დღეს, კაპიტან ვიტოლდ პილეცკის, ორ ტოტალიტარულ რეჟიმთან მებრძოლი გმირის, დაბადების 120-ე წლისთავს აღვნიშნავთ. სწორედ იგი გახდა გერმანელთა საკონცენტრაციო ბანაკ ოსვენციმის ნებაყოფლობითი ტუსაღი, რათა ადგილზე, რეალობა საკუთარი თვალით ეხილა და წინააღმდეგობის მოძრაობა წამოეწყო. მან პირველმა მოამზადა მოხსენებები ებრაელთა გენოციდის შესახებ, რომლებიც ჯერ სარდლობას გადაეცა ვარშავაში, შემდეგ კი დასავლეთში. სწორედ პილეცკიმ მოახერხა ოსვენციმიდან თავის დაღწევა, რათა თავისუფლებისთვის ბრძოლა იატაკქვეშ გაეგრძელებინა.
მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, იგი კომუნისტი კრიმინალების ხელში დაიღუპა გმირული იატაკქვეშა მოღვაწეობის გამო. 1947 წლის მაისში იგი კომუნისტურმა ხელისუფლებამ დააკავა და სასტიკად აწამა. 1948 წლის მაისში, მიკერძოებულმა სასამართლომ მას სასიკვდილო განაჯენი გამოუტანა – ეგზეკუცია კეფაში გასროლით. კომუნისტურ ხელისუფლებას სურდა, მისი სახელი დავიწყებას მისცემოდა. ოჯახს პილეცკის ცხედარიც კი არ გადასცეს. როგორც კაპიტნის ქალიშვილი იხსენებს, სასტიკად აკრძალული იყო პილეცკიზე წერა ან მისი სახელის ხსენება. სასამართლო პროცესიდან მხოლოდ 42 წლის შემდეგ, დემოკრატიულ პოლონეთში, აღნიშნული განაჩენი გაუქმდა. პილეცკის მეუღლე მისი სახელის რეაბილიტაციას მოესწრო.
სიკვდილის შემდეგ, 1995 წელს ვიტოლდ პილეცკი Polonia Restituta მედლით, ხოლო 2006 წელს – თეთრი არწივის ორდენით დაჯილდოვდა.
დღეს, ვიტოლდ პილეცკის დაბადების 120-ე წლისთავზე, ვიხსენებთ ამ არაჩვეულებრივი ადამიანის ისტორიას, რათა მისი გმირული ხსნოვნა სამუდამოდ დარჩეს.