2.07.2021 სიახლეები

პოლონელმა ინოვატორებმა მსოფლიო შეცვალეს

1980-იანი წლების დასაწყისში, როდესაც მსოფლიო პოლონური “Solidarność”-ის ბრძოლას ადევნებდა თვალს და გაზეთები პირველ გვერდებზე იოანე პავლე II სახელს ბეჭდავდნენ, ძალიან ცოტა ადამიანმა თუ იცოდა, რომ უჟანგავი ფოლადის 90%, რომელსაც თითქმის ყოველდღიურად იყენებდა მსოფლიო მოსახლეობა, ამერიკის შეერთებულ შტატებში მცხოვრები პოლონელი ინჟინრის, „მეტალურგიის ედისონის“, ტადეუშ სენდჟიმირის მიერ შემუშავებული მეთოდით იყო წარმოებული.

მართლაც, ცოდნა ჩვენი წვლილის შესახებ ტექნოლოგიისა და კვლევის განვითარების საქმეში (რამაც დასაბამი მისცა ნავთობის, ელექტრონიკის, უკაბელო კომუნიკაციების ინდუსტრიისა და თანამედროვე ქიმიური მრეწველობის განვითარებას) ძალიან მწირია არამარტო საზღვარგარეთ, არამედ პოლონეთშიც. ეს ხდება ორი მიზეზის გამო.

პირველ რიგში, კომუნისტური რეჟიმი მიზანმიმართულად ცდილობდა ჩაეხშო ყოველგვარი ცოდნა უცხოეთში მცხოვრები იმ პოლონელების შესახებ, რომლებიც საერთაშორისო აღიარებით სარგებლობდნენ. 

მეორე მიზეზი, პოლონეთის უკანასკნელი სამი საუკუნის ისტორიაა – ჩვენი ეროვნული მეხსიერება და ის კოლექტიური სენტიმენტები –  რომელიც ყურადღებას ამახვილებს თავისუფლებისათვის მებრძოლებზე და არა იმ ადამიანებზე, რომელთაც უდიდესი ბრძოლა მოიგეს ლაბორატორიებსა და სამშენებლო ობიექტებზე. ორას წელზე მეტი ხნის განმავლობაში პოლონელებს დამოუკიდებლობა ჰქონდათ ჩამორთმეული. ჩვენი ქვეყნის ხუთ თაობას უცხო ქვეყნები მართავდნენ. სუვერენიტეტი მცირე დროით კი აღვადგინეთ, თუმცა მეორე მსოფლიო ომის დროს რესპუბლიკა ჯერ გერმანელებმა, შემდეგ კი საბჭოელებმა დაიპყრეს.

დანაწევრება და ოკუპაციით გამოწვეული რეპრესიები ყოველთვის უდიდეს დარტყმას აყენებს განათლებას და, შესაბამისად, მეცნიერებასაც. მონობაში მოქცეულმა საზოგადოებამ ვერ შეძლო განვითარება და ეკონომიკური რეგრესი განიცადა. როდესაც 1863 წლის იანვარში, ლონდონის მეტროში პირველი მგზავრები ჩასხდნენ, პოლონეთმა რუსეთის წინააღმდეგ „იანვრის აჯანყება” დაიწყო. თუკი იუზეფ პილსუდსკი ცნობილია, როგორც პოლონეთის სიმბოლო, დამოუკიდებლობის დამბრუნებელი და 1919-1920 წლებში ბოლშევიკების მომგერიებელი, მისი ძმის, ბრონისლავის მიღწევები ნაკლებად იცის საზოგადოებამ. რუსეთის მეფეზე თავდასხმის მცდელობის ბრალდებით იგი ციმბირში გადაასახლეს. იქ მან სახალინის აინუს ხალხი შეისწავლა და ციმბირელ მეცნიერთა იმ ჯგუფს შეუერთდა, რომელთა სახელებიც დღევანდელ რუქებსა (მთები ჩერსკი, დიბოვსკი და ჩეკანოვსკი) და სამეცნიერო პუბლიკაციებში გვხვდება. 

