ნაწყვეტი ოლგა ტოკარჩუკის ახალი რომანიდან „ემპუსების ნადიმი “
პოლონურიდან თარგმნა კატია ვოლტერსმა
რეზინის ბოტებსა და მოსასხამებში გამოწყობილი ვილი ოპიცი და რაიმუნდი სახლის უკანა ეზოში იდგნენ. თავზე ფართოფარფლიანი საწვიმარი ქუდები ეხურათ და ხელში ტირიფის წნელის მსუბუქი კალათები ეჭირათ. ვოინიჩი შემთხვევით გადაეყარა მათ. მარტო გასეირნება უნდოდა. სალონში ახლომდებარე სამთო თავშესაფრების ემბლემებით მოხატული რკინისწვეტიანი ხელჯოხი აიღო და იფიქრა, უკანა ეზოდან ყველასგან მალულად გავალო, მაგრამ არ გამოუვიდა. ახლა ისღა დარჩენოდა, ეს მოულოდნელი იმედგაცრუება როგორმე დაემალა. – ისე გამოიყურებით, ბატონებო, თითქოს სოკოს საკრეფად მიდიოდეთ, – თქვა და ჩაიცინა, თუმცა თვითონვე მიხვდა, რომ ეს ჩაცინება მთლად ბუნებრივი არ იყო. ოპიცმა და რაიმუნდმა ერთმანეთს ისე გადახედეს, თითქოს ამ მზერით ერთმანეთთან შეთანხმების უხილავი ძაფი გააბეს და რაღაც ძალიან კარგი მოიფიქრეს. – დიახ, ნამდვილად სოკოს საკრეფად მივდივართ, – თქვეს ერთხმად, და თითქოს ამ სპონტანურ და გულწრფელ წინადადებას მატერიალურ სამყაროში აუცილებლად კონკრეტული შედეგი უნდა მოჰყოლოდა, ვილი ოპიცმა იქვე დასძინა: – ჩვენთან ერთად წამოსვლას ხომ არ ინებებთ? ვოინიჩმა უარის სათქმელად ვერაფერი მოიმიზეზა. ზუსტი სასეირნო მარშრუტი არ ჰქონია დაგეგმილი, ითვალისწინებდა, რომ „ყველაფერი შეიძლებოდა მომხდარიყო“. ახლაც იფიქრა, რომ ეს შეთავაზებაც სწორედ ერთ-ერთი იმ მოსახდენთაგანი იყო. ამიტომ ვილის და რაიმუნდს თანხმობის ნიშნად თავი დაუკრა და უხმოდ აედევნა. ტყეში შესვლამდე ვილიმ მოულოდნელად უბიდან „შვერმერაით“ სავსე ბოთლი ამოაძვრინა. რამდენიმე ყლუპით რომ მომაგრდნენ, უცებ სამივეს უცნაური მღელვარება დაეუფლა, რადგან აღმოაჩინეს, რომ საუცხოო ყვითელი მელისკუდებით მოფენილ ტყისპირა მდელოზე იდგნენ. ვოინიჩის თვალს დიდი დრო არ დასჭირვებია ჩამოცვენილი ფოთლებისა და სოკოების ერთმანეთისგან გასარჩევად. უამრავი სოკოს დანახვით
აღფრთოვანებულსა და გულაჩუყებულს თვალებზე ცრემლი მოადგა, მოულოდნელად მუხლებზე დაეცა და ხავსის ფუმფულა ხალიჩაზე გამალებით შეუდგა მელისკუდების კრეფას. თანამგზავრებს რომ გახედა, დაინახა, რომ ისინიც ზუსტად მასავით დაჩოქილები მუხლისთავებით დახოხავდნენ და სოკოს ისე მარდად აგროვებდნენ, რომ სულ მალე კალათებს პირამდე აავსებდნენ. თუმცა ამდენი სოკოს თან წაღებას ალბათ ვერ შეძლებდნენ. ცოტა ხანში ოპიცი მდელოზე დაჯდა, ჯერ თვითონ მოიყუდა „შვერმერაი“ ბოთლიდან, მერე თანმხლებთ გაუწოდა და კმაყოფილმა ჩაილაპარაკა: – მეფური ვახშამი გვექნება, უკეთესს კაცი ვერც კი ინატრებდა. მარტო ნაღებიღა გვჭირდება. ვილი და რაიმუნდი ადგილობრივ კილოზე ბაასობდნენ. ვოინიჩი სოკოს კრეფაში იყო გართული და მათი ნალაპარაკევი თითქმის არ ესმოდა. ხელს წამდაუწუმ იწვდიდა კალათისკენ და შიგ ერთმანეთზე უკეთეს სოკოებს ყრიდა. რაც უფრო მაღლა მიიწევდნენ მთის ფერდობზე, ტყეც სულ უფრო ხშირდებოდა და ახლა უკვე ხავსის სოკო ჭარბობდა, ხოლო როცა წიფლის ტევრში შევიდნენ, იქ უამრავი დათვის სოკო დახვდათ. ოპიცსა და რაიმუნდს ამ საუცხოო სოკოთა სიმრავლე დიდად არ აღელვებდათ. მხოლოდ ვოინიჩი დახტოდა სიხარულისგან და აღტყინებული წვრილი ხმით გაჰკიოდა. ბოლოს საერთოდ განზე გადგა და ხეს ამოეფარა, რომ მაისური გაეხადა და ახლა ის გაევსო დაკრეფილი სოკოთი. ჩამოცვენილი ფოთლების ხელჯოხის წვეტით ქექვისას მან უცბად გააცნობიერა, რომ აქაც ხარისფაშვას ეძებდა, თავისი ბავშვობის სოკოს. ის და მამა მთელი დღე ტყე-ტყე დახეტიალებდნენ ბუნების ამ ულამაზესი, იდუმალი ნობათის მოსაძებნად, რომელსაც გემოთი ვერც ერთი სოკო ვერ შეედრებოდა. მერე გულით უნდოდა, გლიცერიას დახმარებოდა და ხმელი ფოთლების, წიწვებისა და მიწისგან გაესუფთავებინა სოკოები, თან მათი დაჭმუჭნილი ქუდების ქვეშ ეჭვრიტინა, მაგრამ მამა ამის სასტიკი წინააღმდეგი იყო. კალათას სამზარეულოში რომ დადგამდნენ, სოკოსთვის გლიცერიას უნდა მიეხედა, მას კი, მშობლის ბრძანებით, ხელწერის დასახვეწად „ტრილოგიის“ მოზრდილი ფრაგმენტების გადაწერაში უნდა ევარჯიშა. ამასობაში უკან ჩამორჩენილმა ვოინიჩმა შორიდან შენიშნა, რომ მისი თანამგზავრები ტყის მდელოზე გასულიყვნენ და ახლა იქ აგროვებდნენ რაღაცას უხმოდ, სახეზე კი აღელვება ეტყობოდათ. – ეს უცნაურობა რაღაა? – იკითხა ახლოს მისულმა, მაგრამ პასუხი არ მიუღია. ოპიცი და რაიმუნდი დიდი სიფრთხილითა და მონდომებით ორ-ორი თითით კრეფდნენ წვრილ ფეხზე მდგარ პაწია უსახურ სოკოებს. ვოინიჩმა ჩაიმუხლა და ახლოდან დააკვირდა ამ ფერმკრთალ ჩია ქმნილებებს, რომელთაც სუსტ ფეხებზე მორუხო ქუდები ჩამოეცვათ. – ნაყენისთვის მჭირდება, – თქვა ოპიცმა, ისე რომ მისკენ არ გაუხედავს, – „შვერმერაისთვის“. აჰა, აი, თურმე როგორ გამოიყურება „შვერმერაისთვის“ საჭირო სოკო, გაიფიქრა ვოინიჩმა
