პოლონეთის რესპუბლიკის საელჩო და პოლონური ინსტიტუტი თბილისში კითხვის ეროვნულ დღეზე გიწვევთ, რომელიც 2023 წლის 9 სექტემბერს, 14:30 საათზე, ჰენრიკ ჰრინევსკის სახელობის პოლონურ სამკითხველო დარბაზში გაიმართება. მისამართი: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის მეორე კორპუსი, ლადო გუდიაშვილის 5.
წელს ელიზა ოჟეშკოს “ნემანის პირას” წავიკითხავთ. მონაწილეებს ვურჩევთ, ნაწყვეტები წინასწარ მოამზადონ წასაკითხი ტექსტებიდან. გარდა ამისა, იგეგმება კონკურსი კითხვაში და ვიქტორინა ავტორის ბიოგრაფიაზე. გამარჯვებულებისთვის განკუთვნილია პრიზები, ხოლო მონაწილეებისთვის – ტკბილეული და საინტერესო დისკუსია. დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ განაცხადი შემდეგ მისამართზე: Tbilisi.amb.rk@msz.gov.pl
ელიზა ოჟეშკო მნიშვნელოვანი ფიგურა იყო ლიტერატურულ და სოციალურ ცხოვრებაში, როგორც პოლონეთში, ისე საქართველოში. მწერლის რჩეული ნაწარმოებები 1983 წელს გამოიცა თბილისში, სათაურით „შეწყვეტილი იდილია“. (ელიზა ოჟეშკო. შეწყვეტილი იდილია. თბილისი, გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო“, 1983). ელიზა ოჟეშკოს ყველაზე ცნობილი რომანი “ნემანის პირას” ორჯერ გამოიცა ქართულად, 1975 და 1989 წლებში (ელიზა ოჟეშკო. ნემანის პირას. თბილისი გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო“, 1975; ელიზა ოჟეშკო. ნემანის პირას. თბილისი, გამომცემლობა, „მერანი“, 1989). ქართულ ლიტერატურაში ელიზა ოჟეშკოს უფრო ადრეც იცნობდნენ. 1897 წელს ჟურნალმა „კვალმა“, გიორგი წერეთლის რედაქტორობით, ელენე წერეთლის სტატია გამოაქვეყნა, სათაურით “ელიზა ოჟეშკო და მისი აზრები ქალებზე”. (წერეთელი ელენე. ელიზა ოჟეშკო და მისი აზრები ქალებზე. კვალი, 1897, გვ. 203-207). ამავე ჟურნალში, თუმცა 1899 წელს, ანასტასია ჩხენკელის სტატია გამოქვეყნდა ელიზა ოჟეშკოს საქმიანობის შესახებ (ჩხენკელი ანასტასია. ელიზა ოჟეშკო. კვალი, 1899, № 17. გვ. 270-273). ელიზა ოჟეშკოს წიგნები საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში (ონლაინ კატალოგი):
National Parliamentary Library of Georgia / ყველა მდებარეობა (nplg.gov.ge)