30.09.2024 ლიტერატურა, მოვლენები, სიახლეები

პოლონურიპოეზიათბილისისმე-9 საერთაშორისოლიტერატურულფესტივალზე

თბილისის მე-9 საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალის ორგანიზატორების მოწვევით, საქართველოს დედაქალაქს პოლონელი პოეტი და პროზაიკოსი, ურშულა ჰონეკი ეწვია. მის ლიტერატურას ძალიან აფასებენ პოლონეთში, რასზეც ჰონეკის მიერ მოპოვებული მრავალი ლიტერატურული ჯილდო მეტყველებს. 

მოხარულები ვართ, რომ პოლონელი პოეტი PEN Center Georgia-ში შეკრებილმა ქართულმა ლიტერატურმა საზოგადოებამაც გაიცნო პირადად. აღნიშული ორგანიზაციისა და პოლონური ინსტიტუტის მხარდაჭერით, ჰონეკმა თავისი შემოქმედება წარუდგინა ადგილობრივ მწერლებს, გამომცემლებსა და ლიტერატურის მოყვარულებს.

ურშულა ჰონეკმა ლექსები წაიკითხა პოეტური კრებულიდან: Poltergeist. გარდა ამისა, მოვისმინეთ მისი ძველი ლექსებიც: Brzmienia, Siedem życia, Zimna łapa, Przyjaciółka და ა.შ.


სპეციალურად ამ ფესტივალისთვის ურშულა ჰონეკის ლექსები ქართულად თარგმნა და წაიკითხა კატია ვოლტერსმა, რომელიც ქართული საზოგადოებისთვის უფრო ცნობილია, როგორც პოლონელი ნობელიანტის, ოლგა ტოკარჩუკის მთარგმნელი.

გვსურს, მადლობა გადავუხადოთ ქალბატონ ვოლტერსს გაწეული ღვაწლისთვის, რადგან მისი ჯაფის გარეშე საავტორო საღამოს მონაწილეები ვერ შეძლებდნენ ურშულა ჰონეკის პოეზიით ტკბობას.

იხილეთ ფესტივალზე ავტორისა და მთარგმნელის მიერ წაკითხული ერთ-ერთი ლექსის ფრაგმენტი:

ხმები

უფრო იოლია გაიხსენო ვინმეს ხმა, 

ვიდრე ბოლო საუბარი. მისი საუბარი ჰგავდა სიარულს

გაყინულ თოვლზე. ზამთრამდე ჯერ ვერ მივაღწიე, 

მაგრამ ველოდები, რომ ყველაფერი გაიყინება და დაიწყებს ჭრიჭინს(…)

თბილისის მე-9 საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალის გამორჩეული სტუმარი, პოლონური ლიტერატურის ქართულად მთარგმნელი, კატია ვოლტერსი იყო. მან პოლონელი ნობელიანტის, ოლგა ტოკარჩუკის რამდენიმე რომანი თარგმნა, მათ შორის: “წიგნები იაკობისა,” “დაუდგომელნი” და “შოტლანდიური თვე.” საქართველოში ოლგა ტოკარჩუკის შემოქმედების პოპულარიზაციის მიზნით, ფესტივალის მიმდინარეობისას კატია ვოლტერსმა Dziennik słownika-ს პანელში მიიღო მონაწილეობა, სადაც მან სიამოვნებით აღნიშნა, რომ “წიგნები იაკობისას”-ს თარგმნა მისთვის დაუვიწყარი მოგზაურობა იყო. მან მთელ ამ თავგადასავალზე ისაუბრა, მის ტოპოგრაფიაზე, სოციალური კლასების მრავალფეროვნებაზე, ენებზე, რელიგიურ მსოფლმხედველობაზე, კოსმოგონიაზე, წეს-ჩვეულებებსა და სხვა კულტურულ ნიუანსებზე. ვოლტერსის თქმით, აღნიშნული წიგნის თარგმნა იმიტომ გადაწყვიტა, რომ თემატიკა, ისევე როგორც ადგილები, ძალიან ახლოსაა პოლონელ და ქართველ მკითხველთან. “წიგნები იაკობისა”-ს თარგმნისთვის კატია ვოლტერსმა საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ლიტერატურული პრემია „საბა“ მიიღო თარგმანის კატეგორიაში.

ფესტივალის ფარგლებში კატია ვოლტერსი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მთარგმნელებს, გამომცემლებს, პროფესორებსა და ლიტერატურის სტუდენტებს შეხვდა, სადაც მთარგმნელის პროფესიაში არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა. ეს შეხვედრა ასევე პოლონური ლიტერატურის პოპულარიზაციის საშუალებაც იყო, სადაც გამომცემლობა „ინტელექტმა“ ოლგა ტოკარჩუკის ქართულ ენაზე გამოცემული წიგნები და ჟურნალ „ქართული მწერლობის“ ერთ-ერთი ნომერი წარადგინა. ამ კონკრეტულ ნომერში კატია ვოლტერსმა ბოლო ოცდაათი წლის პოლონური ლიტერატურა განიხილა. კატია ვოლტერსმა ფესტივალის კიდევ ერთი სტუმრის, ცნობილი პოლონელი პოეტის, ურშულა ჰონეკის ერთი-ერთი ფრაგმენტი წაიკითხა ქართულ ენაზე, მოთხრობიდან: “თეთრი ღამეები.”

Scheduled ლიტერატურა მოვლენები სიახლეები