და ხელი გაიწვდინა დასახმარებლად. – რა ჰქვიათ? – სხვადასხვანაირად ვეძახით – ხან კონუსურ თავტვლიპინებს, ხან, უბრალოდ, ჩვენს ადგილობრივ საყვარელ ტვლიპინებს, – მიუგო ოპიცმა და გაიცინა. ვოინიჩმა პირველად შეამჩნია მისი დიდი, მეჩხერი კბილები. ვოინიჩი კვლავ სიამოვნებით ჩაერთო სოკოს კრეფაში და ცოტა ხანში კალათებში დიდ სოკოებს შორის დარჩენილი თავისუფალი ადგილები ამოევსო ამ გრძელი და წვრილფეხა ნაზი ქმნილებებით, მართლაც რომ დახვეწილი და ძვირფასი სოკოსამკაულებით, რომელთაც ესოდენ ცნობილი ადგილობრივი სასმლის დასამზადებლად იყენებდნენ. ვოინიჩს შარვლის დასვრა თუ დასველება აღარ ადარდებდა, მან რბილ ხავსზე თამამად მოიკეცა ფეხი და კიდევ ერთხელ ახლოდან დააკვირდა ახალგაცნობილ ცეროდენებს. დიდრონ დათვის სოკოებსა და მშვენიერ უხვნაკეცა ქუდიან ხავსის სოკოებთან შედარებით, მათ ქუდებს, თუ შეიძლება ასე ითქვას, მეტისმეტად საბრალო და შეშინებული იერი ჰქონდათ. ეს მშიშარა, სუსტი და მყიფე ქუდები, თითქოს ადამიანის ნაბიჯის მოახლოებაზეც კი თრთოდნენ, თითის ოდნავ მოუხეშავი მიკარება მათ ნაზ ქუდს, არა, ქუდს კი არა, უფრო ალბათ, ჩაჩს, რომელსაც ახალშობილ ბავშვებს ახურავენ ხოლმე, მყისვე აზიანებდა. ისინი მოწყვეტისთანავე იწყებდნენ გაფუჭებას, ჩაჩის ქვედა მხარე შავდებოდა, ისეთ სახეს იღებდნენ, თითქოს სიბერე ამ სახეობის თანდაყოლილი თვისება იყო. მაგრამ როდესაც ორ თითს ფეხში წაავლებდი მოსაწყვეტად, მაშინვე იგრძნობდი მოულოდნელ სიმკვრივეს, მატერიის მიერ გაწეულ წინააღმდეგობას, რომელსაც მოსაჩვენებლად ჰქონდა იოლად დასაზიანებელი სოკოს ფორმა; დიახ, მასში ბუნებაში ესოდენ გავრცელებული, შენიღბული და სუსტისთვის დამახასიათებელი ძალა ჩაბუდებულიყო, რათა მნახველი შეცდომაში შეეყვანა. და რომ არა მისი არსებობა, სამყარო მხოლოდ ძლიერი, გემრიელი, ლამაზი და უნაკლო ეგზემპლარებით – მხოლოდ დათვის სოკოებით იქნებოდა წარმოდგენილი. ოპიცი თავის ტლანქ თითებს სოკოს ქუდქვეშ ჰკიდებდა და ფრთხილად ქაჩავდა მიწიდან, მერე კი ძვირფასი ნივთივით მოწიწებით დებდა კალათში. ვოინიჩი ცდილობდა, მისთვის მიებაძა და თან კითხვებს უსვამდა. აინტერესებდა, რამდენ ლიქიორს დაამზადებდა მოკრეფილი სოკოსგან, ან, საერთოდ, როგორ აყენებდნენ „შვერმერაის“, მაგრამ საქმეში გართული ოპიცი იმდენად გაურკვეველ და ძუნწ პასუხებს აძლევდა, რომ ვოინიჩმა ბევრი ვერაფერი შეიტყო. – შეხედეთ, აგერ, იქ, – უცნაური, ხრინწიანი ხმით წამოიძახა უცბად რაიმუნდმა და გადაიხარხარა, – აგერ, იქ წევს, თან რამხელაა! ვოინიჩმა თავიდან ვერ გაიგო, რას გულისხმობდა რაიმუნდი, რომელიც გაუჩერებლად ხითხითებდა, მაგრამ როდესაც იმ ადგილას მივიდნენ და საგრძნობლად ამობურცული მიწის ზედაპირი დაინახა, შეშფოთებული ყველაფერს მიხვდა – მიწას ადამიანის ფორმა ჰქონდა. უსიამოვნოდ
გასცრა ტანში, განგაშის გრძნობამ, რომელიც მაშინ გეუფლება, როცა შენს ახლობელს საფრთხე ემუქრება, მთელი მისი არსება მოიცვა. ეს დამპალი, დაფუღუროებული ხისგან და ხავსის, ფიჩხისა და ხმელი წიწვებისგან გაკეთებული დედოფალა აღმოჩნდა, რომლისთვისაც ოსტატურად გამოყვანილ თავზე სოკოების მაქმანი შემოევლოთ. სახე აბედა სოკოსი ჰქონდა, თვალებად გირჩები ჩაერჭოთ, პირის ადგილი გვარიანად ამოეღრუტნათ, თავის გარშემო შემოწყობილი ნაძვის წვრილ-წვრილი ტოტები გაწეწილი გრძელი თმის მოვალეობას ასრულებდა. დედოფალას ხელ-ფეხი გაეფარჩხა, ხოლო მისი ფეხების შუაში – რაც სამივე მათგანს მაშინვე თვალში ეცა – ბნელ და ვიწრო ხვრელს, ტყის ორგანული სხეულის სიღრმეში შემავალ გვირაბს დაეღო პირი. დედოფალას რომელიღაც კენკრის წვენით მოხატულკერტებიანი ქვის ძუძუები და განიერი, მრგვალი თეძოებიც ჰქონდა, მუცლის ადგილი კი რბილი ხავსით დაეფარათ. ვოინიჩი საშინლად ღელავდა. მოულოდნელად რეალობიდან მოწყვეტის ისეთი მძაფრი შეგრძნება დაეუფლა, რომ ყელიც კი შეეკუმშა და რამდენჯერმე გაჭირვებით ჩაყლაპა ნერწყვი. დაბნეულს ბოლომდე ჯერ კიდევ ვერ გაეგო, რას უყურებდა. რაიმუნდმა კვლავ ხრინწიანი ხმით ჩაიხითხითა და მან და ოპიცმა ერთმანეთს თვალი ჩაუკრეს. ვოინიჩი გაოგნებული შეჰყურებდა შუაგულ ტყეში აღმოცენებულ ანომალიას – ჩვეული წესრიგის დარღვევის მცდელობას. ვინც უნდა ყოფილიყო მისი შემოქმედი, უდავოდ დიდი დრო უნდა დასჭირვებოდა ამ ადამიანური თუ მცენარეული ფორმის შესაქმნელად, საკმაო ხანს უნდა ეტარებინა ჩანაფიქრი და მასალაც დიდხანს ეგროვებინა. ძუძუებისთვის გამოყენებულ ქვების მსგავსს ახლომახლო ვერსად ნახავდით. ეს რიყის ქვები იყო, რაც იმას ნიშნავდა, რომ ისინი აქ ბარიდან, ე. ი. რომელიმე მდინარიდან უნდა ამოეტანათ. – მენახშირეების ნამოქმედარია, – თქვა ვილი ოპიცმა, – გართობა მოუნდომებიათ ბიჭებს. აბა, თან წასვლის დროა, წავედით! ოპიცმა კალათებს ხელი წამოავლო და ქვემოთ დაეშვა, რაიმუნდი და მეჩისლავიც დაედევნნენ. რაიმუნდი თავიდან ნელა მიდიოდა, ირგვლივ ყველაფერს ათვალიერებდა, თითქოს ამ ადგილის დამახსოვრება უნდაო, თანდათან კი ფეხს ისე აუჩქარა, რომ თანამგზავრები უკან ჩამოიტოვა. სოფელში დასაბრუნებლად სულ რაღაც თხუთმეტი წუთი დასჭირდათ. სანამ პანსიონატამდე მივიდოდნენ, გზაში ვოინიჩი ტყეში ნანახის შესახებ ეკითხებოდა ვილის, რომელიც, ვერ ვიტყოდით, რომ ხალისით სცემდა პასუხს დასმულ კითხვებს, მაგრამ ყმაწვილმა მეჩისლავმა მაინც მოახერხა და მასპინძელს ყველაზე მთავარი გამოსტყუა. თურმე მენახშირეებს – იმ პირგამურულ, კუშტ ადამიანებს, ერთხელ მთაში გასეირნებისას ტყის მდელოზე რომ გადაეყარნენ, – რომლებიც იშვიათად, სულ რამდენიმე საათით ჩამოდიოდნენ ბარში და ისიც მხოლოდ იმისთვის, რომ გვარიანად გამომთვრალიყვნენ, ოდითგან ერთი ჩვეულება ჰქონიათ. ამ ჩვეულებაზე არავინ ლაპარაკობდა, თუმცა მის შესახებ ყველამ ყველაფერი იცოდა. გოერბერსდროფში სამუშაოდ შორიდან ჩამოსული მენახშირეები მთელ სამუშაო სეზონს აქ ატარებდნენ. ამ ხნის განმავლობაში ქალთან სიახლოვეს მოკლებულნი (ბევრს ცოლიც არ ჰყავდა), ვნების ჩასაცხრომად აბსტინენციის დამღლელი პერიოდების შემდეგ მიწაზე გართხმულ ისეთ დედოფალებს იკეთებდნენ, როგორიც ტყეში ნახეს. დედოფალას ტუნჩის ეძახდნენ. დიახ, სწორედ ასე მოიხსენიებდნენ მათ. მსგავსი ჩვეულება სხვაგანაც ჰქონიათ, ყველგან, სადაც მარტოხელა მამაკაცები იყვნენ. მათ სურვილების დაკმაყოფილება სჭირდებოდათ, მოცდა კი არ შეეძლოთ, რადგან უქალობა აავადებდათ და საშიშები ხდებოდნენ. მამაკაცის სურვილი დაუყოვნებლივ უნდა