1.08.2019 მოვლენები, სიახლეები

ზაფხული პოლონეთში — გემოს ფესტივალები, ანუ სამოთხე გურმანებისთვის

Lato w Polsce / Summer in Poland

 

თუ ზაფხულში მოგზაურობას აპირებთ და ჯერ არ გადაგიწყვეტიათ, სად წახვიდეთ, ხართ გურმანი და გსურთ აღმოაჩინოთ მდიდარი პოლონური სამზარეულო, მაშინ დროა, ბილეთები დაჯავშნოთ და თქვენი ზაფხულის ცხელ დღეებში პოლონეთში გაემგზავროთ.

გარდა იმისა, რომ პოლონეთი საინტერესოა თავისი არქიტექტურით, მდიდარი კულტურით, ისტორიით, ხალხითა და უამრავი ღირსშესანიშნაობით, ის ასევე გემრიელი ფესტივალების მასპინძელია, განსაკუთრებით კი ზაფხულში. მაშ ასე:

კარგი გემოვნების ფესტივალი პოზნანში

15-დან 19 აგვისტოს ჩათვლით პოზნანის ძველი ქალაქის მოედანი ადგილობრივი კერძებით სავსე დახლებით ივსება. ასობით მწარმოებელი აქ ყიდის სხვადასხვა სახეობის ყველს, თევზს, ხორცს, პურს. აქ შეხვდებით პოლონეთის სხვადასხვა რეგიონში წარმოებული თაფლს, ალკოჰოლს და ათასნაირ სასუსნავს. რა თქმა უნდა, ფესტივალზე შეძლებთ, დააგემოვნოთ ტრადიციული პოლონური პიეროგი, სუპები და დესერტები. და ეს ყველაფერი როდია; ფესტივალზე იმართება კულინარიული შოუები და შეჯიბრებები.

გემოს ფესტივალი გრუჩნოში

მართალია, ეს პატარა სოფელი ტრადიციულ ტურისტულ მარშრუტში არ შეგხვდებათ, მაგრამ, თუკი მართლა გაინტერესებთ პოლონური სამზარეულო და გემრიელი ფესტივალი, მაშინ გაემართეთ ჩრდილოეთ პოლონეთისკენ. გემოს ფესტივალი გრუჩნოში (Gruczno) აგვისტოს ბოლოს იმართება ძველი წისქვილის წინ მდებარე ველზე. ფესტივალის მიზანია რეგიონის მდიდარი სამზარეულო გააცნოს ხალხს, თუმცა, რა თქმა უნდა, სხვა რეგიონების კერძებსაც შეხვდებით. აქ გაიმართება შეჯიბრი წლის საუკეთესო პროდუქტისთვის, იქნება თაფლის ფესტივალი, შეჯიბრი საუკეთესო შეფ-მზარეულთათვის და, რაღა თქმა უნდა, კიდევ ერთი შანსი, დააგემოვნოთ მრავალფეროვანი ყველი, ხორცი, შებოლილი თევზი თუ ალკოჰოლური სასმელი.

მალოპოლსკას გემოს ფესტივალი კრაკოვში

მალოპოლსკას გემოს ფესტივალი ათ წელზე მეტია, რაც კრაკოვში იმართება და მიზნად ისახავს რეგიონში წარმოებული პროდუქტის პოპულარიზაციას. ეს ამ რეგიონში ერთერთი ყველაზე დიდი ღონისძიებაა. შეჯიბრებები იწყება ივნისში, გრძელდება ივლისში და აგვისტოს ბოლოს კი ფინალისტები იკრიბებიან კრაკოვის ებრაულ უბანში ვონლიცას (Wolnica) მოედანზე, სადაც იშლება რამდენიმე ათეული დახლი ტრადიციული კერძებით, ადგილობრივი წარმოების პროდუქტებით. აქვე შესაძლებელია, იხილოთ კულინარიული შოუ, სადაც მზარეულები აუდიტორიის თვალწინ ადგილობრივად წარმოებული პროდუქტისგან ამზადებენ სხვადასხვა კერძს.

თუკი ზაფხულში ვერც ერთ გემრიელ ფესტივალს ვერ მიუსწარით, კიდევ გაქვთ შანსი, ადრეულ სექტემბერში ეწვიოთ ლუბლინს, სადაც ევროპული გემოს ფესტივალი იმართება. ევროპულ გემოს ფესტივალზე პოლონური სამზარეულოს გარდა სხვადასხვა ევროპული კერძების დაგემობნების შანსი გექნებათ.

Scheduled მოვლენები სიახლეები

მართლა აქ ეძებდნენ არგონავტები ოქროს საწმისს? პოლონელი

მკვლევრების პოლონურ-ქართულმა ჯგუფმა ქუთაისში მრავალი აღმოჩენა გააკეთა. აღმოჩენების დიდი ნაწილი დაახლოებით 3700 წლით თარიღდება. ეს ყველაფერი შეიძლება იმას ნიშნავდეს, რომ კოლხეთის მითიური დედაქალაქი აია დღევანდელი ქუთაისია. სწორედ აქ უნდა მიეღოთ არგონავტებს ოქროს საწმისი.
12 02.2024 ისტორია, მოვლენები, სიახლეები