10.12.2018 სიახლეები

ზაპიეკანკა — პოლონური ღია სენდვიჩი

ფასთ-ფუდის მოყვარულები მას გვერდს ვერ აუვლით. ზაპიეკანკა (zapiekanka) ღუმელში დაბრაწული გრძელი ღია სენდვიჩია: შუაზე გრძლად გაჭრილ ბაგეტის პურს მცირედ წაუსვით კარაქი, ფენა-ფენა დაადეთ ყველის თხელი ნაჭრები (უხვად!), შემდეგ — მშრალი, თეთრი სოკოს ნაჭრები, მოაყარეთ ალყა-ალყა დაჭრილი ხახვი და კარგად გააცხელეთ (დაახლოებით 15 წუთი) ისე, რომ პურს ყველი დაადნეს და ქერქიც შეიბრაწოს. ღუმლიდან გამოღების შემდეგ უხვად კეტჩუპი მოასხით.

შეგიძლიათ, ცოტა იმპროვიზაციასაც მიჰყოთ ხელი და გამრავალფეროვნებისთვის, პოლონურ სენდვიჩზე დასამატებლად სუპერმარკეტებში ხელმისაწვდომი ერთი-ორი სოუსიც შეარჩიოთ. მაგალითად, ყველის და ნივრის თეთრი სოუსი, ან რანჩის სოუსი.

ზაპიეკანკას შავი ზეთისხილის ნაჭრებიც უხდება.

თუმცა ზაპიეკანკის მთელი ღირსება იმაშია, რომ ის მარტივი, ჰაეროვანი, სწრაფი და გემრიელია და ინგრედიენტებით გადატვირთვა არ სჭირდება.

პოლონური სენდვიჩი სწრაფი კვების და „გარეთ ჭამის“ კულტურის ტრადიციული ელემენტია. სათავეს პოლონეთის სახალხო რესპუბლიკის პერიოდიდან, 70-იანი წლებიდან, იღებს, როდესაც ქვეყანაში მცირე „გასტრონომიულ“ ბიზნესს არსებობის საშუალება მიეცა.

თუკი პოლონეთს ეწვიეთ და ზაპიეკანკა გამოტოვეთ, არ გეპატიებათ — ის კვლავ უნდა მოინახულოთ და ადგილზე დააგემოვნოთ პოლონური სენდვიჩი (უპირველეს ყოვლისა, კრაკოვის ზაპიეკანკა კაზიმეჟის უბანში!).

ტრადიციულად, ზაპიეკანკას საქართველოში „ევროპული ყველის” სახელით ცნობილ ბრენდებს უკეთებენ — მოცარელას, ედამერს, ჩედარს და სხვა. ზაპიეკანკას მოყვარული ქართველი გურმანები ადაპტირებულ ალტერნატივასაც გვირჩევენ: სენდვიჩზე სოკოს ნაჭრების ქვემოთ სულგუნი დაადეთ; ან ევროპული ყველის პარალელურად, სენდვიჩს ზემოდან ხახვთან ერთად თუშური გუდის ყველის, ან თუნდაც მარკეტებში ხელმისაწვდომი „ქარხნული“ მლაშე ყველის, ნაფხვენი მოაყარეთ.

ქართულ კვების ბაზარზე ალბათ მალე ვიხილავთ ზაპიეკანკას, მანამდე კი შეგიძლიათ, ამას არ დაელოდოთ და, თუკი ღუმელი გაქვთ, დამოუკიდებლად იმოქმედოთ. Smacznego! („სმაჩნეგო“: პოლონურად — „გემრიელად მიირთვით!“).

Street food in Warsaw / Uliczne restauracje, Warszawa

 

Scheduled სიახლეები

მართლა აქ ეძებდნენ არგონავტები ოქროს საწმისს? პოლონელი

მკვლევრების პოლონურ-ქართულმა ჯგუფმა ქუთაისში მრავალი აღმოჩენა გააკეთა. აღმოჩენების დიდი ნაწილი დაახლოებით 3700 წლით თარიღდება. ეს ყველაფერი შეიძლება იმას ნიშნავდეს, რომ კოლხეთის მითიური დედაქალაქი აია დღევანდელი ქუთაისია. სწორედ აქ უნდა მიეღოთ არგონავტებს ოქროს საწმისი.
12 02.2024 ისტორია, მოვლენები, სიახლეები