დაკმაყოფილდეს, სხვაგვარად სამყარო ქაოსური გახდება, დასძინა ოპიცმა თავისი ნათქვამის შესამსუბუქებლად. ასეა მთელ დედამიწაზე. მამაკაცური ვნება იმდენად ძლიერია, რომ ადამიანის განადგურება შეუძლია, ამიტომ მარტო მყოფ კაცს რამე ისეთი სჭირდება, რაც მას შვებას მოჰგვრის. ეს ყველას უნდა ესმოდეს და მსგავსი რამ ნორმალურად უნდა მიიჩნეოდეს. ოპიცისგანვე შეიტყო ვოინიჩმა, რომ ასეთ ტუნჩებს ალპებშიც აკეთებდნენ, სადაც მწყემსები მთელი სეზონი მიდიან საძოვრებზე და თავს უფლებას აძლევენ, ვნების დაცხრომის ასეთ ფორმას მიმართონ. იგივე წესი ყოფილა გავრცელებული შორეულ სტეპებზე მყოფ მამაკაცებში, სადაც ისინი საქონელს ამრავლებდნენ, და მიუვალ ადგილებში გადაკარგულ ოქროს მაძიებლებშიც. ერთი სიტყვით, ყველგან, სადაც ქალები არ არიან, – სმენად ქცეული ვოინიჩი რაიმუნდის ხრინწიანმა სიცილმა გამოაფხიზლა. – ჰოდა, ამ ყველაფრიდან შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ტუნჩი ცხოვრების ნაწილია, ხოლო შენ რომ მათ შესახებ აქამდე არაფერი გსმენია, იმას უსვამს ხაზს, რომ ჯერ ტუჩზე რძე არ შეგშრობია და დროა, კაცი გახდე, – ამას რომ ამბობდა, ოპიცმა მეჩისლავს მკლავში ხელი ჩაავლო, მთელი ძალით შეანჯღრია და ყმაწვილი ფართო მკერდში ჩაიკრა. ვოინიჩს ამ დროს მაისურიდან რამდენიმე მელისკუდა გადმოუვარდა. როდესაც ტყიდან მოსული ვახშმისთვის ტანსაცმელს იცვლიდა და წინდებიდან დამტვრეულ ნაძვის წიწვებს ფერთხავდა, როცა კურტაკს შალის ქსოვილზე მიწებებულ ობობას ქსელს აცლიდა, როცა თმაში ჩარჩენილ თესლებს და ფიჩხის ნატეხებს სავარცხლით იშორებდა, მეჩისლავს მოსმენილზე ფიქრი არ შეუწყვეტია. თვითონ თუ უგრძნია ოპიცის მიერ ნახსენები ლტოლვა? ან საერთოდ, რამე ასეთი არაბუნებრივი სიმძლავრე უგრძნია ოდესმე? სასადილო ოთახში რომ შევიდა, ყველამ ცნობისმოყვარედ შეხედა. მათ სახეებზე ერთდროულად იხატებოდა ირონია და კეთილგანწყობა. ვახშმად შემწვარი ფარგა, კარტოფილის მთელი გორა და ნაღების სოუსში ჩაწყობილი ოხრახუშმოყრილი მელისკუდები მოართვეს. არავინ დარჩენილა ისეთი, დამატებითი ულუფა რომ არ მოეთხოვა. ვოინიჩმა ეს მენიუც გულდასმით ჩაიწერა თავის უბის წიგნაკში.
*
მაგიდასთან ისევ კურჰაუსში გადასვლაზე მსჯელობდნენ. ადგილის გათავისუფლების შემთხვევაში, თითოეულ მათგანს მტკიცედ გადაეწყვიტა აქედან წასვლა, რითაც მკვეთრად უსვამდნენ ხაზს მამაკაცების პანსიონატში თავიანთ დროებით ცხოვრებას. ვოინიჩმა თავისი სხარტი გონების წყალობით, მალევე აღმოაჩინა მათ საქციელში ყველასთვის ხელსაყრელი ერთგვარი თამაში, რომელშიც უნებურად თვითონაც ჩაება. საქმე ის იყო, რომ სინამდვილეში არც ერთ მათგანს არ სჯეროდა, რომ კურჰაუსში ოდესმე გათავისუფლდებოდა ადგილი და ამ აზრს ვოინიჩიც ეთანხმებოდა. ან იქნებ არც უნდოდა, რომ ეს მითური ადგილი გათავისუფლებულიყო – ასეთ შემთხვევაში დანაპირების შესრულება და სანატორიუმის მთავარ შენობაში გადასვლა მოუწევდა, რასაც მისი ჯიბისთვის კატასტროფული შედეგი მოჰყვებოდა. თუკი მამაკაცთა პანსიონატში საშუალოდ ასორმოცდაათ მარკას იხდიდნენ, კურჰაუსში ორჯერ მეტი უნდა გადაეხადათ. რა თქმა უნდა, იქ პირობებიც გაცილებით უკეთესი ექნებოდათ, თუნდაც იმიტომ, რომ პროცედურებზე სხვაგან სიარული აღარ დასჭირდებოდათ. გარდა ამისა ოთახებიც უფრო კომფორტული იყო და სამზარეულოც ბევრად უკეთესი. კურჰაუსის სამზარეულოდან გამოსული მადისაღმძვრელი სურნელი ზოგჯერ პარკამდეც კი აღწევდა. კურჰაუსის პაციენტები სასეირნო ბილიკზე შეხვედრისას თითქოს უფრო მაღლები და უფრო მოვლილები ჩანდნენ. თოვლივით ქათქათა პერანგები ეცვათ და გარეგნულადაც კარგად ნაპატივებ შინაურ ფრინველებს ჰგავდნენ, თუმცა ისინიც იმავე სენით იყვნენ დაავადებული. უკვე რამდენიმე წელი იყო, რაც აქ ქალებს „მტრედის მკერდი“ ამშვენებდათ, ანუ მკერდს ბატისტის ან აბრეშუმის ისეთი ფურფუშებიანი გულისპირით იფარავდნენ, გეგონებოდათ, ვიწრო ქვედაკაბიდან ქაფი ამოდუღდაო. აი, მამაკაცებს კი, რომელთა სერთუკებიც მამალი მტრედების ბუმბულს მოგაგონებდათ, ხეშეში, გახამებული საყელოებიდან ისე ამოსჩროდათ თავები, თითქოს ნაშუადღევის ჩაისთან ერთად ლანგარზე უწყვიათო. დამსვენებლები სასეირნოდ მუდამ საგანგებოდ გამოწყობილები გამოდიოდნენ და რომელიმე სახელმწიფო დღესასწაულის მოზეიმეებს უფრო ჰგავდნენ, ვიდრე სანატორიუმში მყოფთ. მოსეირნეთა მუსაიფი შორიდან მტრედების ღუღუნივით ისმოდა. ისინი დინჯად, ტაატით დადიოდნენ და ხელჯოხებისა და ქოლგების ბოლოებით ბილიკებზე ნახვრეტებს ტოვებდნენ. თვით ის ფაქტი, რომ კურჰაუსში გეჭირა ოთახი, მყისვე გაკეთილშობილებდა და უპირატესობას განიჭებდა ყველგან და ყველაფერში, რაც სასეირნო ბილიკზე შეიძლებოდა მომხდარიყო: შემხვედრნი გზას გითმობდნენ, შეგეძლო, გზის პირას ჩამწკრივებულ მერხებზე პირველს დაგეკავებინა ადგილი, კამათშიც მართალი ყოფილიყავი და მეტი ანეკდოტიც მოგეყოლა. ყოველდღიური გასეირნება იმ ტრიუმფის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი იყო, რომელსაც ამ სევდიან რეალობაში მათი სნეულება მხოლოდ იმ მიზეზით აღწევდა, რომ ქონებრივი უპირატესობის გამო შეეძლოთ უფრო უკეთეს, უფრო ცივილიზებულ პირობებში ყოფილიყვნენ ავად. პანსიონატებისა და ვილების ნაქირავებ ოთახებში მცხოვრები პაციენტები სეირნობისას სრულიად განსხვავებული, ჩქარი, შეიძლება ითქვას, პრაგმატული, გარკვეული მიზნისკენ მიმავალი ნაბიჯით დადიოდნენ, რაც მდაბიო წარმოშობის ადამიანებისთვის არის დამახასიათებელი. ისინი კი, ვისაც უსახსრობის გამო ღარიბებისათვის განკუთვნილ სახალხო-სამკურნალო განყოფილებაში დაედო ბინა, უმიზნოდ დაბორიალებდნენ სანატორიუმის ეზოში და