12.02.2024 ისტორია, მოვლენები, სიახლეები

მართლა აქ ეძებდნენ არგონავტები ოქროს საწმისს? პოლონელი და ქართველი არქეოლოგები ლეგენდარული ქალაქის ბილიკზე

მკვლევრების პოლონურ-ქართულმა ჯგუფმა ქუთაისში მრავალი აღმოჩენა გააკეთა. აღმოჩენების დიდი ნაწილი დაახლოებით 3700 წლით თარიღდება. ეს ყველაფერი შეიძლება იმას ნიშნავდეს, რომ კოლხეთის მითიური დედაქალაქი აია დღევანდელი ქუთაისია. სწორედ აქ უნდა მიეღოთ არგონავტებს ოქროს საწმისი.

პოლონელმა მკვლევრებმა ბოლო წლებში საქართველოში არქეოლოგიური გათხრები გაააქტიურეს. ისინი ადგილობრივ პარტნიორებთან ერთად სხვადასხვა პროექტებს უძღვებიან, რომელთა მიზანიც საქართველოს შორეული წარსულის უკეთ გაცნობაა. ამ მხრივ ძალიან სასარგებლო აღმოჩნდა რამდენიმე წლის წინ, ქუთაისში გახსნილი პროფ. სტეფან კრუკოვსკის სახელობის პოლონურ-ქართული ინტერდისციპლინური კვლევითი ცენტრი, რომელიც პოლონური ინსტიტუტის მიერ არის მხარდაჭერილი.

2017 წლიდან, პოლონურ-ქართული არქეოლოგიური გუნდი, რომელსაც დოქტორი იაცეკ ჰამბურგი და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელი დოქტორი როლანდ ისაკაძე ხელმძღვანელობენ, ქუთაისის ყველაზე შორეულ წარსულს იკვლევს. საქართველოს სიდიდით მესამე ქალაქი ულამაზეს მდინარე რიონზეა გაშენებული. იქ თითქმის 150 000 ადამიანი ცხოვრობს.

გათხრები XI საუკუნეში მეფე ბაგრატ III-ის დროს აშენებული შუა საუკუნეების საკათედრო ტაძრის ირგვლივ მდებარე გორაზე ტარდება, რომელიც ქალაქ ქუთაისის მთავარი ღირსშესანიშნაობაა.

2023 წელს, იქ ადამიანის საოცრად ადრეული კვალი აღმოაჩინეს, დამახასიათებელი კერამიკით, ბრინჯაოს დანებით, კაჟისა და ქვისგან დამზადებული ისრებითა და შუბისპირებით, რაც ამ გათხრებისას ღრმა ფენებში ნაპოვნი არტეფაქტების მხოლოდ მცირე ნაწილია – თქვა National Geographic Polska-სთან საუბრისას იაცეკ ჰამბურგმა.

აღნიშნული ობიექტები ჩვენს წელთაღრიცხვამდე 1700-1200 პერიოდთ თარიღდება (შუა და გვიანი ბრინჯაოს ხანა). აქამდე, არქეოლოგებს ასეთი ძველი ნამოსახლარი ან არქეოლოგიური ობიექტი ქუთაისის შუაგულში არ უპოვიათ. პოლონურ-ქართულმა ექსპედიციამ კი ეს მოახერხა. 

ჯერ კიდევ 2019 წელს პოლონურ-ქართულმა კვლევამ ქალაქის უძველესი ნაშთების დათარიღება ძვ. წ. VIII/VII საუკუნიდან XIII/XII-მდე გადაწია, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ ტერიტორიაზე დასახლება დაახლოებით 3700 წლის წინ დაიწყო. ანუ, ქუთაისი მსოფლიოს უწყვეტად დასახლებული უძველები ქალაქების კატეგორიაში ხვდება. პოლონურ-ქართულმა კვლევამ საშუალება მოგვცა მნიშვნელოვნად დაგვეხვეწა ქალაქის წარმომავლობის დადგენა. 

წინა წლებში ამავე ექსპედიციის მიერ ჩატარებული კვლევებიდან დგინდება, რომ მეზობელი ბორცვები ბრინჯაოს ხანაშიც იყო დასახლებული. ამზადებდნენ ჭურჭელს, ქვისა და ლითონის ნივთებს. მოსახლეობას ერთ მხარეს კლდე იცავდა, ხოლო მეორე მხარეს – უზარმაზარი თხრილი.

