6.03.2019 მოვლენები, სიახლეები

ბიალოვიეჟას უძველესი ტევრი

Białowieski Park Narodowy / Bialowieza National Park

თანამედროვე ევროპა ქალაქებით და სოფლებითაა განაშენიანებული, მათ შორის კი სამეურნეო ნაკვეთები და ავტომაგისტრალებია გადაჭიმული. მაგრამ პრეისტორიულ დროში ამ სივრცის უდიდესი ნაწილი ტყეებით იყო დაფარული. ამ ტევრის ნაწილი ახლაც არსებობს — და ცნობილია, როგორც ბიალოვიეჟას ტევრი (Puszcza Białowieska), ახლომდებარე პოლონური სოფლის, ბიალოვიეჟას, მიხედვით. ტევრი პოლონეთის უკიდურეს აღმოსავლეთში, ბელორუსიის საზღვარზეა, გადაჭიმული და 3000 კილომეტრზე მეტს ფარავს. ვარშავადან ტევრთან პირდაპირი ავტობუსი ან მატარებელი მიგიყვანს; შემდეგ ეროვნული პარკის შესასვლელს გასცდები და ნელ-ნელა უკან ჩამოიტოვებ ცივილიზაციას. ბიალოვიეჟას ტევრში სეირნობა პირველყოფილ ბუნებასთან შეხებაა.

ამ ტევრს რამდენიმე განსაკუთრებული თვისება აქვს. მიუხედავად იმისა, რომ პირველი მსოფლიო ომის დროს აქ უამრავი ხე მოჭრეს, უდიდეს ნაწილს არასდროს შეხებია ადამიანის ხელი. აქ შემორჩენილია უნიკალური ეკოსისტემები, რადგან წაქცეული ხეები ლპება და უამრავ მიკროორგანიზმს კვებავს, ისინი კი, თავის მხრივ, მცენარეებისა და ფრინველების გამორჩეულ სახეობებს ასაზრდოებენ.

გარდა ამისა, აქ შემორჩენილია ევროპული დომბების — ევროპის ყველაზე დიდი ძუძუმწოვრების პოპულაცია. ოდესღაც დომბები მთელს კონტინენტზე ბინადრობნენ, მაგრამ თანდათანობით ადამიანებმა მათი ტერიტორიები შეავიწროვეს. პოლონეთში ამ ცხოველის დაცვა ჯერ კიდევ მეთექვსმეტე საუკუნეში დაიწყო, როცა მეფე სიგიზმუნდ I-მა დომბის მკვლელების სიკვდილით დასჯა ბრძანა, თუმცა მხოლოდ იმისთვის, რომ მათზე თავად ენადირა. დომბების პოპულაცია მხოლოდ 50-იან წლებში აღადგინეს. ამჟამად 400-მდე დომბა ტევრის შიდა, ყველაზე დაცულ ზონაში ცხოვრობს, თუმცა მათი დანახვა გაგიჭირდება, რადგან ამ ნაწილში შესვლა მხოლოდ გიდებთან ერთადაა შესაძლებელი.

ბიალოვიეჟას ტევრი უმეტესად ფოთლოვანია. აქ ბევრი რცხილა, ცაცხვი და მურყანია, მაგრამ ტევრის მთავარი ღირსება ნამდვილად მისი მუხის ხეებია. რამდენიმე ხე იმდენად დიდი და ძველია, რომ საკუთარი სახელები აქვთ შერქმეული. განსაკუთრებით გამორჩეულია დიდი მამამუში (Wielki Mamamuszi), 34 მ სიმაღლის, თითქმის 7 მეტრიანი გარშემოწერილობის მუხა, რომელიც მეჩვიდმეტე საუკუნიდან იზრდება და ახლაც კარგ მდომარეობაშია. ბიალოვიეჟას გარე ტევრის ტერიტორიაზე ჯერ კიდევ დასაშვებია ხის მოჭრა. ამ საკითხის გარშემო სახელმწიფო და ბუნების დამცველები ახლაც დავობენ.

თუ გინდა, რომ რამდენიმე საათი ცივილიზაციას მოწყვეტილმა უძველესი ბუნების გარემოში გაატარო, ბიალოვიეჟას ტევრს აუცილებლად უნდა ესტუმრო. შთაგონებისთვის კი შეგიძლია, ალან ვაისმანის „The world without us“ წაიკითხო, სადაც ბიალოვიეჟას ტევრი ერთერთი მაგალითია, თუ როგორი იქნებოდა სამყარო ადამიანის გარეშე.

Białowieski Park Narodowy / Bialowieza National Park
Scheduled მოვლენები სიახლეები

მართლა აქ ეძებდნენ არგონავტები ოქროს საწმისს? პოლონელი

მკვლევრების პოლონურ-ქართულმა ჯგუფმა ქუთაისში მრავალი აღმოჩენა გააკეთა. აღმოჩენების დიდი ნაწილი დაახლოებით 3700 წლით თარიღდება. ეს ყველაფერი შეიძლება იმას ნიშნავდეს, რომ კოლხეთის მითიური დედაქალაქი აია დღევანდელი ქუთაისია. სწორედ აქ უნდა მიეღოთ არგონავტებს ოქროს საწმისი.
12 02.2024 ისტორია, მოვლენები, სიახლეები