29.03.2019 მოვლენები, სიახლეები

პოლონეთის სახელმწიფო ჰიმნი

„პოლონეთი არ მომკვდარა,

სანამ ჩვენ ვართ ცოცხლები,

რაც უცხომ ძალით წაგვართვა

ხმლით უკან დავიბრუნებთ.“

ასე იწყება პოლონეთის სახელმწიფო ჰიმნი, რომელსაც სხვანაირად „დომბროვსკის მაზურკა“ ან „დომბროვსკის მარში“ ეწოდება.

მარშის ტექსტი 1797 წელს პოეტმა, იუზებ ვიბიცკიმ, ჩრდილოეთ იტალიაში ყოფნისას დაწერა. ვიბიცკი იქ პოლონელთა სამხედრო შენაერთების ორგანიზებას ცდილობდა, რომელთაც ნაპოლეონის ჯარში უნდა ებრძოლათ.

იმ დროს ფრანგი გენერალი ავსტრიის იმპერიას ეომებოდა, ხოლო პოლონელებს სახელმწიფოებრიობა დაკარგული ჰქონდათ: 1797 წელს მათი სამშობლო (პოლონეთ-ლიტვის ჟეჩპოსპოლიტა) რუსეთმა, პრუსიამ და ავსტრიამ გაიყვეს. პოლონელები იმედოვებდნენ, რომ საკუთარი სახელმწიფოს აღდგენას ნაპოლეონთან მოკავშირეობით შეძლებდნენ.

აქედან დღევანდელი ჰიმნის ეს ტექსტი:

„გაგვიძეხ, გაგვიძეხ, დომბროვსკი,

იტალიის მიწებიდან პოლონეთისკენ!“

იან ჰენრიკ დომბროვსკი პოლონურ ლეგიონებს მეთაურობდა, რომელსაც არ გამოჰპარვია, რომ ვიბიცკის ლექსს, ტრადიციული სახალხო საცეკვაო მელოდიის მაზურის რიტმქვეშ, მისი მებრძოლები სიამოვნებით ღიღინებდნენ.

მალე „დომბროვსკის მაზურკად“ წოდებული მარშის ქვეშ პოლონელები მწყობრ სვლაში ვარჯიშს მიჰყვნენ, მცირე ხანში კი მელოდიის პოპულარულობამ პოლონეთის ანექსირებულ მიწებამდე მიაღწია.

დომბროვსკის მარში მე-19 საუკუნეში პოლონელთა ეროვნული წინააღმდეგობის მოძრაობის განუყოფელ ნაწილი იყო, მათ შორის — 1830 და 1963 წლების აჯანყებებისას.

სამშობლოდან გადახვეწილი პატრიოტების ოცნება 1918 წელს ახდა, როდესაც პოლონეთის მეორე რესპუბლიკა შეიქმნა; 1927 წელს კი აჯანყებებში გამოწრთობილი მარში რამდენიმეწლიანი ფიქრის შემდეგ სახელმწიფო ჰიმნადაც დაადგინეს.

ჰიმნის მელოდიის ავტორის ზუსტ ვინაობაზე დიდხანს დავობდნენ, თუმცა ერთი რამ ეჭვგარეშეა: ვინც უნდა ყოფილიყო, ავტორს მელოდია პოლონური მაზურიდან უნდა ესესხა.

დღესაც პოლონეთის ჰიმნის პირველი ტაეპი — სიტყვასიტყვით, „პოლონეთი ჯერ არ მომკვდარა“ (Jeszcze Polska nie zginęła), მისი ყველაზე პოპულარული ფრაზაა, რომელიც პოლონეთის მეგობრებსაც მარტივად ამახსოვრდებათ.

დომბროვსკის მაზურკა ათწლეულების განმავლობაში იმდენად პოპულარული მელოდია იყო, რომ მან სხვა ევროპულ ჰიმნებზეც მოახდინა გავლენა, მათ შორის უკრაინულზე, რომელიც მსგავსი სიტყვებით იწყება.

Scheduled მოვლენები სიახლეები

მართლა აქ ეძებდნენ არგონავტები ოქროს საწმისს? პოლონელი

მკვლევრების პოლონურ-ქართულმა ჯგუფმა ქუთაისში მრავალი აღმოჩენა გააკეთა. აღმოჩენების დიდი ნაწილი დაახლოებით 3700 წლით თარიღდება. ეს ყველაფერი შეიძლება იმას ნიშნავდეს, რომ კოლხეთის მითიური დედაქალაქი აია დღევანდელი ქუთაისია. სწორედ აქ უნდა მიეღოთ არგონავტებს ოქროს საწმისი.
12 02.2024 ისტორია, მოვლენები, სიახლეები