ძვირად ღირებულ სამკურნალო პროცედურების ჩანცვლებას ყველაზე იაფი და, შესაძლოა, ყველაზე უფრო ეფექტური სუფთა ჰაერით მკურნალობით ცდილობდნენ. სასეირნოდ გამოსულ მეჩისლავს ხშირად ესმოდა პოლონური ენა. ხანდახან სამკურნალო წოლის დროს, ვერანდის მეორე ბოლოდან მას თითქოს უფრო მრგვალი, მოქნილი და კეთილგანწყობილი სიტყვები ესმოდა, რომელთაც მისი ყური მხოლოდ გაუგებარი ბგერების ერთობლიობად კი არ აღიქვამდა, არამედ როგორც შინაარსის დამტევ ბგერათშეთანხმებად. მოსმენისთანავე ისინი დაუყოვნებლივ იჭრებოდნენ მის გონებაშიც, საიდანაც მათი განდევნა იოლი საქმე აღარ იყო. ამ მშვიდ გარემოში, რომელსაც ყმაწვილი კი არ უნდა აეღელვებინა, უნდა განეკურნა, დატკეპნილ ბილიკზე ამოშვერილი ფესვებივით იყვნენ, რომელზეც შეიძლება ფეხი წამოგეკრა და წაქცეულიყავი. ვოინიჩი ცდილობდა, თანამემამულეებთან საუბრისთვის შეძლებისდაგვარად თავი აერიდებინა. ჯერ ერთი, იმიტომ, რომ, მისი აზრით, უმჯობესი იყო, გერმანულში გაწაფულიყო, ვიდრე შინაურულ ლაყბობაში დაეხარჯა ენერგია; მეორე მიზეზი კი ის გახლდათ, რომ პოლონელები სასტიკად აღიზიანებდნენ. ნერვები ეშლებოდა, როცა ხედავდა, ერთად შეკრებილნი და ერთმანეთით გართულები – დიახ, მხოლოდ და მხოლოდ ერთმანეთით იყვნენ შეპყრობილნი და გარემომცველი სამყაროს მიმართ ბრმები, სამყაროს მოძრავ ჭიპს ქმნიდნენ – როგორ დადიოდნენ ჯგუფ-ჯგუფად სასეირნო ბილიკებზე მოჩვენებითი თავდაჯერებულობით, რომლის მიღმაც სინამდვილეში უამრავი კომპლექსი და გარემოზე მოურგებლობის სიმორცხვე იმალებოდა. ხანდახან, გვერდით რომ ჩაუვლიდნენ, მათი ნათქვამი სიტყვები ესმოდა და უხერხულ მდგომარეობაში ვარდებოდა, მიუხედავად იმისა, რომ ისინი სრულიად უდანაშაულოდ ჟღერდნენ: „თუმცაღა“, „ხელზე გეამბორებით“, „ეჭვი არ არის, მომიტევებთ, ჩემო ბატონო“. ეს სიტყვები მას ლვოვში აბრუნებდნენ, არადა, იქიდან ამ სიშორეს გამოქცეული, მათ გარეშე კარგად გრძნობდა თავს და უნდოდა, ბოლომდე თავისუფალი ყოფილიყო. აღიზიანებდა მთელი მონდომებით მიჩქმალული, პოლონელებისთვის დამახასიათებელი უსუსურობის განცდა, რომელიც უმალ მეტისმეტ სიყოყოჩეში გადაიზრდებოდა, ვიდრე თავს გამოამჟღავნებდა.
ყველაზე ხშირად მაინც დღენიადაგ ერთად მოსიარულე სამ მამაკაცს ხვდებოდა – დაახლოებით ერთი ასაკისებს, ოდნავ დაუდევრად, მაგრამ მაინც კარგად ჩაცმულებს. კილოზე ეტყობოდათ, ვარშავიდან უნდა ყოფილიყვნენ. მათ შორის ყველაზე უფროსი, ოდნავ შემელოტებული და ჩასკვნილი სათვალიანი კაცი მასწავლებელს ჰგავდა და ვოინიჩიც სწორედ ასე ფიქრობდა. მეორე, მასზე ალბათ რამდენიმე წლით უფროსი გამხდარი და ფერმიხდილი, ხშირ-ხშირად რომ ახველებდა, ნებისმიერი პროფესიისა შეიძლება ყოფილიყო: სტუდენტი, მოხელე, რომელიმე მდიდარი მემამულის ოჯახს შეკედლებული ხელმოკლე ნათესავი… და ბოლოს, მესამე, წვეროსანი, ჩია ტანის კაცი იყო, რომელიც სიარულის დროს ცალი ხელით ხელჯოხს ეყრდნობოდა, მეორით კი ცოცხლად ჟესტიკულირებდა. სამეულს დროდადრო ორი გაურკვეველი ფერის უგემოვნო პიჯაკიანი მანდილოსანიც უერთდებოდა, რის შემდეგაც ისინი ზედმეტად ხმაურიანები, შეიძლება ითქვას, გამომწვევებიც კი ხდებოდნენ. ერთ-ერთი ქალი მაინც განსაკუთრებით ხმამაღლა კისკისებდა ხოლმე და მოსეირნეთა ყურადღებას იქცევდა. ზოგჯერ მათ ერთი ხანში შესული, სოლიდურად ჩაცმული და შინაგანი ღირსებით აღსავსე წყვილიც უერთდებოდა, რომლებიც თანამემამულეთგან კიდევ იმით განსხვავდებოდნენ, რომ ცოლიც და ქმარიც ოქროს მონოკლს ატარებდა, ოღონდ ერთი მარცხენა, მეორე კი მარჯვენა თვალისას, თითქოს თავიანთი მარადიული ცოლქმრული კავშირის დასტურად საქორწინო ბეჭდების ნაცვლად ეს მონოკლები აერჩიათ. ერთ მშვენიერ დღეს ეს ჯგუფი სასადილო დარბაზში მყოფ ვოინიჩს მაშინ წამოადგა თავზე, როდესაც ამ უკანასკნელს სადილი დაემთავრებინა და ფიალიდან პატარა კოვზით გულმოდგინედ ფხეკდა ვანილის პუდინგის ნარჩენს. კმაყოფილები, ისეთი სახეგაბრწყინებულები შემოერტყნენ გარშემო, თითქოს, ეს-ეს არის, რაღაც იშვიათი ცხოველი მოინადირესო. – აბა, ამაზე სასიამოვნო რა უნდა იყოს, უცხოეთში შენს თანამემამულეს რომ გადაეყრები, – წამოიწყო ჩასკვნილმა კაცმა, რომელიც ყმაწვილს ინჟინერ მროჩეკის სახელით გაეცნო. დარცხვენილ ვოინიჩს პირი ჯერ კიდევ პუდინგით ჰქონდა სავსე და სანამ არ გადაყლაპავდა, ვერაფერს იტყოდა, გადაყლაპვა კი ვერ მოეხერხებინა, რადგან ცხელ კვალზე დაჭერილი მსხვერპლივით გრძნობდა თავს. – ჩვენ კიდევ კინაღამ გერმანელი გვეგონეთ, – დაუმატა მეორემ საყვედურნარევ კილოზე. მეჩისლავმა ხელსახოცი გვერდზე გადადო და ისე წამოდგა, თითქოს გამოცდაზე იყო წასასვლელი. მამაკაცებმა დიდი პალმის ძირას მდგარ თავიანთ მაგიდასთან მიიპატიჟეს ყავის დასალევად. ვოინიჩს უარის თქმა ეუხერხულა და საიდან, როგორ, რანაირად და კიდევ სხვა მსგავსი კითხვების ორომტრიალში მოქცეული, მორჩილად აედევნათ უკან. ეკითხებოდნენ და ეკითხებოდნენ. ყველა წვრილმანი აინტერესებდათ, მაგრამ ვოინიჩი ძუნწად მიუგებდა მათ კითხვებზე, თითქოს თავსაც კი არიდებდა პასუხის გაცემას, რაზეც მის ცნობისმოყვარე თანამემამულეებს გული მოსდიოდათ. მათ დაწვრილებით უნდოდათ იმის გაგება, საიდან იყო, რა ასაკის, რას საქმიანობდა, ცოლიანი იყო თუ უცოლო, სად სწავლობდა და ვინ იყვნენ მისი პროფესორმასწავლებლები, მთელი წლის განმავლობაში დრეზდენში რას აკეთებდა. აინტერესებდათ, რატომ იყო ასეთი ფერმკრთალი, რამდენად შორს იყო წასული მისი ტუბერკულოზი, წლიური შემოსავალი რამდენი ჰქონდა მამამისს. ასევე უნდოდათ შეეტყოთ, რას გეგმავდა სამომავლოდ და ყოველ ნაბიჯზე მასაც თუ შეურაცხყოფდა დოქტორი ზემპერვაისი. ბოლო კითხვები