმა და პაველ ჰილემ, რომლის სამწერლო დებიუტი ჯერ კიდევ 1987 წელს შედგა რომანით „Weiser Dawidek“, რომელიც 50-იანი წლების გდანსკსა და იმ თაობაზე მოგვითხრობს, შემდგომში „სოლიდარნოსტის“ დამაარსებელი/დამფუძნებელი რომ გახდა.
მოდით, ფანტასტიკური ჟანრის რომანების ავტორს, პოლონეთსა და მის საზღვარგარეთ უაღრესად პოპულარულ მწერალს ანდჟეი საპკოვსკისაც მივაგოთ ჯეროვანი პატივი, რომელიც პირველად სწორედ 90-იანი წლების დასაწყისში გამოქვეყნდა. მისი რომანები და მოთხრობები მსოფლიოს ოცზე მეტ ენაზეა თარგმნილი. მათ შორის ქართულადაც. მახსოვს, რამხელა აღფრთოვანებით ხვდებოდა მკითხველი მისი მორიგი რომანის გამოსვლასა და შემდგომ მის ეკრანიზაციას.
ზ.კ. კიდევ რა არის პოლონური ლიტერატურის ასე ვთქვათ „საექსპორტო“ ჟანრი?
კ.ვ. ეს გახლავთ რეპორტაჟი და უცილობლად – დეტექტიური რომანი. რეპორტაჟის თემას კიდევ ერთხელ უნდა დავუბრუნდეთ. რაც შეეხება დეტექტიურ რომანს, ამ ჟანრში წერენ და დიდი წარმატებით სარგებლობენ საკმაოდ ახალგაზრდა ავტორები: რემიგიუშ მრუზი და კატაჟინა ბონდა, ვოიცეხ ხმელაჟი და კატაჟინა პუშინსკა. საინტერესოდ წერენ და კარგად იყიდებიან ანა კანტოხი, ზიგმუნტ მილოშევსკი და რობერტ მალეცკი. მათი პრემიებითა და ჯილდოებით გამორჩეული წიგნები მრავალ უცხო ენაზეა თარგმნილი, მათი დიდი ნაწილი კი ეკრანიზებულია.
ზ.კ. 21-ე საუკუნის პირველი ოცწლეულის ლიტერატურა რა თავისებურებებით ხასიათდება?
კ.ვ. ძალიან რთული კითხვა დამისვით! ოცდამეერთე საუკუნის პირველი ოცწლეულის ლიტერატურა იმდენად გაფანტული, მრავალჟანრიანი და მრავალხმიანია, რომ ძალიან გამიძნელდება მისთვის ერთი საერთო მნიშვნელის გამოძებნა. შემიძლია მხოლოდ რამდენიმე ტენდენციაზე გავამახვილო ყურადღება. უდაოდ საინტერესო ფაქტი გახლდათ ის, რომ ისტორიული და ლიტერატურული თვალსაზრისით, 21-ე საუკუნის პირველი და მეორე ათწლეულის მიჯნაზე პოლონური ლიტერატურის უმნიშვნელოვანეს ნაწარმოებებს შორის რეპორტაჟი დომინირებდა. გარდა ამისა წარმოიშვა უამრავი ახალი ჟანრი და მიმდინარეობა, რომელთაგან თითოეულს თავისი ერთგული მკითხველი ჰყავს. გავიხსენოთ თუნდაც სოფლის, გლეხობის, პოლონური კულტურული მემკვიდრეობის თემა, რომელმაც 2010-2019 წლებში განსაკუთრებით იჩინა თავი პოლონურ ლიტერატურაში. სწორედ ამ წლებში დაიწერა ანდჟეი მუშინსკის, ვიოლეტა გჟეგოჟევსკას, მაჩეი პლაზას, იაკობ მალეცკისა და ვერონიკა მურეკის სოფლის თემატიკისთვის მიძღვნილი ნაწარმოებები. ლიტერატურის კრიტიკოსებმა ეს მიმდინარეობა თავდაპირველად ეფემერულ მიმდინარეობად მიიჩნიეს, მაგრამ სოფლის თემაზე დაწერილ ნაწარმოებთა და მათ ავტორთა სიმრავლემ გვიჩვენა, რომ სოფელზე, გლეხობაზე წერა დროებითი მოდა არ ყოფილა. ამ თემაზე თხრობის საჭიროება 1989 წლიდან მწიფდებოდა, მერე რა , რომ 21-ე საუკუნის პირველ ათწლეულში თითქმის არავის უცდია, უმოქმედობაში ჩაძირული, მივიწყებული პოლონური სოფელი, განსაკუთრებით მთის სოფელი, ეკონომიკური ტრანსფორმაციის ან სოციალური დაძაბულობის გამოსავლენ გარემოდ ექცია. ეს მიმდინარეობა დღესაც გრძელდება და შეიძლება ითქვას, დიდი წარმატებითაც სარგებლობს. ამის დასტურია საყოველთაოდ აღიარებული პოეტებისა და პროზაიკოსების მალგოჟატა ლებდასა და ვიოლეტა გჟეგოჟევსკას ლიტერატურული პრემიებით დაჯილდოებული ბოლო ნაწარმოებები, რომლებიც ახლახანს წავიკითხე და, გულწრფელად გეტყვით, ძალიანაც მოვიხიბლე მათით.
