20.05.2021 ისტორია, სიახლეები

ცხოვრების პასპორტები

მეორე მსოფლიო ომის ისტორია ჯერ კიდევ ბევრ საიდუმლოს ინახავს და ისტორიკოსები, მკვლევრები, ენთუზიასტები მისი დავიწყებული ან დაუდგენელი გვერდების აღმოჩენას განაგრძობენ.

2017 წელს, შვეიცარიაში პოლონეთის მაშინდელმა ელჩმა Jakub Kumoch-მა აღმოაჩინა და გამოაქვეყნა ინფორმაცია ე.წ. “Grupa Ładosia”-ს საქმიანობის შესახებ, რომელმაც მეორე მსოფლიო ომის დროს ნაცისტური სიკვდილის ბანაკებიდან ებრაელთა გადარჩენის სამაშველო ოპერაციებს გაუწია ორგანიზება.

ჯგუფს სათავეში ჩაუდგა შვეიცარიაში პოლონეთის დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელი ალეკსანდერ უადოში. მის გარდა, ჯგუფში შედიოდა კიდევ სამი პოლონელი დიპლომატი: სტეფან რინიევიჩი, კონსტანტი როკიცკი და იულიუშ კული + შვეიცარიაში ებრაული ორგანიზაციების აქტივისტები: აბრაამ სილბერშაინი და შაიმ აისი. სავარაუდოდ, 1940 წლიდან მათ ერთობლივად დაიწყეს ე.წ. პასპორტის აქცია: ცარიელი საპასპორტო ნიმუშების უკანონოდ შეძენა და შემდეგ მათი დამოწმებულ დოკუმენტებად გაცემა. ამის შემდეგ საბუთი ოკუპირებულ ევროპაში გადაჰქონდათ, მათ შორის ოკუპირებული პოლონეთის მიწებზე შექმნილ გერმანულ გეტოებში, რათა იქ მყოფ ადამიანებს თავი უცხო ქვეყნის მოქალაქეებად გაესაღებინათ, ძირითადად პარაგვაის, ჰონდურასის, ჰაიტისა და პერუს. ეს პასპორტები მფლობელებს, ხშირად მთელ ოჯახთან ერთად, სიკვდილის ბანაკებიდან თავის დაღწევისა და გადასახლების შესაძლებლობას აძლევდა. ამის წყალობით, ზოგიერთმა ომში გადარჩენაც კი მოახერხა.

2020 წელს Instytut Pileckiego-მ “უადოშის სია” გამოაქვეყნა – იმ 3,262 ებრაელის სახელი, რომელზეც პასპორტი გაიცა. დოკუმენტებმა 796 ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა, 957-მა ჰოლოკოსტს თავი ვერ აარიდა, ხოლო სხვათა ბედი ჯერ დაუდგენელია. მკვლევრები დარწმუნებით აღნიშნავენ, რომ სია არასრულია. დადგენილია, რომ ბერნის ჯგუფმა 8-10 000 ადამიანისთვის გასცა პასპორტი.

ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ მათ მიერ განხორციელებულ ქმედებებს სერიოზული შედეგები მოჰყვა. 1943 წელს შვეიცარიელებმა მთელი ეს ოპერაცია გაშიფრეს და პოლონელი დიპლომატები დიპლომატიური იმუნიტეტის მოხსნის პირას აღმოჩნდნენ, რაც მათ დაპატიმრებასა და გერმანიისთვის გადაცემას გულისხმობდა. საბედნიეროდ, საქმე შვეიცარიის მაშინდელ საგარეო საქმეთა მინისტრთან ალეკსანდერ უადოშის მოლაპარაკებების შემდეგ დაიფარა.

1943 წლის შემოდგომის ბოლოს, გერმანელებმა უკვე იცოდნენ იმის შესახებ, რომ პოლონელ და გერმანელ ებრაელებს პარაგვაის პასპორტებს აძლევდნენ, თუმცა ვერ დაადგინეს ვერც ოპერაციის მექანიზმი და ვერც ამ აქციის უკან მდგომ პოლონელ დიპლომატთა ვინაობა.

მათი გმირული საქმიანობის აღსანიშნავად, Sejm Rzeczypospolitej Polskiej-მა 2021 წელი “Grupa Ładosia”-ს წლად გამოაცხადა. რეზოლუციაში ნათქვამია, რომ უადოში არა მხოლოდ ყალბი პასპორტების გაცემას უწევდა კოორდინირებას, არამედ დიპლომატიური საკომუნიკაციო არხების გამოყენებით, იგი იყო ერთერთი პირველი დიპლომატი, რომელიც მსოფლიოს ებრაელების განადგურების შესახებ აფრთხილებდა …

Scheduled ისტორია >სიახლეები