24-06-2025 ვიზუალური ხელოვნება, თეატრი, ლიტერატურა, მოვლენები, სიახლეები

ადამ მიცკევიჩის „ძიადი, ნაწ. III“ ქართულ სცენაზე – თეატრალური ხიდი პოლონეთსა და საქართველოს შორის

რეჟისორ ანდრო ენუქიძის მიერ, ადამ მიცკევიჩის „ძიადის“ მესამე ნაწილის თანამედროვე დადგმის წყალობით, 2024 წელს თბილისი უნიკალური თეატრალური მოვლენის ადგილად იქცა.

პროექტი „ძიადი თბილისში“ ზბიგნიევ რაშევსკის სახელობის თეატრალური ინსტიტუტისა და საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის მრავალთვიანი თანამშრომლობის ნაყოფი გახლავთ. ეს ინიციატივა თეატრალური ინსტიტუტისა და ადამ მიცკევიჩის ინსტიტუტის მიერ განხორციელებული პროგრამის, „44xMickiewicz“-ს ფარგლებში, 2022 წელს დაწყებული საქმიანობის გაგრძელებას წარმოადგენს.

სპექტაკლის პრემიერა თბილისში, თავისუფლების მოედანთან მდებარე, გამორჩეულ ადგილას – თავისუფალ თეატრში – შედგა. სცენაზე ცნობილი ქართველი მსახიობები – მათ შორის არჩილ ბარათაშვილი, კახა მიქიაშვილი, გუგა ქაცარავა და ნიკა კახელი – გამოჩდნენ.

წარმოდგენა ახალგაზრდა პოლონელი სტუდენტების ბედს ასახავდა, რომლებიც მეფის რეჟიმის რეპრესიებს ებრძოდნენ, რითაც მიცკევიჩის დრამის მარადიული გზავნილი გაცოცხლდა. მაყურებელი მიხვდა, რომ „ძიადი“ თანამედროვე რეალობას ეხმიანება, სვამს კითხვებს თავისუფლების, ხელისუფლების ძალადობისა და პოლიტიკური ზეწოლის პირისპირ ინდივიდის სულიერი გადარჩენის შესახებ.

სპექტაკლი დედაქალაქის გარეთაც – რუსთავისა და გორის დრამატული თეატრების სცენებზეც – იქნა წარმოდგენილი, რათა მიცკევიჩის გზავნილს უფრო ფართო აუდიტორია გაცნობოდა.

ინიციატივის საკვანძო ელემენტს დრამის ტექსტის ქართულ ენაზე თარგმნა წარმოადგენდა. ეს ჯაფა ორმა მთარგმნელმა – ქეთევან ქანთარიამ და ანა კოპალიანმა – ითავეს, რომლებმაც თარგმანში პოეტური სიღრმე და ლიტერატურული მგრძნობელობა შემოიტანეს, რაც მიცკევიჩის უნიკალური სტილის გადმოცემისთვის იყო აუცილებელი. მათი დაუღალავი ღვაწლის წყალობით, „ძიადის“ მესამე ნაწილის სრული თარგმანი ქართულ ენაზე პირველად დაიბეჭდა. პუბლიკაციის პრემიერა თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე, 2025 წელს შედგა – წიგნი სხვადასხვა მაღაზიებშია ხელმისაწვდომი.

„ძიადის“ წარმატება საქართველოს ფარგლებს გარეთაც არ დარჩენილა ყურადღების მიღმა. ქართული თეატრალური დასი ვარშავის პოლონურ თეატრში ორგანიზებულ პრესტიჟულ თეატრალურ ფესტივალზე იქნა მიწვეული. ფესტივალი, რომლის კურატორიც დოქტორი მიხალ მიზერაა, ხოლო მასპინძელი – გამოჩენილი მსახიობი და თეატრის დირექტორი ანდჟეი სევერინი, ეგზისტენციალურ, მეტაფიზიკურ და რელიგიურ რეფლექსიებზეა ორიენტირებული, ხოლო მთავარი თემა გოდებაა, როგორც ტკივილისა და იმედის მხატვრული გამოხატვის ფორმა.

ფესტივალზე „ძიადის“ მესამე ნაწილის ქართულმა დადგმამ შესანიშნავი გამოხმაურება ჰპოვა – ორივე ჩვენებაზე ბილეთები სრულად გაიყიდა, სპექტაკლი კი რამდენიმე წუთიანი ოვაციით დასრულდა.

წარმოდგენა მხოლოდ ხელოვნების მოვლენად კი არა, პოლონეთსა და საქართველოს შორის სიმბოლურ კულტურულ ხიდად იქცა.

პროექტი „ძიადი თბილისში“ უაღრესად ღირებული ინიციატივაა, რომელმაც არა მხოლოდ პოლონური კლასიკა გააცნო ქართველ მაყურებელს, არამედ საშუალებას გვაძლევს, მას ახალი, საერთაშორისო პერსპექტივიდან შევხედოთ. ის ასევე აჩვენებს, რომ დიდი ლიტერატურა – თუნდაც რთული, ისტორიულად და ლინგვისტურად – სრულიად განსხვავებულ კულტურულ კონტექსტში ახალ სიცოცხლესა და გაგებას პოულობს.

Scheduled ვიზუალური ხელოვნება თეატრი ლიტერატურა მოვლენები სიახლეები