კიდევ ერთი საინტერესო მიმდინარეობაა ეწ. ეკოლოგიური ლიტერატურა, რომელსაც პოლონეთში თავისი რომანით:„Prowadź swój pług przez kości umarłych“ ისევ და ისევ ოლგა ტოკარჩუკმა ჩაუყარა საფუძველი. ამ ჟანრის წარმომადგენელი ლიტერატორები თავიანთ ნაწარმოებებში ყურადღებას ამახვილებენ ადამიანის ურთიერთობაზე ბუნებასთან, მოუწოდებენ მკითხველს, იზრუნონ გარემომცველ სამყაროზე და არ დაივიწყონ ბუნებაში ზედმეტად ჩარევის მოსალოდნელი და სავალალო შედეგები.
ეკოლოგიური თემები პოეზიაშიც ჩნდება. ასეთ პოეზიას ეკოპოეზიას ვუწოდებთ. პოლონეთში მისი ცნობილი წარმომადგენლები არიან იულია ფედორჩუკი და მალგოჟტა ლებდა. იულია ფედორჩუკი, რომელიც არა მარტო ეკოპოეზიის, არამედ ამ თემაზე დაწერილი ესეების ავტორიცაა, ქართულად თარგმნილია ჩემი შესანიშნავი კოლეგის ქეთი ქანთარიას მიერ. წიგნი გამოსცა „მთარგმნელთა გამომცემლობამ“. იულია ფედორჩუკი მწერალთა სახლის მოწვევით ორჯერ ესტუმრა საქართველოს.
ზ.კ. მოდით, ახლა 21-ე საუკუნის ბოლო ორი დეკადის პოეზიასა და პროზას გადავავლოთ თვალი.
კ.ვ. პოეტი და პოეზია ყოველთვის განსაკუთრებული პატივისცემით სარგებლობდა პოლონეთში. 21-ე საუკუნის პირველ ათწლეულში ჯერ კიდევ წერენ ჩესლავ მილოში, ვისლავა შიმბორსკა, ადამ ზაგაევსკი, იულია ჰარტვიგი, ტადეუშ რუჟევიჩი. „ბრულიონის“ თაობის დაშლის შემდეგ, რომელიც 1990-იან წლებში პოლონური პოეზიის ერთ-ერთი მთავარი ორიენტირი გახლდათ, დღეს პეიზაჟი ქაოსურად, მაგრამ საინტერესოდ გამოიყურება. იმ პოეტებს შორის, რომლებიც გავლენას ახდენენ ახალგაზრდა პოეტთა შემოქმედებზე, აღსანიშნავია ბოჰდან ზადურა, პიოტრ სომერი, ანდჟეი სოსნოვსკი, მარჩინ სვეტლიცკი და ევგენიუშ ტკაჩიშინ-დიცკი. ეს უკანასკნელი, ალბათ, ბოლო წლების პოლონური პოეზიის უდიდესი ფენომენია, რომელიც ბოლო დროს აღმოაჩინა მკითხველთა ფართო ჯგუფმა. მის პოეტურ კრებულს Piosenka o zależnościach i uzależnieniach „სიმღერა ურთიერთკავშირებსა და დამოკიდებულებებზე“ 2009 წელს მიენიჭა ლიტერატურული პრემია „ნიკე“ და აგრეთვე ქალაქ გდინიას პრესტიჟული ლიტერატურული პრემია.