პანსიონატისა და აქაურობის თაობაზე დაუსვეს. ჰკითხეს, თუ ვინ იყვნენ პანსიონატის დანარჩენი მცხოვრებნი, რას ფიქრობდა კვების ფასებზე, რამდენად ქირაობდა ოთახს და ეგულებოდა თუ არა სადმე ისეთი ადგილი, სადაც უფრო იაფად შეიძლებოდა გაჩერება. ასევე ჰკითხეს სიდონია პატეკზე, აინტერესებდათ, ჰყავდა თუ არა ქმარი და, საერთოდაც, „წარმოშობით ლესბოსიდან ხომ არ იყო“. ყავის დალევასთან ერთად ვოინიჩის დაკითხვაც დაასრულეს და ახლა ტრაბახზე გადავიდნენ. ვოინიჩმა შეიტყო, რომ ინჟინერი მროჩეკი თურმე თანამედროვე სალეწი მანქანების საუკეთესო სპეციალისტი ყოფილა, ერთ-ერთი მანდილოსანი კი საუცხოოდ ხატავდა აბრეშუმზე. ცხვირში ლაპარაკობდნენ, თანხმოვნებს წელავდნენ და თანამოსაუბრეთა თავებს ზემოთ იყურებოდნენ, თითქოს სადღაც იქ, მაღლა, იყო მათი ნამდვილი სამყოფელი, რომელიც ძალითა და ენერგიით ასაზრდოებდათ. ამის შემდეგ, რაღა გასაკვირია, რომ როგორც კი თვალს მოჰკრავდა მათ ვოინიჩი, სასწრაფოდ გზიდან გადაუხვევდა ხოლმე, მახლობელ ხიდს გადაივლიდა და ჩქარი ნაბიჯით ტყეს აფარებდა თავს. ზოგჯერ პირიქით, საპირისპირო მხარეს, მთის ფერდობზე შეფენილი სოფლისკენ მიდიოდა, ხან საკონდიტროში შესვლასაც რისკავდა, ხან კი ფოსტის კარს შეაღებდა, ოღონდ როგორმე მათთან შეხვედრას გაჰქცეოდა, რაც მისთვის ყველაზე დიდი საფრთხე იყო, რომელსაც სეირნობის დროს შეიძლება გადაჰყროდა. რისი ეშინოდა ჩვენს მეჩისლავს, ასე რატომ გაურბოდა მათ? ნუთუ ფიქრობდა, რომ თავისი თავით კმაყოფილი, თავდაჯერებული, საკუთარ ტყავს კარგად შეფარებული ადამიანის მონდომებით მორგებულ ნიღაბს ჩამოახევდნენ? რომ ლვოვში დააბრუნებდნენ, სადაც ყველა იქაურს შეხვდებოდა, იმ ადამიანებს, რომლებიც ავიწროებდნენ – სკოლაში, ქუჩაში, ექიმების კაბინეტებში? ყველას, ვინც მის ზურგს უკან დანანებით იქნევდა თავს და პირს აწკლაპუნებდა? იმ დაბალჭერიან, გახურებულ სამზარეულოებში გამოკეტავდნენ, სადაც დღენიადაგ ჩერნინა იხარშებოდა? დააბრუნებდნენ სარდაფებში, სადაც გაღვივებული კარტოფილის გროვაზე გომბეშოები ისხდნენ, სარკმლიდან ბიძამისის გაპრიალებული ჩექმები მოჩანდა – ერთი-ორი, ერთი-ორი, მარშის მწყობრი ნაბიჯი, და… კიდევ მისი, პატარა მეჩიშის მხარს ჩაფრენილი ხელი? ვოინიჩს ერჩივნა იმ სამყაროს ნაწილი ყოფილიყო, რომელიც მას ჯერ კიდევ არ იცნობდა კარგად და სადაც ჯერ კიდევ ჰქონდა დრო, ისეთი ყოფილიყო, როგორიც უნდოდა. ერჩივნა, გაერისკა, რომ ერთ მშვენიერ დღეს ეს სამყაროც გაუცრუებდა იმედს და კიდევ სადღაც გაქცევა მოუწევდა, სადღაც შორს, რათა მისთვის კარგად ცნობილ სასოწარკვეთილებას არ ჩავარდნოდა მკლავებში, რომელშიც, როგორც თავისი თავისთვის, ისე სხვებისთვისაც ზედმეტ თავის ტკივილად იქცეოდა. მან ხომ, ის იყო, გააცნობიერა, რომ სნეულებამ მისი ხანმოკლე, ახალგაზრდა ცხოვრების ყველაზე სახარბიელო მომენტში დარია ხელი და საკუთარი თავის ხელახალი განსაზღვრის საშუალება მისცა და, რეალურად, ბედნიერი უნდა ყოფილიყო, რომ აქ მოხვდა, სილეზიის მიწისქვეშა ტბაზე გაშენებულ ამ პატარა კურორტზე.
*
მისთვის გამოწერილი სხვადასხვა სამკურნალო პროცედურიდან ვოინიჩმა თავიდანვე ამოიძულა ეგრეთ წოდებული წვიმის აბაზანა. ეს იყო ექვსიდან რვა გრადუსამდე ტემპერატურის შხაპი, რომელიც იმუნიტეტის ასამაღლებლად რამდენიმე წუთის განმავლობაში ესხმებოდა ნახევრად გაშიშვლებულ სხეულზე. მუდმივად ცდილობდა, ამ პროცედურისთვის როგორმე თავი აერიდებინა და ექიმთან ხან მომატებულ ტემპერატურას, ხან კი „საერთო სისუსტეს“ იმიზეზებდა. ამას თუნდაც მხოლოდ იმიტომ აკეთებდა, რომ პროცედურას სამხედრო აღნაგობის ხნიერი კაცი, ბატონი შვარცი ატარებდა, რომელიც სიცივისგან აცახცახებულ პაციენტებს სადისტური სიამოვნებით უშვერდა წყლის ჭავლს. ვოინიჩი ცალი ხელით საბანაო ტრუსს იჭერდა, მეორით კი ძუძუსთავებს იფარავდა, რომ არ სტკენოდა, რა დროსაც ბატონი შვარცი შლანგის ნახვრეტებიანი თავიდან ულმობლად ასხამდა ცივ წყალს აკანკალებულ საბრალო სხეულზე. გარდა ამისა, ბატონი შვარცი ისე დაჰყვიროდა, თითქოს კადეტი ყოფილიყო: „აბა, ყმაწვილო, ნუ იწირპლები!“, „ცოტა მეტი სულის სიმტკიცე გამოიჩინე!“, „კაცი იყავი, დედაკაცივით ნუ იქცევი!“, „სწორდი, ჯარისკაცო!“ – აი, ამ ფრაზებს უმეორებდა განუწყვეტლივ, რომ სინდისზე შეეგდო და შეერცხვინა. გარდა ამისა, ვოინიჩს დღეში ორჯერ კეფა ცივი წყლისთვისაც უნდა შეეშვირა, რომ კანის ფუნქციონირება გაეუმჯობესებინა, სხეული კი ისე გაეჯანსაღებინა და გამოეწრთო, რომ ამინდს ვერაფერი დაეკლო მისთვის. ზოგჯერ მეჩისლავი ისე ითრგუნებოდა, ცოტაღა აკლდა ატირებას. ასეთ დროს ბატონი შვარცი, რომელიც ლანგვალტერსდროფში ცხოვრობდა, მთელი არსებით სძულდა. ბატონი შვარცის გარდა სანატორიუმში „ბადემაისტერიც“ მუშაობდა – წარმოსადეგი, თავგადაპარსული ახმახი, რომელსაც მშვიდი ბუნება ჰქონდა და უმეტესად ჩუმად იყო. მას ყველა უბრალოდ ოსკარს ეძახდა. როგორც კი ვოინიჩი ჯალათი შვარცის ხელიდან თავს დაიხსნიდა, ოსკარი მას ხეშეში პირსახოცით ამშრალებდა, ზურგზე გასახურებელ ზეთს უსვამდა და მის საბრალო სხეულს ცომივით ზელდა. კურორტზე ახალჩამოსული ვოინიჩი მსუბუქ კუჭის აშლილობასა და გასტრიტს უჩიოდა, რაც უთუოდ ახლებურ კვებასთან, აქაურ კლიმატთან და წყალთან შეუგუებლობის ბრალი იყო. დოქტორმა ზემპერვაისმა კუჭის ნორმალური მოქმედებისთვის პეპსინი გამოუწერა, საღამოობით კი დოვერის ფხვნილს სვამდა, რომელსაც აქ ხშირად იყენებდნენ. ეს ფხვნილი ერთი წილი ოპიუმის, ერთი წილი იპეკოსა და რვა წილი ლაქტოზისგან შედგებოდა და ოფლმდენი და ძილისმომგვრელი მოქმედება ჰქონდა. კურჰაუსში ვოინიჩის საყვარელი ადგილად ზამთრის ბაღი იქცა, სადაც