როგორც დოქტორი ჰამბურგი განმარტავს, ძირითადად ადგილობრივი მეცნიერების დიდი ჯგუფი და თავად ქუთაისის მაცხოვრებლები აიდენტიფიცირებდნენ ქალაქს ძველ აიასთან, რომელიც აპოლონიოს როდოსელის ბერძნული პოემიდან, „არგონავტიკა“-დან არის ცნობილი. საუბარია ელინური არგონავტების ექსპედიციაზე ოქროს საწმისისთვის (ცხვარი ქრიზომალოსის ოქროს ტყავით), რომელიც ფრიქსესა და ჰელეს გაქცევაში დაეხმარა. ლაშქრობის საფუძველი არგონავტების მეთაურის, იასონის სურვილი იყო,  ბერძნულ თესალიაში ძალაუფლება დაებრუნებინა. ეს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ბერძნული მითია.

ნიშნავს თუ არა ახალი აღმოჩენები იმას, რომ ქუთაისი კოლხეთის მითიური მიწის დედაქალაქი იყო? – ჩემი მოკრძალებული აზრით, ყველა მითში არის სიმართლის მარცვალი. ეს შემთხვევაც არაა გამონაკლისი. თუმცა, ეს არის ძალიან რთული და სახიფათო კითხვა, რომელზეც მკაფიო პასუხი არ არსებობს. პასუხი შეიძლება ვერასდროს მივიღოთ. მე, როგორც მეცნიერი, სიფრთხილით უნდა მივუდგე ამ საკითხს, – ამბობს მკვლევარი.

დოქტორმა ჰამბურგმა განაცხადა, რომ არგონავტების კოლხეთში ჩამოსვლა დაახლოებით ძვ.წ. 1200 წლით თარიღდება. – საწყის ეტაპზე პრობლემას ის წარმოადგენდა იყო, ქუთაისში ასეთი ძველი დასახლების კვალი არ ჩანდა. ამით დაიხურა სამეცნიერო დისკუსია. ამჟამად სიტუაცია განსხვავებულია და უკვე რაღაც განსახილველია. ჩვენი კვლევა ადასტურებს, რომ ამ პერიოდში თანამედროვე ქუთაისის ტერიტორიაზე აყვავებული კოლხური დასახლება არსებობდა, რომელიც უზარმაზარი თხრილით იყო გარშემორტყმული, აღნიშნავს დოქტორი ჰამბურგი.

სწორედ მაშინ, დაახლოებით 3200 წლის წინ, მთელი კოლხეთის ხეობა, ქუთაისის ჩათვლით, სხვადასხვა ადგილობრივი ტომებით იყო დასახლებული. მათ ვიცნობთ, როგორც კოლხური კულტურის წარმომადგენლებს.

– თუმცა, ჯერჯერობით შეუძლებელია იმის თქმა, ზუსტად სად მდებარეობდა ლეგენდარული აია. მეცნიერთა დიდი ჯგუფის მიერ შემოთავაზებული ერთ-ერთი ლოკაცია ქუთაისია. კვლევა გრძელდება და ჩვენ უკვე ახალი გამოწვევებისთვის ვემზადებით – განაცხადა არქეოლოგმა.

ზოგიერთი მკვლევარი მიიჩნევს, რომ ლეგენდარული ქალაქი სხვაგან მდებარეობდა: მაგალითად, დღევანდელი თურქეთის აღმოსავლეთ ნაწილში. არიან ისეთებიც, რომლებიც ამტკიცებენ, რომ ის, დღევანდელ საქართველოს სხვა ნაწილში, შავ ზღვასთან უფრო ახლოს უნდა მოიძებნოს. გავიგებთ ოდესმე სად წავიდნენ მითიური არგონავტები?

არქეოლოგებმა გათხრებისას თიხის ფიგურებიც აღმოაჩინეს (II ათასწლეულის დასასრული და I ათასწლეულის დასაწყისი). მათზე სხვადასხვა ცხოველებია გამოსახული: ძროხა, ირემი და ხარი.

– ქართველი კოლეგები მათ საკულტო ფუნქციაზე მიგვითითებენ. როგორც ჩანს, ამ ბორცვს უძველესი დროიდან არაერთი რელიგიისა თუ კონფესიისთვის მნიშვნელოვანი დატვირთვა ჰქონდა, – ამბობს დოქტორი ჰამბურგი. თავად ტაძრის წარმოშობა, რომელიც დღესაც სახეზეა, დაახლოებით 1000 წლით თარიღდება. ის მნიშვნელოვანი ადგილია მართლმადიდებელი ქართველებისთვის.

შიმონ ზჯიებლოვსკის სტატია National Geographic-ის პოლონური გამოცემისთვის, გრიგოლ ჯულუხიძის თარგმანით.

წყარო: Krukowski Interdisciplinary Research Center 

Scheduled ისტორია მოვლენები სიახლეები