შედარებით ახალგაზრდა თაობიდან ნიჭიერ პოეტთა შორის დავასახელებდი ტომაშ რუჟიცკის, თადეუშ დომბროვსკის, ადამ ვიდემანს, იოანა მიულერს, მარტა პოდგურნიკსა და რომან ჰონეტს. უპირველეს ყოვლისა კი რამდენიმე პრესტიჟული პოლონური და საერთაშორისო ლიტერატურული პრემიის ლაურეატს, პოეტსა და პროზაიკოსს ურშულა ჰონეკს, რომლის პოეტურ კრებულს „პოლტერგაისტს“ ახლა ვთარგმნი ყველასათვის კარგად ცნობილ ქართველ პოეტ შოთა იათაშვილთან ერთად. ურშულა ჰონეკი მიმდინარე წლის სექტემბრის მიწურულს თბილისის ლიტერატურული ფესტივალის სტუმარი იქნება.
რაც შეეხება პროზას: თუ ამ დროისათვის უკვე სხვადასხვა მნიშვნელოვანი ადგილობრივი და საერთაშორისო ლიტერატურული პრემიებით დაჯილდოებულ ოლგა ტოკარჩუკსა და ანდჟეი სტაშიუკის შემოქმედებაზე არ ვისაუბრებთ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ტრანსფორმაციის შემდეგი პირველი ათწლეული აღინიშნა საკმაოდ ტრადიციული თხრობით, რომლებიც კულტივირებულია ისეთი მწერლების მიერ, როგორებიცაა პაველ ჰილე (“Weiser Dawidek”, 1987), სტეფან ხვინი (“Hanemann”, 1995) და ვესლავ მიშლივსკი (“Widnokrąg”, 1997). ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ლიტერატურული მოვლენა იყო ეჟი პილხის რომანი „Pod mocnym aniołem“, 2000 (“ძლევამოსილი ანგელოზის ქვეშ”) – ამაღელვებელი მონათხრობი ლოთობის, მარტოობის, იმედისა და იმ სიყვარულის შესახებ, რომელსაც შესწევს ძალა, ყველა განსაცდელს გადაგარჩინოს.
2002 წელს გამოიცა კიდევ ერთი დიდი რომანი, სახელწოდებით „Wojna polsko-ruska pod flagą biało-czerwoną“ (“პოლონურ-რუსული ომი თეთრ-წითელი დროშის ქვეშ”), რომლის ავტორი, დებიუტანტი მწერალი დოროტა მასლოვსკა წიგნის გამოცემისას სულ 19 წლის იყო. მახსოვს, რამხელა მოვლენა იყო „ომის“ გამოჩენა 1989 წლის შემდგომ პოლონურ ლიტერატურაში. ამ წიგნმა, თავისი მახვილი ენითა და იუმორით, ერთნაირად მოხიბლა კრიტიკოსებიც და მკითხველებიც. მასლოვსკას შემდგომმა შემოქმედებითმა გზამ დაადასტურა, რომ ის მართლაც ძალიან ნიჭიერი მწერალია. მან არათუ გაამართლა მოლოდინი, არამედ დღესაც არ წყვეტს მკითხველის გაოცებას ახალ-ახალი შედევრებით. „ომის“ შემდეგ მან გამოსცა “Paw Królowej”(დედოფლის ფარშავანგი) – წიგნი, რომელიც დაწერილია რაპის სტილში (წიგნმა 2006 წელს აიღო პრემია „ნიკე“) და შემდეგ პიესების წერას მიჰყო ხელი (Dwóch biednych rumunów, którzy mówią po polsku”- „პოლონურად მოსაუბრე ორი ღარიბი რუმინელი” (2006) და “ჩვენ აქ ძალიან მაგრად ვართ” (2008), რომელიც შეგიძლიათ წაიკითხოთ ქეთი ქანთარიას შესანიშნავ თარგმანში სამეფო უბნის თეატრის ადამ მიცკევიჩის ინსტიტუტთან თანამშრომლობით გამოცემული „თანამედროვე პოლონური დრამის ანთოლოგიაში“.