შორეულ ჩილეში დიდი პატივი მიაგეს პოლონელ გეოლოგს, მინერალოგსა და ინჟინერს, იგნაცი დომეიკოს – ემიგრანტს, რომელიც იძულებული გახდა პოლონეთი დაეტოვებინა ნოემბრის წარუმატებელი აჯანყების შემდეგ. პერუსა და ეკვადორში დღემდე ახსოვთ ერნესტ მალინოვსკი, რომელმაც  ტრანს-ანდების რკინიგზა, ანუ მსოფლიოს უმაღლესი სარკინიგზო ხაზი შექმნა.
1918 წელს, დამოუკიდებელი პოლონეთის აღდგენის შემდეგ, მეცნიერებს უკვე სამუდამოდ შეეძლოთ დიდი გამოწვევების წინაშე მყოფ სამშობლოში დაბრუნება. თავისუფლების 20-წლიან მონაკვეთში ქვეყანამ თავისი ინფრასტრუქტურის დიდი ნაწილი აღადგინა და მრავალმა პოლონელმა მეცნიერმა მოიპოვა ცნობადობა მსოფლიო მასშტაბით.
ერთერთი მათგანი იყო თვითმფრინავების კონსტრუქტორი ზიგმუნტ პულავსკი – 26 წლის ინჟინერი, რომელიც P-1 თვითმფრინავებს ქმნიდა. P-1-ს აფასებენ, როგორც საბრძოლო თვითმფრინავის საუკეთესო პროტოტიპს. მის მიერ შემოტანილი ინოვაციები ავიაციისთვის რევოლუციურად ითვლებოდა. P-1 ფრთების ფორმა, რომელსაც “პოლონურ ფრთასაც” უწოდებენ, ნახსენებია აეროდინამიკის ყველა სახელმძღვანელოში. ყველაზე მოწინავე ბომბდამშენი, ლეგენდარული P-37 “Łoś”, მსოფლიოს საუკეთესო ბომბდამშენად ითვლებოდა. იგი ინჟინერმა იერჟი დომბროვსკიმ შექმნა. მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ, სიეტლის ქარხანაში დობროვსკიმ კოსმოსური ხომალდი დააპროექტა.

1927 წელს, მცირე ზომის RWD თვითმფრინავების სერიას (23 ტიპი დამზადდა მეორე მსოფლიო ომამდე) სამი პოლონელი ინჟინრის სახელი ეწოდა – სტანისლავ ვოიჩეჰ როგალსკი, სტანისლავ ვიგურა და იერჟი დჟევიეცკი. ამ ჯგუფში ყველაზე ცნობილი კონსტრუქტორი როგალსკი იყო, რომლის იდეებსაც ამერიკელები “Apollo”-სთვის იყენებდნენ (მისი აეროდინამიკის სახელმძღვანელო  ამერიკელი სტუდენტებისათვის სავალდებულო საკითხავი მასალა გახდა).
ცალკეული კრისტალების მიღების მეთოდის შემოშავებისთვის, გამოჩენილმა ქიმიკოსმა იან ჩოჰრალსკიმ საერთაშორისო აღიარება მოიპოვა. ამ აღმოჩენას “ჩოჰრალსკის პროცესს” უწოდებენ. მისმა მიღწევებმა ელექტრონიკის განვითარებას შეუწყო ხელი. დღესდღეობით, ის ყველაზე ხშირად ციტირებული პოლონელი მეცნიერია მსოფლიოში. იგი სამშობლოში პრეზიდენტ მოშჩიცკის მოწვევით დაბრუნდა, რომელიც თავად იყო გამორჩეული მეცნიერი, პოლონეთის ქიმიური მრეწველობის გამომგონებელი და პიონერი.
მოშჩიცკიმ შეიმუშავა აზოტის მჟავის მიღების ძალიან იაფი მეთოდი, რომელიც ფარმაცევტიკისა და შეიარაღების მრეწველობებში გამოიყენება. მან შექმნა მაღალი ძაბვის კონდენსატორები და ე.წ. მინის კონდენსატორის ბატარეები. სხვა საშუალებებთან ერთად, მათ შვეიცარიის არმია იყენებს და ამავდროულად ინტეგრირებულ იქნა ეიფელის კოშკზე დამონტაჟებული გადამცემებით. სწორედ მოშიცკიმ შეიმუშავა სისტემა, რომელსაც მთელ ევროპაში იყენებენ ელექტრული განმუხტვის დესტრუქციული ეფექტისგან ელექტრო ქსელების დასაცავად.
მეორე მსოფლიო ომის დროს პოლონეთმა წინააღმდეგობა გაუწია მტერს ქვეყნის შიგნით და ყველა უცხოურ ფრონტზე, რაც სამუდამოდ დამკვიდრა ეროვნულ ღირსებაში. თუმცა, იმ მეცნიერთა სახელები, რომლებიც ამ ბრძოლას შეუერთდნენ, საყოველთაოდ არ არის აღიარებული. გამონაკლისს წარმოადგენს პოზნანის უნივერსიტეტის პოლონელ მათემატიკოსთა სამეული – მარიან რეიევსკი, იუზეფ რუჟიცკი და ჰენრიკ ზიგალსკი. მათ ომის დაწყებამდე გაშიფრეს ენიგმას კოდი. მათი მუშაობის შედეგი 1939 წლის ივლისში დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის დაზვერვებს გადაეცა. ომის დროს 5000-მდე პოლონელი ინჟინერი აღმოჩნდა დიდ ბრიტანეთში, სადაც ისინი იარაღის ინდუსტრია ში მუშაობდნენ. როდესაც ომი დაიწყო, ბევრი მკვლევარი უკვე საზღვარგარეთ იმყოფებოდა. მათმა გამოგონებებმა და მუშაობამ დიდი გავლენა მოახდინა მოკავშირეთა გამარჯვებაზე. Walkie-talkie, მსოფლიოში ყველაზე ცნობილი რადიოტელეფონი, რომელსაც ამერიკული არმია იყენებდა, ინჟინერმა ჰენრიკ მაგნუსკიმ შექმნა. ინჟინერი იუზეფ კოსაკია კი ავტორია ნაღმის პორტატული დეტექტორისა, რომელიც პირველად ელ ალამეინის ბრძოლის დროს გამოიყენეს.