სასადილო დარბაზიდან უნდა გასულიყავი. ზამთრის ბაღში ექვსი მოზრდილი მაგიდა იდგა, რომელთაც პაციენტები რამდენიმე ნაკადად მიუსხდებოდნენ ხოლმე საჭმელად. კურჰაუსში სადილობა მეჩისლავს საკმაოდ ძაბავდა, ამიტომ ფიქრობდა, უარი ეთქვა მასზე და მთლიანად ოპიცისა და რაიმუნდის სამზარეულოს კვებაზე გადასულიყო. სასადილო დარბაზში ვოინიჩი ბოლო ნაკადის პაციენტებთან ერთად შედიოდა. ამ დროს დარბაზი თითქმის ცარიელი იყო და, რაც მთავარია, პოლონელები არ იყვნენ იქ, რადგან ისინი პირველ ნაკადში სადილობდნენ. ჩვეულებრივ, მაგიდასთან შვედეთიდან ჩამოსულ მოხუც ცოლ-ქმართან და ორ, ასევე ხანდაზმულ რუს ქალთან ერთად ჯდებოდა ხოლმე, რომლებიც მშობლიურის გარდა ვერც ერთ ენას ვერ ფლობდნენ კარგად, და კმაყოფილიც იყო, რომ არ უწევდა მათთან საუბრით თავის შეწუხება. სადილი ყოველთვის გემრიელი ჰქონდათ. მაგალითად, იმ დღეს მიირთვეს ადგილობრივი კერძი – შემწვარი კალმახი ნუშის სოუსში, ღუმელში გამომცხვარი ძირშავა და ლორთან და ბლომად ხახვთან ერთად შებრაწული კარტოფილი და ძალზე ყვითელგულიანი შემწვარი კვერცხი, თავზე მოყრილი წვრილად დაჭრილი მწვანე ხახვით. ჩაროზად კი ხილის წვენის ნაყინი იყო. ნაყინს სხვადასხვა სახეობის ხილისგან ამზადებდნენ, რომელთაგან ყველაზე მეტად მაყვლისა მოსწონდა. ვოინიჩი მალე მიხვდა, რომ ყუათიანი სადილის შემდეგ ყავას არაფერი შეედრებოდა, ამიტომ ყავის სმა სასიამოვნო ჩვევად გადაიქცია. განსაკუთრებულ კმაყოფილებას განიცდიდა, როდესაც ყავას ზამთრის ბაღში აჟურულ რკინის მაგიდასთან მიმჯდარი სვამდა, პარკს გასცქეროდა და გერმანულ გაზეთებს ათვალიერებდა. ყოველთვის ცდილობდა, ისე დამჯდარიყო, რომ არავინ გამოლაპარაკებოდა, მყუდროება არ დარღვეოდა და თავისი საყვარელი განცხადებები და მოდის შესახებ დაწერილი სტატიები სიამოვნებით ეკითხა. მართლაც ლამაზი ზამთრის ბაღი იყო. მასში მრავალი სახეობის ფოთლებდახვრეტილი ფილოდენდრონი და პალმა იზრდებოდა, რომლებიც გაფარჩხული თითებით თითქოს უზარმაზარი ფანჯრების გახსნას და გარეთ გაღწევას ლამობდნენ. ყველაზე მზიან ადგილას კაქტუსები იდგა – ერთ-ერთის სიმაღლე, ალბათ, ორ მეტრს აჭარბებდა. მათგან ოდნავ მოშორებით მდგარ მცენარეთა სახელი კი ვოინიჩისთვის უცნობი იყო. სხვა ადგილებთან შედარებით აქ უფრო ტენიანი, ნოტიო ჰაერი იყო და დამბალი მიწისა და ოზონის სურნელი ტრიალებდა. მოწნული სავარძელი, რომელშიც გემრიელად მოკალათდებოდა ხოლმე, ყოველ განძრევაზე ჩუმ ხმაზე ჭრიალებდა – ეს ხმა მეჩისლავს იმ სასიამოვნო დროს ახსენებდა, როდესაც ერთხელ მამასთან და ბიძასთან ერთად ზალეშჩიკში გაემგზავრა, სადაც ცივი და წყალმარჩხი მდინარის პირას პლაჟის მოწნულ კალათებში ისვენებდნენ და ბიძის მოტანილ ვაფლიან ნაყინს ლოკავდნენ. სწორედ იმ ნაყინის გემომ განსაზღვრა მისთვის ნაყინის სტანდარტი და მას შემდეგ ყველა სხვა ნაყინის გემოს ამ ნაყინისას ადარებდა. კურჰაუსის ზამთრის ბაღში მოწნულ სავარძელში მჯდომს კიდევ ბევრი რამ ახსენდებოდა. არც კი იცოდა, როდის დაუგროვდა ამდენი მოგონება – ის ხომ ჯერ ძალიან ახალგაზრდა იყო და თავის თავსა და წარსულზე თითქმის არ ფიქრობდა! როგორც აღმოაჩინა, სულ პატარა, ყოვლად უმნიშვნელო მოვლენებიც კი ახსოვდა. მაგალითად, ერთხელ ბიძამ წვრილი ხურდა ფული აჩუქა და კოლონიური საქონლის მაღაზიაში გაგზავნა კანფეტ „გრილიაჟის“ საყიდლად. დახლთან რომ მივიდა, ფული იმ ჯიბეში აღარ ჰქონდა, რომელშიც სულ ცოტა ხნის წინ ჩაიყარა. მის გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა. გაფაციცებით იჩხრეკდა ყველა ჯიბეს, იქნებ რომელიმეში მაინც შეეგრძნო თითებით მონეტები, მაგრამ ამაოდ. ჩანდა, რომ ფული გზაში დაეკარგა. ბატონ მინცს, რომელსაც ის იყო ბიჭისთვის ტკბილეულით სავსე პარკი უნდა მიეწოდებინა, სახეზე ჯერ მოუთმენლობა დაეტყო, ბოლოს კი გაგულისებულმა დახლთან შემდეგ მუშტარს უხმო. პატარა მეჩიში მაღაზიიდან გამოვიდა და სახლისკენ წავიდა, ჭიშკართან მისულს კი გული ამოუჯდა და მწარედ ატირდა. მერე გადაწყვიტა ხურდა ფული მოეძებნა და სახლიდან ქუჩის კუთხეში მდებარე მაღაზიამდე გულმოდგინედ გადაჩხრიკა გზა, მაგრამ ვერაფერი იპოვა. დღემდე ვერ აუხსნია, ასე უკვალოდ სად გაქრა ის ფული. შინ მისულმა გამოაცხადა, მთელი კანფეტი გზაში შემომეჭამაო, რაზეც ბიძას სიცილი აუტყდა და მამას გაკვირვებისგან ტუჩი მოებრიცა. ერჩივნა, ღორმუცელობისთვის გაეკიცხათ, ვიდრე ხელმოცარულობისთვის. ასევე კარგად ახსოვდა, ბავშვობაში როგორ აბანავებდნენ და ის დაძაბულობაც ახსენდებოდა, რომელიც ბანაობის წინ სუფევდა ხოლმე ოჯახში. მამას რატომღაც არ ეხალისებოდა დასაბანად ბავშვის გლიცერიასთვის გადაბარება. ამიტომ სულ ცდილობდა, კატეხიზმოს ლოცვების გამოკითხვა რაც შეიძლებოდა დიდხანს გაეწელა. ბოლოს ბიჭი გლიცერიას სამეფოში, სამზარეულოში მიჰყავდა, სადაც ქალს იატაკზე უკვე მოესწრო ქაფქაფა, ოხშივარავარდნილი წყლით სავსე თითბრის ტაშტის დადგმა. ირგვლივ საპნისა და სუფთა პირსახოცების სადღესასწაულო სუნი ტრიალებდა და მეჩიშის წარმოდგენაში – შაბათის სუნი. არ ახსოვდა, რომ მამა ოდესმე დასწრებოდა მის დაბანას. იდაყვებამდე მკლავებაკაპიწებული, სიცხისგან სახეაფორეჯებული, გაღიმებული გლიცერია ფუმფულა ხელებით ჩამოართმევდა ბავშვს, შემდეგ კი პატარა მეჩიშისთვის ტანსაცმლის გახდის, წყალში ჩასმის, გლიცერიას სურნელოვანი საპნით გაჟღენთილი ღრუბლით გახეხვის რიტუალი იწყებოდა. მისი ნაზი კანისთვის გლიცერიას ყოველთვის განსხვავებული საპონი ჰქონდა შენახული. ასეთ საპონს სახლში სხვა არავინ იყენებდა. გლიცერია დაბანის დროს ათასნაირ საალერსო სახელს ეძახდა ბიჭუნას ხან პოლონურად და ხან უკრაინულად: „პატარა მარგალიტი“, „საპნის ბუშტუკი“, „მძივის მარცვალი“, „ანგელოზი“… ამ სახელების სიმრავლე მეჩიშს თავბრუს ახვევდა და ძლივს უმკლავდებოდა სიტყვების უკან რაღაც ჯადოქრობის წყალობით დახატულ სხვადასხვა სურათს: განძეულს, ეკლესიებს, ტყეებს, ბაღებს… ამ სურათებში მთელი მათი სამყარო და კიდევ სხვა უამრავი სამყარო ეტეოდა, რომლებიც, მართალია, საკუთარი თვალით არასოდეს ენახა, მაგრამ შეეძლო, დაახლოებით მაინც წარმოედგინა. მისი სხეულის ნაწილებს გლიცერიას ენაზე „თათუკები“, „ფეხუცები“, „კულულები“, „ტერფუნიები“ და „ძუძუკები“ ერქვა, მის გამობერილ მუცელს, რომელზეც დროდადრო კმაყოფილი დაიხედავდა ხოლმე, „ღიპუცა“, ხოლო მის შუაგულში რომ პატარა პატარა ჩაღრმავება ჰქონდა – „ჭიპუნია“. ვოინიჩს ძალიან მოსწონდა ეს სახელები და საკუთარი არსებობა სიამაყით ავსებდა (აქვე უნდა ითქვას, რომ მამასთან ურთიერთობის დროს მსგავსი განცდა არასოდეს გასჩენია). აი, ასე ეღუღუნებოდა ხოლმე ოფლში გახვითქული გლიცერია ორთქლის აბანოდ ქცეულ სამზარეულოში ყოველი დაბანის დროს. დაბანის შემდეგ ტაშტიდან ამოიყვანდა, მაგიდაზე წინასწარ გაშლილ პირსახოცზე დასვამდა და დიდხანს ამშრალებდა ფერებ-ფერებით – ხან იღლიებში შეუღიტინებდა, ხან ტერფებში წაეტანებოდა, ვითომ „ფეხის თითუკების“ მოჭმას უპირებდა. მეჩისლავს არასოდეს ავიწყდებოდა, რომ ამ დროს ძალიან ხმამაღლა არ უნდა გაეცინა, თორემ მამა სასწრაფოდ შემოიჭრებოდა სამზარეულოში, დერეფნიდან გამოყოლილ სიცივეს შემოიყოლებდა და მათ გულიან გართობასაც ადგილზე გაყინავდა. ამიტომ მუდამ ცდილობდა, ხმადაბლა ეხითხითა. ამის შემდეგ ფლანელის სუფთა, მაგრამ ხეშეში პიჟამას ჩაცმა მაინცდამაინც არ სიამოვნებდა, მაგრამ იცოდა, რომ მეორე ღამიდან ის ისეთივე ფაფუკი და ღუნღულა გახდებოდა, როგორც ყოველთვის. დროის დინება ყველანაირ სიბასრესა და სიუხეშეს არბილებდა და კიდევ უფრო სასიამოვნოს ხდიდა. პიჟამას რომ ჩააცმევდა, გლიცერია ახლა სავარცხელს იღებდა ხელში და პაჟივით შეჭრილ თმას ვარცხნიდა, თუმცა ხშირად ცდუნებას ვერ უძლებდა და პაწია ნაწნავებსაც უკეთებდა. – როგორი ხშირი თმა გაქვს, როგორი ჯანმრთელი, თან როგორ გიბრწყინავს! – ეალერსებოდა ბიჭს. საუცხოო შეგრძნება იყო, როდესაც გლიცერიას განკარგულებაში მყოფ სხვა ფასეულობათა ქებას თმის ხოტბა-დიდებაც დაემატებოდა ხოლმე. რა თქმა უნდა, ქალი მალევე უშლიდა ნაწნავებს, მაგრამ, სამაგიეროდ, თმას უყოფდა და შუბლზე ლამაზად უვარცხნიდა, რომელსაც ძილის წინ გამოსამშვიდობებლად მოსული მამა მაშინვე უჩეჩავდა. ამ დროს მეჩიში უკვე თავის ცივ ოთახში გახამებულ ქათქათა თეთრეულში იწვა, ფეხებთან სათბურა ედო და ყოველკვირეული ბანაობის დროს გლიცერიას ალერსისგან მოგვრილ სიამოვნებაზე ფიქრობდა. ერთ დღესაც, პანსიონატში რომ ბრუნდებოდა, ვოინიჩმა ადგილობრივ საკონდიტროში შეიარა, სადაც ერთი კოლოფი ფსტის კრემიანი ფრანგული მაკარონი იყიდა. მოეჩვენა, რომ მისი სალათისფერი მწვანე ძალიან ელეგანტურად გამოიყურებოდა და ძნელად ამოსაცნობ გემოსაც ჰპირდებოდა, რომელიც აუცილებლად უნდა გაესინჯა. მოგვიანებით კი თავის დღიურში ჩაწერა: „საოცრად მსუბუქი, ჰაეროვანი, ხრაშუნაკანიანი ცომი. ზალევსკისთან ნაყიდ ჩვენებურ მაკარონებთან შედარებით ნაკლებად ტკბილი. კრემი საკმაოდ უგემურია, ფერი ხელოვნურია და, სავარაუდოდ, ისპანახისგან უნდა იყოს მიღებული“. პანსიონატის კართან მისულს შორიდან პოლონური შეძახილი შემოესმა: „საუცხოო ხუმრობაა, ღმერთმანი! წარმოსახვა მაქვსო, თქვენ უნდა დაიკვეხოთ!“. ვოინიჩმა ინსტინქტურად აუჩქარა ნაბიჯს, რაც შეიძლება სწრაფად რომ შეეფარებინა შენობისთვის თავი.
*
იმ ნაშუადღევს ტყის პირას როგორღა აღმოჩნდა? დილიდან ცრიდა, რის გამოც ბევრმა გადაიფიქრა სასეირნოდ წასვლა. ჰოდა, ძალიანაც კმაყოფილი იყო, რომ არავის დაუნახავს, როგორ გამოვიდა პანსიონატიდან ქოლგით ხელში და ნაცვლად იმისა, რომ ნაცნობ ბილიკს დასდგომოდა, გვერდზე გადაუხვია. შეუპოვრად მიუყვებოდა ფერდობს. კიდევ კარგი, რომ ძველი ფეხსაცმელი ჩაიცვა. დროდადრო ჩერდებოდა, თან სულს ითქვამდა და თან ყურადღებით ათვალიერებდა იქაურობას, რომ რამე არ გამორჩენოდა. იდუმალ ნიშნებს ეძებდა – გამხმარ, გადაჯვარედინებულ წვრილ ტოტებს, გარკვეული წესრიგით დაწყობილ გირჩებს, მიწიდან ამოშვერილ უცნაური ფორმის ფესვებს, ნებისმიერ რამეს, რაც მიანიშნებდა, რომ საგანგებო ადგილს უახლოვდებოდა. ათასნაირი სურნელით გაჟღენთილი ნოტიო ჰაერი მსუყე საჭმლის შეგრძნებას უტოვებდა. რამდენჯერმე თავბრუც დაეხვა და ხეს მიეყრდნო, რომ არ დაცემულიყო. გრძნობდა, სიცხემ აუწია და თავს პირობა მისცა, მალე დავბრუნდები უკანო. მისი ეს გამოხდომა დოქტორ ზემპერვაისის ყურამდე რომ მისულიყო, უეჭველად სასტიკად გაუწყრებოდა. განა თვითონ არ იცოდა, რომ წინდაუხედავად მოიქცა და ბატონი ლუკასის წმინდა გრაალის – კეთილგონიერების ზღვარი გადალახა, რომელიც ასეთ ამინდში არავითარ შემთხვევაში არ ამოასკდებოდა ამხელა აღმართს და ტყე-ღრეში არ იხეტიალებდა. თუმცა ვინ იცის, იქნებ პირიქით იყო ყველაფერი? იქნებ უცხო თვალისგან გასარიდებლად სწორედ აქ მოდიოდა? იქნებ ავგუსტიც იმავეს აკეთებდა და ამ ფერდობზე სიარულით გახვითქული და გულამოვარდნილი, აბრეშუმის ფულარით იწმენდდა ხოლმე ოფლიან შუბლს? და ოპიცი? განა ის მარტო არასდროს წამოსულა ტყეში ვითომდა იმ თავის წვრილფეხა სოკოს დასაკრეფად, რაც სინამდვილეში მხოლოდ მიზეზი იყო აქ ამოსასვლელად? აი, რაიმუნდი კი, რაშიც ვოინიჩს ოდნავაც არ ეპარებოდა ეჭვი, ნამდვილად ხშირად სტუმრობდა აქაურობას. ბუჩქნარი დასრულდა, წიფლის ტყე დაიწყო და მეჩისლავმაც ნაბიჯი შეანელა. ერთგან დიდრონ დათვის სოკოს