მასლოვსკას დებიუტი, რომელმაც თამამად გადალახა ლინგვისტური კორექტულობის საზღვარი, პოლონურ ლიტერატურაში ნამდვილი გარდატეხის მომენტი გახდა. „ომმა“ გზა გაუხსნა ბევრ საინტერესო დებიუტს. მათგან, ჩემი აზრით, მნიშვნელოვანია ვოიცეხ კუჩოკის, მიხალ ვიტკოვსკისა და იაცეკ დენელის შემოქმედება. მკითხველს შევახსენებ, რომ იაცეკ დენელის “Lala” -ს (2006), მირანდა გურგენიძისეული თარგმანი 2021 წელს გამოსცა გამომცემლობა „ინტელექტმა“, მისი ავტორი კი ორჯერ გახლდათ საქართველოს სტუმარი სახვადასხვა ლიტერატურულ ფესტივალებზე.
თანამედროვე პოლონურ ლიტერატურაზე საუბრისას ვერაფრით გამოვტოვებთ მის ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ ხმას, კერძოდ კი ცნობილ დრამატურგს, სცენარისტსა და პროზაიკოსს ზიტა რუძკას. მის ბოლო ორ რომანს:„Krótka wymiana ognia“ და „Ten się smieję, kto ma zęby“ განსაკუთრებული პოპულარობა (უკანასკნელი დეკადის საუკეთესო პროზაულ ნაწარმოებადაც იქნა აღიარებული) და რამდენიმე მნიშვნელოვანი ლიტერატურული პრემია ხვდა წილად. უდაოდ ნიჭიერი ავტორია პოეტი და პროზაიკოსი ბარბარა კლიცკა, რომელიც ქართველმა მკითხველმა ასევე ქეთი ქანთარიას და „მთარგმნელთა გამომცემლობის“ მეშვეობით გაიცნო. ბარბარა კლიცკაც არაერთხელ გახლდათ საქართველოს სტუმარი.
ძალიან საინტრესო და პოპულარული ავტორებიდან აუცილებლად უნდა ვახსენო აგრეთვე მრავალი ლიტერატურული ჯილდოსა და პრემიის მფლობელი პროზაიკოსი, ესეისტი და ფელეტონისტი იოანა ბატორი და მისი რამდენიმე რომანი: Piaskowa Góra, 2009, Ciemno, prawie noc, 2012, და Ucieczka Niedzwiedzicy, 2012. ასევე უამრავი ლიტერატურული პრემიის მფლობელი ბარბარა სადურსკა, განსაკუთრებით კი მისი ორი რომანი „Czarny Hetman, 2022 და Bajka, bajeczka, 2023. ჩემი და არა მარტო ჩემი აზრით ძალიან გამორჩეული და საინტერესო ავტორია პროზაიკოსი და მთარგმნელი მაჩეი პლაზა, რომლის სამი რომანიდან სახელწოდებებით Golem,2021, Skoruń, 2015 და Robinson w Bolechowie, 2017 სამივე რამდენიმე მნიშვნელოვანი ლიტერატურული პრემიის მფლობელი გახდა. ნუ დავივიწყებთ სილვია ხუტნიკსა და იაცეკ ჟულჩიკსაც, რომლებიც თავიანთ პროზაში აქტუალურსა და საინტერესო თემებს ეხებიან.
ზ.კ. არამხატვრულ ლიტერატურაში რა ხდება?
კ.ვ. არამხატვრულ ლიტერატურაში დღესაც უცველელად მეფობს რეპორტაჟი. განსაკუთრებით ბოლო წლებში, შესაშურად მაღალი დონის პოლონური რეპორტაჟი ნამდვილ საექსპორტო საქონლად იქცა. პოლონური რეპორტაჟის საკულტო ფიგურა რიშარდ კაპუშჩინსკია, ავტორი “იმპერატორისა” და “შაჰინშაჰისა”, რომლებიც ამბროს გრიშიკაშვილის თარგმანში გამომცემლობა „ინტელექტმა“ გამოსცა. 1990-იან წლებში ფართო გამოხმაურება ჰქონდა აგრეთვე მის რეპორტაჟს „მოგზაურობა ჰეროდოტესთან ერთად”.
კაპუშჩინსკი შეიძლება მივიჩნიოთ იმ ავტორების მფარველ წმინდანად, რომლებიც თავიანთ რეპორტაჟებს უცხო ქვეყნებზე წერენ – მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანია ვოიცეხ ტოხმანი და ვოიცეხ იაგელსკი, იაცეკ ჰუგო-ბადერი, მარიუშ შჩიგელი, ვიტოლდ საბლოვსკი და ა.შ. მათი წიგნები, როგორც აღვნიშნე, ხშირად ითარგმნება და გამოდის უცხოურ გამომცემლობებში.