ომის შემდეგ, ძალიან ბევრ მეცნიერს კომუნისტურ პოლონეთში დაბრუნება აეკრძალა. უკვე ნახსენები დომბროვსკისა და როგალსკის გარდა, უნდა ვახსენოთ აშშ-ში მოღვაწე კიდევ ერთი გამოჩენილი ინჟინერი სტანისლავ ულამიც – თერმობირთვული ბომბის შემქმნელი გუნდის წევრი. ინჟინერმა მიეჩისლავ ბეკერმა მონაწილეობა მიიღო მთვარის მოძრავი მანქანის მშენებლობაში Apollo-ს პროგრამისთვის, ხოლო გენერალმა და ინჟინერმა ზჯისლავ სტაროსტეცკიმ “პატრიოტის” სარაკეტო სისტემის ქობინა ააგო.

კინემატოგრაფიულმა აკადემიამ ორი ოსკარით დააჯილდოვა სტეფან კუდელსკი, მაგნიტოფონის შემქმნელი, 1960-იანი წლების ტექნოლოგიური საოცრების ავტორი. მეორე მსოფლიო ომის დაწყების შემდეგ, მშობლებთან ერთად საფრანგეთში გაქცევის შემდეგ, კუდელსკი შვეიცარიაში დასახლდა, ​​სადაც მან გამოიგონა მოწყობილობა, რომლის განსაკუთრებული ხმის ხარისხი და აუდიო-ვიდეო სინქრონიზაციის მოწინავე ვარიანტები რევოლუციური გახდა. მას 1990-იანი წლების ბოლომდე აქტიურად იყენებდნენ ტელე, რადიო და კინო ინდუსტრიებში მსოფლიო მასშტაბით.

მეცნიერთა მრავალი თაობა იცნობდა ვაცლავ შიბალსკის, თანამედროვე მოლეკულური ბიოლოგიის პიონერს. მან პოლონეთი 1949 წელს დატოვა, საცხოვრებლად აშშ-ში გადავიდა, იქ ვისკონსინის უნივერსიტეტის პროფესორი გახდა და 2020 წელს გარდაიცვალა. სპეციალისტების აზრით, მისი აღმოჩენები ნობელის პრემიას იმსახურებდა. ის იყო კიდევ ერთი პოლონელი მეცნიერი, რომელმაც თანამედროვე ტექნოლოგიის თეორიულ და პრაქტიკულ საფუძვლებს ჩაუყარა ფუნდამენტი

იაროსლავ შარეკი. ეროვნული მეხსიერების ინსტიტუტის ხელმძღვანელი

ტექსტი ერთდროულად ქვეყნდება ყოველთვიურ პოლონურ გამოცემა “Wszystko Co Najważniejsze”-ში, როგორც ნაწილი ეროვნული მეხსიერების ინსტიტუტისა და პოლონეთის ეროვნული ბანკის (Narodowy Bank Polski) მიერ განხორციელებული პროექტისა.

Scheduled სიახლეები

მართლა აქ ეძებდნენ არგონავტები ოქროს საწმისს? პოლონელი

მკვლევრების პოლონურ-ქართულმა ჯგუფმა ქუთაისში მრავალი აღმოჩენა გააკეთა. აღმოჩენების დიდი ნაწილი დაახლოებით 3700 წლით თარიღდება. ეს ყველაფერი შეიძლება იმას ნიშნავდეს, რომ კოლხეთის მითიური დედაქალაქი აია დღევანდელი ქუთაისია. სწორედ აქ უნდა მიეღოთ არგონავტებს ოქროს საწმისი.
12 02.2024 ისტორია, მოვლენები, სიახლეები