წააწყდა. თავიდან ყოყმანობდა, გაეყოლებინა თუ არა, რადგან არც ზურგჩანთა ჰქონდა თან და არც ბადურა, მაგრამ ასეთ საჩუქარზე თვალს ვერ დახუჭავდა, სოკო მოწყვიტა და მთელი გზა ხელით მიჰქონდა. წელიწადის ამ დროს წიფლის ტყეზე უფრო თავბრუდამხვევი და ლამაზი ტყე ქვეყნად არ არსებობს. წითლად შეფერილი ფოთლები შემოდგომის რუხ ცას ეფარებოდნენ და ვოინიჩს თავზე მეწამულ გუმბათად ედგნენ. ხეები კი გლუვი, მოვერცხლისფრო ტანით სვეტებივით შესდგომოდნენ ამ გუმბათს და მნახველის თვალწინ უზარმაზარი ტაძარს ქმნიდნენ თავისი საკურთხევლითა და ნავებით. ვარჯების ვიტრაჟთა წყალობით, აქ ფერადი სინათლე ჩამოდიოდა, თითოეული ფოთოლი კი თავისი წესების მიხედვით შუქთან მოთამაშე ფერადი მინის ნატეხი გახლდათ. ვოინიჩი მთავარ ნავს მიუყვებოდა შორეული, ჯერ უხილავი, მაგრამ აღთქმული საკურთხევლისკენ. ტაძარს უამრავი ლაბირინთი, გვერდითი ნავი, ქვისქვეშა აკლდამა, ხის ფუღუროებში შემალული სანაწილე და გასაოცარი სილამაზის საკურთხეველი ჰქონდა, რომლებიც წაქცეული, ხავსმოკიდებული წიფლების სახით თითქოს მიწიდან აღმოცენდებოდნენ ხოლმე. ცხადია, ეს არ იყო ჩვეულებრივი, კაცის ხელით აგებული ტაძარი, მაგრამ, მიუხედავად ამისა, აქაც მუდმივად ხდებოდა გარდასახვა: წყლისა – სიცოცხლედ, სინათლისა – მატერიად; ყველაფერი ირხეოდა და შრიალებდა, წვნით ივსებოდა, გუბდებოდა, იცვარებოდა, მრავლდებოდა, იკვირტებოდა, სტვენდა, გალობდა. ბაცი მწვანე ხავსი და რუხი ვერცხლისფერი ლიქენი ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებდნენ, თითქოს მთელი ტყე ხავერდის, ცხვრის ბეწვის, თექის, რბილი ფლანელის ფარდაგებით იყო მოფენილი. უკვირდა, აქ ამოსვლა რატომ ადრე ვერ მოვიფიქრეო. იმ ხალვათ, წიფლის ხეებისგან გამოხშირულ ადგილამდე მივიდა, სადაც საჯარიმო ხაზივით სწორად დაერგოთ ნაძვები. ეს ნერგები ბავარიიდან იმ იმედით ჩამოუტანიათ, რომ სილეზიაშიც გაიხარებდნენ, მაგრამ ისინი ამ ტყეში სტუმრებს ჰგავდნენ, ვოინიჩს კი პრუსიულ ჯარს აგონებდნენ. და წიფლები? წიფლები – ეგზოტიკურ ფერად არმიას, რომლის ჯარისკაცებიც, საომრად წასვლის ნაცვლად, თავიანთი სამოსით – ბუმბულებით, ოქროსფრად მოელვარე ჩაფხუტებით კეკლუცობენ, მერე კი უცბად ადგილზე შეშდებიან, რათა წლობით უცქირონ ერთმანეთს და რაც შეიძლება დიდხანს შეინარჩუნონ ერთმანეთით მოგვრილი აღფრთოვანება. ასეთ ჯარს ოპერაში თუ გაგზავნი, თორემ ასეთებს ბრძოლის ველზე არაფერი ესაქმებათ! კინაღამ ფეხი დაადგა. თითქმის ტრიალი, ქვით მოფენილი მინდორი იყო, სადაც სულ რამდენიმე არყისა ერთი მუხის ხე იდგა. ხავსს მოესწრო და ლოდებისთვის პირი ამოეკერა, დაემუნჯებინა. ეს აშკარად სხვა დედოფალა იყო და არა ის, ოპიცთან და რაიმუნდთან ერთად რომ ნახა. შედარებით პატარა. ხავსზე იწვა და თვითონაც თითქმის მთლიანად ხავსისა იყო და თვალში საცემად სავსე სხეული ჰქონდა. მის გამკეთებელს ძუძუებად ორი მოზრდილი ქვა გამოეყენებინა, სახე არყის ქერქისგან გაეკეთებინა და ზედ ნახშირით მიეხატა წყვილი თვალი. ნესტსა და სისველეს კი უკვე მოესწრო მათი გათხაპნა, რის გამოც ორ შავ ლაქას უფრო ჰგავდა. მთელი სხეული თითქოს ერთი, „თეძოებს“ შორის მოქცეულ, ფეხების გასაყარზე მდებარე წერტილისკენ მიილტვოდა, საიდანაც თაგვისა თუ თხუნელას სოროს მსგავსი ღრუ მოჩანდა – ხშირი მოხმარებისგან დატკეპნილი, გაპრიალებული ხვრელი. ვოინიჩმა ფრთხილად დაიხია უკან, თან ძირს იყურებოდა, უნებლიედ რამე ს უ ლ ი ე რ ი ს თ ვ ი ს რომ არ დაედგა ფეხი. ერთდროულად მოხიბლული და შეძრწუნებული დაჰყურებდა ქვების, ხავსისა და ფიჩხის, ხის მერქნისა და სოკოების, ფოთლებისა და თიხიანი მიწისგან, ერთი სიტყვით, ყველაფერ იმისგან გაკეთებულ დედოფალას, რაც შუაგულ ტყეში ხელში მოხვედროდათ. მხოლოდ საკუთარი აჩქარებული სუნთქვა ესმოდა, ეჩვენებოდა, რომ ტყე გაირინდა და ახლა ადამიანისა და რაღაც არაადამიანურის, თუმცა ადამიანურთან თამამად მიმსგავსებულის შეხვედრას ადევნებდა თვალს. ჰო, თითქოს ყველა და ყველაფერი მას შეჰყურებდა. თითქოს ვიღაცის დაჟინებული მზერა მისი მაუდის ქურთუკში, ხელით ნაქსოვ სვიტერში, ტილოს პერანგში, ბამბის მაისურში ატანდა… ერთობ უსიამოვნო შეგრძნება იყო, რომელიც დოქტორ ზემპერვაისის გასინჯვას ჰგავდა. კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა უკან, მზად იყო, სასწრაფოდ სოფელში დაბრუნებულიყო, მაგრამ არა, უნდოდა, რომ ჯერ ბუნების ამ ფსევდოქმნილების ცქერით ეჯერებინა გული. თქმა არ უნდოდა, რომ ეს დედოფალაც მენახშირეების ნახელავი იყო. ვოინიჩმა უნებლიედ წარმოიდგინა, როგორ ცხოვრობდნენ ამ თოჯინასთან, წარმოსახვის თვალით მამაკაცური ჟინის ძალადობა, მოუთმენლობა და ძლევამოსილება დაინახა. ასეთი რამ ერთადერთხელ ენახა სოფელში ყოფნის დროს, საბძელში – ვიღაც სოფლელი ბიჭის რიტმულად მოძრავი დუნდულები, რომელიც მთელი სხეულით ზედ გადაჰფარებოდა მათი ძროხების მწველავ მოსამსახურე გოგოს. მისთვის ეს ძალადობისა და დაღვრილი სისხლის ბუნდოვანი წინასწარმეტყველება იყო. გულ-მუცლიდან დაძრული შიშის ცხელი ტალღა იგრძნო, რომელმაც მალე მთლიანად მოიცვა. მერე თითქოს მოეჩვენა, რომ ნიადაგმა ამოიკვნესა, დედოფალას თეძო შეირხა და მიწისქვეშეთიდან რაღაც ძალამ ამოაღწია. მაშინვე თვალები ჭყიტა, მაგრამ მოჩვენება მყისვე გაქრა. იმ საზარელმა შეგრძნებამ, რომ ვიღაც უთვალთვალებდა, კულმინაციას მიაღწია. ვოინიჩს ოფლმა დაასხა. შეამჩნია, როგორ მოულოდნელად ჩამობნელდა და ამან კიდევ უფრო დააფრთხო. ფეხაკრეფით, სულ უკან-უკან სიარულით დატოვა მინდორი, მერე კი შემობრუნდა და თითქმის სირბილით ჩავიდა სოფელში, თან გულში იფიცებოდა, რომ აღარასოდეს გაეკარებოდა იმ ადგილს.