მკითხველთა შორის დიდი პოპულარობით სარგებლობს აგრეთვე პოლონეთის შესახებ დაწერილი რეპორტაჟიც. მის ფუძემდებლად შეიძლება ჩაითვალოს ჰანა კრალი, ავტორი წიგნებისა „Zdążyć przed Panem Bogiem“ და „Tam już nie ma żadnej rzeki“. გარდა ჰანა კრალისა იმ ავტორებს შორის, რომლებიც თავიანთ შემოქმედებაში თანამედროვე პოლონურ რეალობას აღწერენ, აუცილებლად გამოვარჩევ ისევ ვოიცეხ ტოხმანსა და მარიუშ შჩიგელს, აგრეთვე ლიდია ოსტალოვსკასა და ვლოძიმეჟ ნოვაკს.
და ბოლოს, მოდით, იმ წიგნსაც ნუ დავივიწყებთ, რომელიც პოლონეთში აურაცხელი მწვავე დებატის საგანი გახდა, სახელდობრივ ისტორიკოსის იან ტომაშ გროსის „მეზობლები“. ამ წიგნმა ამხილა პოლონეთის პატარა ქალაქ იედვაბნეს ებრაელი მაცხოვრებლების წინაშე ჩადენილი დანაშაულის დეტალები. გროსის „მეზობლების“ შედეგად დაიწერა ანა ბიკონტის რეპორტაჟი „ჩვენ, იედვაბნელები“. სწორედ ეს წიგნი დაედო საფუძვლად თადეუშ სლობოძიანეკის ცნობილსა და ძალიან შთამბეჭდავ პიესას „ჩვენი კლასი“, რომელიც ქეთი ქანთარიას თარგმანში, 2017 წელს აწ გარდაცვლილმა ბატონმა თემურ ჩხეიძემ დადგა სამეფო უბნის თეატრის სცენაზე.
ზ.კ. გმადლობთ, მიუხედავად მცირე ფორმატისა, საკმაოდ ამომწურავი მიმოხილვისთვის. ჩვენი საუბრის დასასრულს, მინდა, თქვენი აზრიც მოვისმინო საქართველოში პოლონური ლიტერატურის პოპულარიზაციის შესახებ.
კ.ვ. გმადლობთ, ზვიად! როგორც ვხედავთ, პოლონური ლიტერატურა ღირსეულად აგრძლებს რამდენიმე საუკუნოვან ლიტერატურულ ტრადიციას და ის დიდ და უაღრესად მრავალფეროვან ლიტერატურად რჩება. (ნუ დაგვავიწყდება, რომ ძალიან რთული ისტორიული ხვედრის მქონე ამ ქვეყანამ, რომელიც ოლგა ტოკარჩუკის სიტყვებით რომ ვთქვათ, „მოკლე ხნით აღმოცენდებოდა ხოლმე და ისიც ომების, აჯანყებებისა და სხვა ისტორიული კატაკლიზმების დროს“ მსოფლიო ლიტერატურას ხუთი ნობელის პრემიის ლაურეატი შესძინა). სამწუხაროდ, თუმცა სრულიად გასაგები მიზეზების გამო ქართველი მკითხველისთვის მისი მხოლოდ მცირედი ნაწილის მიწოდება ხერხდება. სწორედ ამიტომ, მინდა, გულწრფელი მადლობა გადაგიხადოთ თქვენც და ყველა სხვა გამომცემლობას, რომელიც პოლონურ ლიტერატურას გამოსცემს; ჩემს კოლეგებს, განსაკუთრებით ქალბატონებს ნათელა გავაშელსა და ქეთი ქანთარიას პოლონური ლიტერატურის ქართულად თარგმნისა და მისი პოპულარიზაციის დაუღალავი მცდელობისთვის. აგრეთვე ახალგაზრდა მთარგმნელებს მირანდა გურგენიძესა და თეონა მჭედლიშვილს. უპირველეს ყოვლისა კი პოლონეთის ინსტიტუტს, რომლის ჩვენი საქმიანობით აქტიური დაინტერესებისა და ფინანსური თანადგომის გარეშე ძალიან გაგვიჭირდებოდა დაგეგმილი პროექტების განხორციელება და ქართველი მკითხველისთვის უაღრესად საინტერესო, აქტუალური და უპირველეს ყოვლისა მაღალმხატვრული პოლონური ლიტერატურის გაცნობა.