პოლონურმა ინსტიტუტმა თბილისში Reach Art Visual-თან და Vere Gallery-სთან თანამშრომლობით ექსკლუზიური გამოფენა მოაწყო, რომელიც მე-20 საუკუნის პოლონეთის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული არტისტის, თამარა დე ლემპიკას შემოქმედებას მიეძღვნა.
გამოფენა სახელწოდებით „თამარა დე ლემპიკა: არტდეკოს დედოფალი“ მაღალი ხარისხის ორიგინალური ზომის რეპროდუქციებს აერთიანებდა, რომელთა დათვალიერებაც ვიზიტორებს ერთი კვირის განმავლობაში – 20-დან 27 მარტის ჩათვლით – Vere Gallery-ში შეეძლოთ.
დამთვალიერებლებს შესაძლებლობა ჰქონდათ იმ ძლიერი ქალების პორტრეტები ეხილათ, რომლებიც არტდეკოს ეპოქის ელეგანტურობასა და სენსუალობას ასახავდნენ, ან 1920-იანი წლების განწყობასა და სულს გადმოსცემდნენ. თამამმა გეომეტრიულმა კომპოზიციებმა და მკვეთრმა ფერებმა არტისტის ნამუშევრები წარმოაჩინა და ამავდროულად, 1920–30-იანი წლების ძალა და სენსუალურობა გაგვიზიარეს.
თამარა ლემპიკას ხელოვნება არა მხოლოდ არტდეკოს სტილისა და მე-20 საუკუნის დასაწყისის ქრონიკა, არამედ მხატვრის ბრძოლის, მიზანდასახულობისა და განახლების ისტორიაა ვარშავიდან პეტერბურგამდე, პარიზიდან ჰოლივუდამდე, დაუსრულებელი მოგზაურობებიდან მექსიკამდე. მისი დინამიკური, თამამი და დახვეწილი ვიზუალური ენა როგორც ეპოქის სულს, ისე მის არაჩვეულებრივ ცხოვრებას გამოხატავდა.